ირაკლი წერეთელი: "ირაკლი კაკაბაძე რუსეთის პირწავარდნილი აგენტი და გაიძვერაა"
"გაერთიანდეს ერი ჩემ გარშემო და დიდი სიამოვნებით ვიქნები აქტიური ოპოზიციონერი"
"ჯანმრთელობა კარგია, მაგრამ სამშობლო ითხოვს თავგანწირვას!" - რამდენიმე "სასიცოცხლო მნიშვნელობის მოთხოვნით" შიმშილობას იწყებს პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი. კონკრეტულად თუ რა მოთხოვნები აქვს, ამის შესახებ ის ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს...
- ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია საქართველოში არსებული ვითარება. ეს ეხება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, მორალურ, სამხედრო, ტერიტორიულ და ეთნო-პრობლემებს. ცხადად ვხედავ, რომ ქართველი ერის ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რადგან თანდათან რუსეთის სივრცეში ვბრუნდებით და ამერიკასა და დასავლეთს ვშორდებით. ჩემთვის მიუღებელია დღევანდელი მშიშარა ხელისუფლების კაპიტულანტური პოლიტიკა, მათი აგენტურული მმართველობის სტილი... რაღა დროს ჩემი ჯანმრთელობაა, ჭირსაც წაუღია ჩემი თავი, თუკი სისხლით მოპოვებული ქართული სახელმწიფო აღარ იარსებებს.
- თქვენ რატომ არ აქტიურობთ?
- რომ ვაქტიურობ, იმიტომაც ვიწყებ შიმშილობას... სამწუხაროდ, არ მყავს მრავალრიცხოვანი და აქტიური პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ძლიერ ოპოზიციას შექმნიდა. ოპოზიციონერობა დღეს ყველას უნდა, მაგრამ ძირითადად პრორუსული ძალები აქტიურობენ... რატომ არ აქტიურობო, მეკითხებით, გაერთიანდეს ერი ჩემ გარშემო და კი ბატონო, დიდი სიამოვნებით ვიქნები აქტიური ოპოზიციონერი. მერე ვანახვებ, როგორი იქნება გრანდიოზული და შედეგის მომტანი, საჯარო, მასობრივი პოლიტიკა, რომელსაც ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვაწარმოებ... ჩემთვის დახურულია პრესა და მასმედია, ამასთან ერთად განვიცდი მატერიალურ ხელმოკლეობას...
- რატომ არის დახურული პრესა და მასმედია, გააქტიურებისთანავე ხომ დაგიკავშირდით...
- თქვენს გამომცემლობაზე არ ვსაუბრობ, ზოგადად ვამბობ. დამითმონ ერთი ობიექტი, ტელევიზიას ვგულისხმობ, ერთი წლის განმავლობაში და ვანახვებ, რასაც ვიზამ...
- ახალი ხელისუფლება ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობა მოაწესრიგოს და დაალაგოს.
- არაფერი შედეგი მათ მცდელობასა და ფაფხურს არ მოჰყვება. ეს ხელისუფლება არის რუსეთის მარიონეტი, რომელიც უსინდისოდ ატყუებს ხალხს, რომ ნატოში გაწევრება უნდათ. ის ხელისუფლებაც უსინდისოდ იტყუებოდა. ვიღაც უნდა გამოჩნდეს, რათა საზოგადოება გამოაფხიზლოს, ჩემი თავგანწირვის მიზეზიც ეს არის.
- პუტინმა განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ნამდვილი ქართველია...
- ამის მიზეზი პატრიარქის რბილი და ლოიალური ხასიათია. ეს არ არის რუსეთის მიმართ ღირსეული დამოკიდებულება. ურთიერთობის მოგვარება ყველასთან აუცილებელია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივი ინტერესების, ტერიტორიებისა და თავისუფლების დათმობის ხარჯზე. რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით არანაირი შემხვედრი ნაბიჯები არ ჩანს. ის არის დამპალი იმპერია, რომელიც უნდა დაინგრეს და ჩემი შიმშილობის მოთხოვნაში, ერთი პუნქტი ამერიკული ჯარების საქართველოში შემოყვანაც არის.
- ავღანეთში მომხდარ ტრაგედიას ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ერთი ნაწილის თქმით, იქ მყოფი ქართველი ჯარისკაცები ოკუპანტები არიან და არა სამშვიდობოები...
- მე ვიყავი იმ ბიჭების პანაშვიდზე და ჩემი დიდი გულისტკივილიც გამოვთქვი... ვინც მათ ოკუპანტი უწოდა, ყველა იდიოტი და უნამუსოა. მაინც რომელმა ჭკუათმყოფელმა უწოდა ოკუპანტი?
- არაერთმა, მათ შორის პუბლიცისტმა ირაკლი კაკაბაძემ...
- ირაკლი კაკაბაძე არის რუსეთის პირწავარდნილი აგენტი და გაიძვერა. ამას როგორ ლაპარაკობს პატრიოტ ქართველ ბიჭებზე... ზუსტად ასე დაწერეთ, ყველა, ვინც იქ მყოფ ბიჭებს ოკუპანტს უწოდებს, რუსეთის აგენტია. ოკუპანტი ჰქვია ისეთ ჯარისკაცს, რომელიც ამა თუ იმ მიწაზე მოსახლეობის ნების წინააღმდეგ იმყოფება. ქართველი ბიჭები იქ ავღანეთის ლეგიტიმური ხელისუფლების მიწვევით არიან.
- უვადო შიმშილობას აცხადებთ?
- არა, უვადოს არა, მაგრამ ეს იქნება გამაფრთხილებელი შიმშილობა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდება...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)