გიორგი თარგამაძე: -ივანიშვილის მემკვიდრედ "დანიშვნის" ყველაზე მეტი შანსი ღარიბაშვილს აქვს, ვასაძე მას კონკურენციას ვერ გაუწევს - კვირის პალიტრა

გიორგი თარგამაძე: -ივანიშვილის მემკვიდრედ "დანიშვნის" ყველაზე მეტი შანსი ღარიბაშვილს აქვს, ვასაძე მას კონკურენციას ვერ გაუწევს

პრემიერ-მინისტრის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის განცხადებამ საზოგადოება გააოცა. კოალიციის წევრთა ერთი ნაწილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს დაბნეული ხსნიდა, ზოგმაც დელიკატურად "ისურვა", დარჩენილიყო... პრემიერ-მინისტრის განცხადებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე რამდენიმე ფაქტორით ხსნის და ბიძინა ივანიშვილს ძველ დაპირებებსაც ახსენებს.

- ერთი შეხედვით, მოულოდნელი არაფერი უთქვამს, ორი წლის წინ, თავისი სტრატეგიული გეგმა კალენდარულადაც ამდაგვარად მოხაზა. საზოგადოების ნაწილისთვის ეს განცხადება მოულოდნელი იყო, რადგან მისია, რომლის განხორციელებასაც მისგან ელოდებიან, ორად არის გაყოფილი: პირველი - დღე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პირამიდის მთავარი სახე, ფორმალურადაც აღარ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ მეორე ნაწილი იმ სოციალურ, ეკონომიკურ მოლოდინს უკავშირდება, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს. ასევე, ცნობილი დაპირება საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარების თაობაზე. ყოველივეს შესრულება კი სამ-ოთხ თვეში ნამდვილად შეუძლებელია. პრემიერ-მინისტრმა თქვა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც წასვლას გადავწყვეტ, ქვეყანაში უკვე მდგრადი პოლიტიკური სისტემა იქნება დამკვიდრებული და ეკონომიკის განვითარების ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყება, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრად დარჩენის მიზეზი არც კი იარსებებსო... ღმერთმა ქნას, მისი ნათქვამი გამართლდეს, მაგრამ ეს უფრო კეთილ სურვილს ჰგავს, რადგან რამდენიმე თვეში ამის გაკეთება თეორიულადაც კი შეუძლებელია... ეს განცხადება მისი გუნდისთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ.

- საზოგადოებაში ოთხი სავარაუდო შემცვლელი სახელდება: დავით უსუფაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი და ლევან ვასაძე...

- ვეთანხმები სპეციალისტთა აზრს, რომლებიც ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ. იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი იმხელა პატივს სცემს ქართულ საზოგადოებას, რომ ერთპიროვნულად კი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ღარიბაშვილს დანიშნავს, თუ სხვა ვინმეს, იმსჯელებს, კონკურენტებს თვალს გადაავლებს და ასე აირჩევენ სასურველ ადამიანს. თუ ასე არ მოხდა, ეს იქნება, არასწორი, არასერიოზული და არადემოკრატიული... ამ შემთხვევაში კი ყველაზე მეტი შანსი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის პრემიერის ნდობით აღჭურვილი პირია. მასთან შედარებით სხვებს ნაკლები შანსი აქვთ, თუნდაც ვასაძეც კი ვერ გაუწევს კონკურენციას.

ისე კი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა, კი განაცხადა, მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარება მინდაო, მაგრამ რეალურად შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ მიგვიღია...

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ დღესაც დაუბალანსებელი პოლიტიკური სისტემა გვაქვს, ერთი ადამიანის რესურსებსა და გავლენაზე დამოკიდებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი და შესაძლოა ივანიშვილი მართლაც ფიქრობს, რომ "ნაციონალების" ჩამოშორების შემდეგ რეალური და ჯანსაღი პოლიტიკური, დემოკრატიული პროცესი განვითარდება, სადაც პოლიტიკურ პარტიებს განვითარებისთვის თანაბარი პირობები ექნებათ.

- თავის დროზე მან დაასახელა კონკრეტული პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, ვისთანაც ითანამშრომლებდა, მათ შორის არ იყო "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". რით ახსნით ამას?

- ამას აქვს როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები, - მასზე (და არა მხოლოდ) იმოქმედა პირადად ჩემი და ჩემი გუნდის წინააღმდეგ წარმოებულმა კამპანიამ, რომელსაც ჩვენ სათანადო პასუხი ვერ გავეცით. მიზეზი, ერთი მხრივ, ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომები იყო, რადგან გვეგონა, რომ საზოგადოება ამ ცილისწამებას ასე ადვილად არ დაიჯერებდა, არადა მთელი ცილისწამება ორ-სამ ჭორზე იყო აგებული. მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილისა და კოდუას საუბრის ჩანაწერის სიტორია, რომელიც შემდეგ გენპროკურატურას ჩაუვარდა ხელში და პოლიტიკურ პროცესზე დიდი გავლენა იქონია. მე მაშინ გამოძიება უნდა მომეთხოვა, რათა დადგენილიყო, რა გარემოებებში მოხდა ამ ჩანაწერების გავრცელება და რამდენად კანონიერი იყო სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული მიყურადება, როგორ აღმოჩნდა სამართლადმცველების ხელში და სხვ. ახლა დადგა დრო, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს და ჩვენ მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ღირსება და რეპუტაცია შეელახა, საზოგადოებას კითხვები არ ჰქონდეს. ამას დაჟინებით მოვითხოვ.

- აღნიშნეთ, რომ "დროებაში" მუშაობის დროს, სანდრო გირგვლიანის მსგავს შემთხვევასთან გქონდათ საქმე...

- დიახ, ეს იყო სანდრო გირგვლიანის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე. პეკინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "კონტინენტალში" თუ "ინტერკონტინენტალში" - იმავე ადამიანებმა, ვინც გირგვლიანის მკვლელობაში მონაწილეობდა, სასტიკად სცემეს ერთი ბიჭი, არ მოუკლავთ, მაგრამ დაუნდობლად იყო ნაცემი... მაშინ ვცადე, მისი ოჯახის წევრებისა და თავად იმ ადამიანის დახმარებით, ფაქტები მოგვეპოვებინა და სიუჟეტი მოგვემზადებინა, მაგრამ უარი მივიღე, ყველამ უარი გვითხრა... მაშინ ამ ადამიანებს ამაზე რომ ესაუბრათ, ეს პრევენციული ზომა იქნებოდა იმისთვის, რათა მსგავსი რამ არ მომხდარიყო, თუმცა კი ეს ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნებოდა, როგორც იმ იჯახის, ისე ჩვენი მხრიდან. ისე კი, იმ მძიმე პერიოდშიც, ჟურნალისტის პატიოსან და თავგანწირულ საქმიანობას აზრი ჰქონდა, რადგან მაშინ ჩვენ მიერ 2006 წლის მარტში, ვერსიის დონეზე მოპოვებული ინფორმაცია, მთლიანად ემთხვევა ახლა სამართალდამცველების მიერ წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მაგრები ვიყავით, უბრალოდ, ყველაზე მძიმე რეჟიმის დროსაც, ჟურნალისტურ საქმიანობას აზრი აქვს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)