პუტინ & დუგინის "ენა ტკბილად მოუბარი" - რას გვიქადის ევრაზიის კავშირი და რატომ აღარ ვენდობით ნატოს? - კვირის პალიტრა

პუტინ & დუგინის "ენა ტკბილად მოუბარი" - რას გვიქადის ევრაზიის კავშირი და რატომ აღარ ვენდობით ნატოს?

"არ გვინდა ნატო! რატომ გვყავს ავღანეთში ყველაზე დიდი კონტინგენტი, როდესაც წლების განმავლობაში უარს გვეუბნებიან ნატოში მიღებაზე?" - ამგვარი მოთხოვნებით გამოვიდნენ საპროტესტო აქციებზე ჩვენი მოქალაქეები. მსგავსი კითხვები ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების შემდეგ ძალიან ბევრს გაუჩნდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ კი ეს კითხვები ალბათ კიდევ უფრო გახშირდება. პუტინის თქმით, რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების სრულად აღდგენას გეგმავს, თუმცა არსებობს წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც მიუღებელია ორივე მხარისთვის: ეს ტერიტორიული მთლიანობის საკითხია. ამ ფონზე კი, უფრო მეტი ყურადღება მიიქცია ოდიოზური რუსი პოლიტოლოგისა და სოციოლოგის ალექსანდრე დუგინის განცხადებამ: "თუ საქართველო ე.წ. ევრაზიის კავშირში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაერთიანდება, მაშინ საზღვრების საკითხი მნიშვნელობას კარგავს... ეროვნული სახელმწიფო არ გამოგივიდათ, ისევე როგორც არავის პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ, ვუბრუნდებით განვითარების სწორ მოდელს" - გვირჩევს დუგინი. პუტინისა და დუგინის განცხადებებსა და საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი ვთხოვეთ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს:

- პუტინმა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის შესახებ განცხადება ეს უკვე მეორედ გააკეთა. თუ პირველად რუსეთის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "წითელი ხაზის" გადაკვეთის გარეშე ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავდა, თავისი უკანასკნელი გამოსვლით მან აშკარა მინიშნება გააკეთა მისთვის მისაღებ გამოსავალზე - სეპარატისტულ რეგიონებთან ერთად საერთო სახელმწიფოს, კონფედერაციის შექმნაზე, რისი შანსიც, მისი თქმით, საქართველომ "სააკაშვილის შეცდომის შემდეგ ხელიდან გაუშვა". აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მან ახსენა სიტყვა შეცდომა, და არა დანაშაული, როგორც ადრე. პუტინი, ივანიშვილისგან განსხვავებით დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონეა და მისი თითოეული განცხადება დაშიფრულ გზავნილს შეიცავს. ამ შემთხვევაში აშკარა იყო შერბილებული ტონი. თანაც მან აფხაზებსა და ოსებსაც მიანიშნა, რომ მათი დამოუკიდებლობა უპირობო არ არის, როგორც ეს მაგალითად, აფხაზებს ჰგონიათ. საერთო ჯამში, შეფარულად მაგრამ პუტინმაც იმისკენ მოგვიწოდა, რისკენაც დუგინი მოგვიწოდებს ხმამაღლა - ევრაზიის კავშირისაკენ.

რაც შეეხება დუგინის განცხადებას, ეს ადამიანი არის კრემლის რუპორი და რასაც ხმამაღლა ამბობს, იმავეს ფიქრობს რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტიც. თუკი დარწმუნებული ვიქნებით, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება, მაშინ დუგინის წინადადება მიუღებელია, მაგრამ...

- ბატონო სოსო, არის თუ არა ევრაზიის კავშირის შექმნა საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა?

- საბჭოთა კავშირის აღდგენა არავის უნდა, თუნდაც იმიტომ, რომ რუსებს არ სურთ მოკავშირე რესპუბლიკებში 2 კაპიკი ღირდეს ელექტროენერგია და პრაქტიკულად უფასო - რუსული გაზი, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო. "ევრაზიის კავშირის" იდეაში საქართველოსთვის ყველაზე მაცდუნებელი, ანკესზე წამოგებული ჭიაყელას მგავსი რამ გახლავთ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დუგინიც წერს, რომ თუ საქართველო შევა ევრაზიულ კავშირში, მაშინ საზღვრები აღდგება იმდაგვარად, როგორც ადრე, საბჭოთა კავშირის დროს იყო. ამ ეტაპზე უკვე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უკრაინა და ყაზახეთი შევლენ ამ კავშირში და თუ საქართველოც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ უფრო ადვილი იქნება იქ სომხეთისა და აზერბაიჯანის შეყვანაც. აქვე იკვეთება ერთი მტკივნეული კითხვა - როდის მიიღებენ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში?

- ალბათ ამ საკითხის გადაუჭრელობის გამოც, ქვეყნის მოსახლეობის ერთ ნაწილში უკვე გაჩნდა ერთგვარი სკეპტიციზმი ნატოს მიმართ... "არ გვინდა ნატო!" - აცხადებენ ისინი...

ნატო როგორ არ გვინდა, მაგრამ გეკითხებით - ნატოს ვუნდივართ? სწორედ ამიტომ, სავსებით ლეგიტიმურია ის ეჭვი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ჩნდება ბრიუსელის მიმართ. წელი წელს მისდევს, მაგრამ ბრიუსელიდან მხოლოდ მხარზე ხელის მოთათუნება და გამამხნევებელი რიტორიკა გვესმის. ხალხს უკვე ნაკლებად სჯერა, რომ საქართველო უახლოეს წლებში ნატოს წევრი  გახდება. როგორ ფიქრობთ, ვიდრე მიგვიღებენ, რუსეთი გულხელდაკრეფილი დადგება და ლოდინს დაიწყებს, თუ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ იმედგაცრუებამ უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს?! სწორედ ამიტომ, მოსკოვი დროდადრო მკაცრ გამოცდას უწყობს დასავლეთს: 2008 წლის აგვისტოში შემოვიდა, დაგვბომბა, აგვაოხრა და დააკვირდა - აბა დასავლეთი რას იზამდა. როგორ მოიქცა დასავლეთი? - ერთ წელიწადში შეხვდა რუსეთის წარმომადგენლებს და ძველებურად აღდგა მათი კავშირები. ამ ეტაპზე, თუ დასავლეთმა მიაღწია იმას, რომ რუსეთს ჩვენს ტერიტორიაზე მავთულხლართები გააუქმებინა, ეს სიტუაციას გამოასწორებს, მაგრამ თუ ამ ყველაფერმაც "მშვიდობიანად" ჩაიარა, ნატოს მომხრეთა რიცხვი კიდევ უფრო მოიკლებს. მარტო განცხადებები, რომ საქართველოს ნატოში შესვლას რუსეთს არავინ ეკითხება, საქმეს ვერ შველის. როგორ არ ეკითხება? - ეკითხება! შემთხვევითი სულაც არ იყო მედვედევის განცხადება: აგვისტოს ომი იმიტომ დაიწყო, რომ საქართველო ნატოში არ შესულიყოო, ეს არ იყო ჰაერზე ნასროლი ფრაზა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეზობელი რუსეთია და არა სტრასბურგი, ან ბრიუსელი, ამიტომ ადეკვატური პოლიტიკა უნდა ავირჩიოთ. ბოლო ხანებში მოსკოვმა კოლოსალური საომარი ხარჯები გასწია, როგორ ფიქრობთ, ლიხტენშტეინის, ან ლუქსემბურგის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი მიმართული?  - არა, ბატონო, მისი მთავარი მოწინააღმდეგე ნატოა.

- ბატონო სოსო, ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ ავღანეთიდან ქართველი ჯარისკაცების ჩამოსვენების შემდეგ დასავლეთის მიმართ უნდობლობა კიდევ უფრო გაიზარდა...

- ეს სულაც არ არის გასაკვირი.  30 წელია დიპლომატიას ვსწავლობ და ასეთი რამ ჩემთვის უცხოა - ნატო გვეუბნება: გახდები ჩემი მოკავშირე, ოღონდ როდის, მე თვითონ არ ვიცი და ყველაფერი შენზეა დამოკიდებულიო. და ეს მაშინ, როცა ჩვენ თვალწინ ნატოში იღებენ ქვეყნებს, სადაც ჩვენთან შედარებით ყველა სფეროში უარესი მდგომარეობაა. სწორედ ამიტომ გაჩნდა უნდობლობა ნატოსა და დასავლეთის მიმართ. მეტი რა უნდა გავაკეთოთ? - ნატოს წევრ ქვეყანას - ისლანდიას, ავღანეთში მხოლოდ 2 ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი, ავსტრიას - 3, სლოვენიას - 38, ლატვიას - 27, საბერძნეთს - 5, უკრაინას - 24, ფინეთს - 112, ჩვენ კი - 1600. შეადარეთ ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა ამ ქვეყნებისას, შეადარეთ ჩვენი მსხვერპლი მათ მსხვერპლს და მიხვდებით, რომ ამ უნდობლობას სავსებით ლოგიკური საფუძველი და მიზეზი აქვს!

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)