"ტერორისტობაში ეჭვმიტანილმა მიკაილ კადიევმა ბიბლია ლამის ზეპირად იცოდა"(ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ტერორისტობაში ეჭვმიტანილმა მიკაილ კადიევმა ბიბლია ლამის ზეპირად იცოდა"(ექსკლუზივი)

"შსს-ს მიერ ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული პირები მიხეილ სააკაშვილის მფრინავის სახლში ცხოვრობდნენ~, - ამ ინფორმაციამ მთელი საქართველო მოიარა. შსს-ს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის თქმით დადასტურებულია, რომ კადიევს ნაცნობობა აკავშირებს ზაურ ქორთოშიძესთან და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქორთოშიძეების კუთვნილ ბინაში ცხოვრობდა. ჩვენ ძმებ ზაურ და შამილ ქორთოშაძეებს ავიაკომპანია "თუშეთში ვესტუმრეთ და ამ თემზე ვესაუბრეთ. ძმები აღნიშნულ საქმესთან კავშირს კატეგორიულად უარყოფენ.

ზაურ ქორთოშაძე, კომპანია "თუშეთის” დირექტორი:

- ვწუხვარ, რომ ნინო გიორგობიანი ასე ხელაღებით საუბრობს ამ თემაზე, კადიევთან ახლო ურთიერთობას მაბრალებს, მაგრამ ეს ყველაფერი მეც საინფორმაციო საშუალებით შევიტყვე. როდესაც გიორგობიანი ირწმუნება, თითქოს ასაფეთქებელი ნივთიერებები და იარაღი ჩემი ბინიდან იყო ამოღებული, სრული სიცრუეა.

- მიკაილ კადიევსა და რიზვან ომაროვს იცნობთ?

- კადიევს ვიცნობ, 2011 წელს გავიცანი. ყველაფერს დეტალურად გიამბობთ: - მამაჩემი წარმოშობით დაღესტნიდან არის. ერთ დღეს მამაჩემის ახლობელი ტელეფონით დამიკავშირდა, თბილისში, ჩემი მეგობრის შვილია, მოჭიდავე და "ფალავანთა კლუბში” ვარჯიშობს. ფინანსური პრობლემები აქვს და იქნებ ჩვენს ჩამოსვლამდე 100-150 დოლარი ასესხოო. კი ბატონო, მიეცით ჩემი ნომერი და დამირეკოს-მეთქი. ერთმანეთს ვაკეში, მეცხრე საავადმყოფოსთან შევხვდით. ახალგაზრდა, ჯანსაღი გამომეტყველების ბიჭი იყო, სპორტულად ეცვა, მიკის სახელით გამეცნო. გადავეცი ფული და დავემშვიდობე.

- ბოლოს როდის ნახეთ ?

- რამდენიმე თვის წინ, ნოემბერ-დეკემბერში, სულ სამჯერ მყავს ნანახი... მიკისგან ვიცი, რომ ლუკა კურტანიძე და სხვა მოჭიდავეები დაღესტანში ჩადიოდნენ საჭიდაოდ.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი თქვენი ბინიდან აიყვანეს...

- ეს მტკნარი სიცრუეა. ის ერთი თვის განმავლობაში ცხოვრობდა ჩემი შვილის ბინაში, მაგრამ შემდეგ შავი ზღვის ქუჩაზე მდებარე ბინა იქირავა, საიდანაც აიყვანეს კიდეც.

- საიდან იცოდით, რომ მამა გიორგისთან დადიოდა?

- როდესაც ჩემი შვილის ბინაში ცხოვრობდა, მოსანახულებლად ავედი, მაინტერესებდა, ვინ იყო და რას წარმოადგენდა. საუბრის დროს მივხვდი, რომ ჩვენს რელიგიაში კარგად იყო გათვითცნობიერებული. ბიბლია ლამის ზეპირად მომიყვა. მკითხა, იცით, სად არის დაცული ბიბლიის პირველი ორიგინალიო. ჩემდა სამწუხაროდ, რელიგიაში ცოტა მოვიკოჭლებ და არ ვიცი-მეთქი, ვუთხარი, - პირველი ხელნაწერი ორიგინალი ბიბლია სტამბოლის ეკლესიაში იმყოფებაო... ამასვე მოაყოლა, ვარჯიშიდან რომ ვბრუნდები, მეცხრე საავადმყოფოს წინ, ახლად აშენებულ ეკლესიაში დავდივარო. მახსოვს, მამა გიორგი ახსენა... როდესაც იქ შევდივარ, სულიერად ვისვენებო. მოძღვარიც გაოცებულია, რა კარგად ხარ ჩვენს რელიგიაში ჩახედულიო... ეს იყო და ეს.

- პრეზიდენტის მფრინავად მოგიხსენიებენ...

- ჩვენს ავიაკომპომანია "თუშეთს” აქვს ხელშეკრულება, რომელსაც ექსპლუატაცაში ჰყავს გადმოცემული ის შვეულმფრენი, რომელიც ქვეყნის პირველ პირს ემსახურება. იმავე ვერტმფრენით ედუარდ შევარდნაძეც გადაადგილდებოდა. ცნობისთვის, ავიაციაში 1983 წლიდან ვარ და ვემსახურებოდი ედუარდ შევარდნაძეს, ჯუმბერ პატიაშვილს, გივი გუმბარიძეს, ცხონებულ ზვიად გამსახურდიას, ისევ ედუარდ შევარდნაძეს და ბოლოს უკვე მიხეილ სააკაშვილს... მე მფრინავი ვარ, პოლიტიკოსი კი არა და ისინი ჩემი მგზავრები არიან. პატრიარქსაც ვემსახურები და მიწოდონ მაშინ პატრიარქის მფრინავიც... ამის გარდა, სხვა ურთიერთობა პრეზიდენტთან არასდროს მქონია. მას ჩემი შვილი არ მოუნათლავს და არც მე მომინათლავს მისი შვილი, მათგან განსხვავებით. ანდრო ბარნოვმა კი იმდენი უნდა იცოდეს, რომ ქისტი არ ვარ. მამის მხრიდან მაქვს დაღესტანთან კავშირი, მაგრამ მე საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ვარ. დიახ, დედაჩემის გვარზე ვართ, რადგან საქართველოში ცხოვრება ვარჩიეთ.

შამილ ქორთოშიძე, ზაურის ძმა:

- მეცინება, როდესაც პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვად მოგვიხსენიებენ. თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ბაზის მეთაური ვიყავი და მასთან დაახლოებული რომ ვყოფილიყავი, იქიდან არ გამიშვებდნენ.

- ვისი მინისტრობის დროს გაგათავისუფლეს?

- ბაჩანა ახალაიას... ჯერ ბურჯანაძესა და ბიწაძესთან დამაკავშირეს, შემდეგ როგორც იქნა დარწმუნდნენ, რომ მათთან არაფერ შუაში არ ვიყავით, მაგრამ ახლა თურმე სააკაშვილის უახლოესი გარემოცვა ვყოფილვართ...… ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდგომ, სასაზღვრო ავიაციის აღდგენას აპირებდნენ, რომლის უფროსადაც უნდა დავენიშნეთ, მაგრამ შემდეგ ითქვა, მაგას იქ ვინ დანიშნავს, მიშას გარემოცვაშიაო... ვეღარ გავიგე, ვის გუნდში ვართ... არ არის ასე, მე და ჩემი ძმა ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ ქვეყანას ვემსახურებით. არც აფხაზეთის ომის დროს გავმდგარვართ განზე და არც სხვა დროს. აფხაზეთის ომში ძმა დავკარგეთ. ტერორისტები რომ ვყოფილიყავით, სამივე ძმა ომში არ წავიდოდით. სხვებისგან განსხვავებით, პარლამენტარების შვილებს ვგულისხმობ, სადღაც გუგუნი რომ გაუდიოდათ, ჩვენ არანაირ მოვალეობას არ გავქცეულვართ და ქართველობას ვერავინ გვასწავლის... ასე უნდა დაფასება? ამხელა ტალახს არ ვიმსახურებთ!..

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

TOP.GE