"მე ყველაზე ვაჟკაცი ძმა მყავდა"
რიგითი გიორგი ღუჭაშვილი 21 წლის იყო. მარტყოფში ჩასულს საზარელი სურათი დამხვდა - ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები 21 წლის ახალგაზრდას გლოვობდნენ. გიორგიმ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში წასვლა 3 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. იგი ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს... გიორგი ღუჭაშვილი მარტყოფში დედასა და ძმებთან ერთად ცხოვრობდა.
გიორგი ღუჭაშვილი, გარდაცვლილის ბიძა: მე დიდი გიორგი ღუჭაშვილი ვიყავი, ის - პატარა, მაგრამ აღარ მყავს ჩემი გიორგი. ჩემს ხელში გაიზრდა. ჩემი ძმა 3 წლის წინ გარდაიცვალა. იმ წელს გიორგიმ სკოლა დაამთავრა და პატარა ბიჭმა გადაწყვიტა, თავად ეპატრონა ოჯახისთვის. სკოლის დამთავრებისთანავე წავიდა ჯარში. ამით არჩენდა ოჯახს. სულ მირეკავდა, ყველაფერი კარგად არის და არ ინერვიულოო.
სოსო ღუჭაშვილი, გიორგის უფროსი ძმა: როცა გიორგიმ სამხედრო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, წინააღმდეგობა არ გამიწევია. გულჩათხრობილი იყო, ისიც არ უთქვამს, კონტრაქტის დასრულების შემდეგ აპირებდა თუ არა სამხედრო სამსახურში დარჩენას. მე ყველაზე ვაჟკაცი ძმა მყავდა.
ბექა გოგნიაშვილი, გიორგის მეგობარი: ორი თვის წინ წავიდა ავღანეთში. მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცოცხალი აღარ არის. მარტყოფის ცენტრში ვიყავი, როცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მანქანა გააჩერეს და მკითხეს, გიორგი ღუჭაშვილის სახლი სად არისო. ეს შემზარავი ამბავი მათ შეატყობინეს სოფელს და ოჯახს. ჯერ გვითხრეს, აფეთქება მოხდა და გიორგი ნანგრევებშიაო. მისი გადარჩენის იმედი გვქონდა, მაგრამ...
გიორგი ღვინიაშვილი, მეგობარი: როცა მირეკავდა, მეუბნებოდა, მალე დავბრუნდები და ერთად ვიცხოვრებთ კარგ ქვეყანაშიო, მაგრამ...
თამუნა ჩოხელი, გიორგის მამიდაშვილი: ბაზაზე, სადაც აფეთქება მოხდა, გიორგი რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანეს. ბოლო დღეებში ხშირად გვირეკავდა, ეტყობა, გრძნობდა რაღაცას. ბოლოს როცა დამირეკა, სახლში არ ვიყავი. სიმღერა უყვარდა და კარგადაც მღეროდა... ხალხი გვეუბნება, რომ გიორგი გმირია, რაც ოდნავ გვიმსუბუქებს ტკივილს... ბოლოს სკაიპით რომ ვესაუბრე, მითხრა, ერთი გოგო მომწონს, ჩამოვალ და აუცილებლად გაგაცნობო. ერთ თვეში შინ უნდა დაბრუნებულიყო. მგონი, დაოჯახება უნდოდა, მაგრამ ისიც კი არ ვიცით, ვინ მოსწონდა.
ლია ღუჭაშვილი, გიორგის ბიძაშვილი: როცა საკონტრაქტო სამსახურში წასვლა გადაწყვეტა, გვითხრა, მამის დაკარგვამ გული ძალიან მატკინა, ოჯახსაც დახმარება სჭირდება, ქვეყანასაც უნდა პატრონობაო და წავიდა. ძალიან უყვარდა მამა. სანამ ბიძაჩემი დაიღუპებოდა, სახლი აუშენა გიორგის. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ სწორედ ამ სახლში აპირებდა ცხოვრებას.
თამარ ბოჭორიშვილი