"ასეთი ფაქტების შესახებ არაფერი ვიცოდი"
"მეც რომ ვიყო ამის ჩამდენი, უნდა ვაგო პასუხი"
"დაუშვებელია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრს ერთ ქვაბში ხარშავენ", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თბილისის ყოფილმა პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა.
- ბატონო გიორგი, როდესაც პრეზიდენტი და შს მინისტრი აცხადებენ, არ ვიცოდით თუ ადამიანებს აწამებდნენო, დაჯერება უჭირს საზოგადოებას. ასევე წარმოუდგენელია, 12 888 ფაილი ისე შეიქმნას რომელიმე სტრუქტურაში, რომ ხელმძღვანელმა არაფერი იცოდეს.
- მე და ჩემს თანაგუნდელებს გვინდა ჩატარდეს გამოძიება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. ძალიან ცუდია, როდესაც ჩვენი ხელისუფლების ყველა წევრს ერთი საზომით ზომავენ.
8 წლის წინ, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, პოლიციის ყველა განყოფილებაში იყო წამებაც, ცოცხიც და სხვა რამეებიც. 4 წელი თბილისის პროკურორი ვიყავი და არაერთი პოლიციელი მიმიცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმისათვის, რომ ასეთი ფაქტები აღმოგვეფხვრა.
შევარდნაძის პერიოდში ადამიანები წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან, მაღალი სართულებიდან მოფრინავდნენ. 8 წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვიბრძოდით ამის აღმოსაფხვრელად. ვინც ასეთ საშინელებებს სჩადის, მანიაკებად ვთვლი. მეც რომ ვიყო ამის ჩამდენი, უნდა ვაგო პასუხი. ჩემი შვილიც თუ ჩაიდენს ასეთ სისაძაგლეს, ისიც უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად.
პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, შს მინისტრ ღარიბაშვილს ურჩევნია, გამოძიების შედეგები წარმოგვიდგინოს. გვითხრან, ვინ ავალებდა ამ ადამიანებს ასეთი საშინელების ჩადენას? ვინც უნდა იყოს, ვინც ასეთ დავალებებს იძლეოდა, ისიც და შემსრულებელიც უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
- პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ამგვარ საქმეებში მონაწილეობდნენ დავით ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა, რომლებიც არ იყვნენ შეუმჩნეველი ფიგურები.
- მთავარი პროკურორის მოადგილე უჩინარი ნამდვილად ვერ იქნება, მაგრამ რატომ გამორიცხავთ, რომ პრეზიდენტმა არ იცოდა, თუ ვინმე ადამიანებს აწამებდა.
- პროკურატურის მაღალჩინოსანი ბრძანდებოდით და არ იცოდით, რომ ასეთ დანაშაულს სჩადიოდა მთავარი პროკურატურის მოადგილე და კუდ-ის მაღალჩინოსანი?
- პროკურატურაში 2007 წლამდე ვიყავი და მერე პოლიტიკაში წავედი. პროკურატურაში მუშაობის პერიოდში ასეთი ფაქტების შესახებ არაფერი ვიცოდი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი პოლიციელია მიცემული პასუხისგებაში ნარკოტიკის ჩადებაზე, ცემასა და წამებაზე, როდესაც ქალაქის პროკურორი ვიყავი. ჩვენი გუნდიდან ბევრმა არაფერი იცოდა ამ უმსგავსობის შესახებ. ამ სისაძაგლის ჩამდენი ჩხატარაშვილია თუ ღვინიაშვილი, უნდა დაისაჯოს.
- უმცირესობა რა აუცილებლობის გამო ითხოვს საპარლამენტო კომისიის შექმნას, გამოძიებას არ ენდობით?
- ამ ფაქტებს ვგმობ, მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა აწამონ, მაგრამ არასწორად მიმაჩნია ის პოლიტიკური განცხადებები, რაც დღეს კეთდება. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა არ მჭირდებაო. ჩვენ თანახმა ვართ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, სადაც იმუშავებენ ის პირები, ვისაც სათანადო გამოცდილება აქვთ. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ, ერთად გავარკვიოთ, რა ხდებოდა და მოვითხოვოთ ამ პირთა პასუხისგებაში მიცემა. თუმცა ვხედავთ, რომ ხელისუფლებას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ურჩევნია რაღაცების გადასაფარად.
- სააკაშვილის ხელისუფლების უდიდეს დანაშაულად მიიჩნევა ქუჩაში პოლიციელების მიერ ასზე მეტი ახალგაზრდის დახოცვაც. როცა ეს ხდებოდა, თქვენ იყავით თბილისის პროკურორი და ამ საქმეებზე გამოძიებას კითხვები აქვს თქვენთან.
- რამდენჯერმე დამიბარეს პროკურატურაში, მაგრამ დეპუტატებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ წინ და უკან არ გვევლო პროკურატურაში. მზად ვართ, გინდ ჩვენი პარტიის ოფისში, გინდ პარლამენტში გამოძიების ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. მე ვარ ადამიანი, ვინც რობაქიძის მკვლელი დაიჭირა. ეს საქმეც გამოძიებულია და სხვა საქმეებიც. თუ გიორგი ღვინიაშვილი დამნაშავეა, მზად ვარ, პასუხი ვაგო. თუ ვინმესთვის ტრაგედია იყო გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობა, ერთ-ერთი პირველი მე ვარ. მე, ქალაქის პროკურორმა, ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მომეხდინა რეაგირება ამ საქმეებზე და ხელი არავისთვის დამიფარებია. ყველა სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაშია და ნახონ.