ნოვოდვორსკაია - ვანიჩკა მერაბიშვილის ციხეში ჩასმისათვის მწარედ მოგეკითხებათ!
რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ერის მისამართით მორიგ მიმართვას ავრცელებს:
”თქვენთან ყველაფერში დასავლეთია დამნაშავე: არ გაჭამათ, არ ჩაგაცვათდა დაგახურათ - ასეთი ისტორიული განწყობა გაქვთ. არადა, იმაში, რაც თქვენს ქვეყანას დაემართა, პირველ რიგში, თავად საქართველოა დამნაშავე. რუსეთიც, რა თქმა უნდა, თუმცა რუსეთი ამისთვის პასუხს აგებს და უკვე ზღავს კიდეც, რადგან საცოდავ, დაწყევლილ ქვეყანად გადაიქცა, რომლის მაცხოვრებელთა 80 პროცენტი სხვა ქვეყნების მოსახლეობას შენატრის. აი თქვენი ქვეყანა კი, როგორც ქალი, ისე უნდა უმკლავდებოდეს მისი ღირსების შებღალვის მოსურნეებს და არ ურიგდებოდეს მოძალადეს, მით უმეტეს, რომ ძალით რუსეთისაკენ არავინ მიგათრევდათ და გექაჩებოდათ. რისი იმედი ჰქონდა ღვთისგან ხსნილ ქართველ ერს? იმისა, რომ შეერთებული შტატები ჩააცმევდა, აჭმევდა, სამუშაოს მიცემდა - ერთი სიტყვით, ასე გეგმავდნენ ჰოლანდიის ან ლუქსემბურგის მსგავსი მდგომარეობის მოპოვებას. არადა, ამისთვის საჭიროა მუშაობა, მუშაობა და მოთმინება, იმიტომ რომ ერთბაშად ეს არ გამოდის. 70 წლიანი უსაქმურობა ერთ დღეში არ იკურნება. კი, დაუქნიეთ თავი სააკაშვილს, კი, მხარი დაუჭირეთ მას, მაგრამ ძალზე სულმოკლეები აღმოჩნდით და ვერ გაუძელით რეფორმის მძიმე პერიოდს, ამის ნაცვლად იმპერიის ფრთების ქვეშ მაძღრად ჯდომა არჩიეთ და ივანიშვილის იმედზე ყოფნა, რომელმაც ვიღაცეებს რაღაც დაურიგა, ვიღაცეებს რაღაც დაპირდა და მის წინააღმდეგ ეკლესიამაც კი დაყარა ფარხმალი და ყველასთან ერთად მისი აგიტირება დაიწყო. ამერიკელებმაც კი შეიგნეს - დახმარება დახმარებაა, რჩენა კი საბჭოთა ხელისუფლების მეთოდიაო. საბჭოთა ხელისუფლება ვის აღარ ინახავდა - ზოგ აფრიკულ რეჟიმსაც კი. საქართველო სირცხვილით უნდა იხსენებდეს იმ პერიოდს, როდესაც მათ უხდიდნენ იმისთვის, რომ საბჭოთა კავშირიდან არ გამოსულიყვნენ, უხდიდნენ დუმილისათვის, მორჩილებისათვის, აძლევდნენ სამუშაოებს პლიაჟზე... მაგრამ არა, თქვენ აირჩიეთ ივანიშვილი და ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ამ გამცემლობის, ამ კომპრომისისათვის მწარედ ზღავთ. ზღავთ იმისთვის, რომ მიატოვეთ ისინი, ვისაც თქვენი დახმარება სურდა, იმისთვის, რომ ვანიჩკა მერაბიშვილი ციხეში ჩასვით, იმისთვის, რომ მიაფურთხეთ რეფორმის იდეას. პუტინი აქებს ქართულ ოლიმპიურ კომიტეტს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღებისთვის, ოლიმპიადაში, რომელიც თქვენივე ქვეყნის ოკუპანტებმა მოგიწყვეს - აი, ამისთვისაც მწარედ მოგეკითხება, ქართველო ერო. და დასავლეთის დადანაშაულებას ნუ დაიწყებთ, ვითომდაც მან რუსეთს შეგატოვათ, არ დაგიცვათ და არ დაიპყრო რუსეთი და ჯარები არ ჩაგიყენათ საზღვრების დასაცავად. მათ უკვე საკმაო ფული დაგახარჯეს და რა მიიღეს სანაცვლოდ? საქართველოს მიათრევენ უკან დსთ-ში და ის წინააღმდეგობასაც კი არ უწევს. ასე, რომ დასავლეთს ნურაფერს დააბრალებთ, დააბრალეთ მხოლოდ თქვენს თავს - თქვენ კი არ მიგატოვათ დასავლეთმა, თქვენ მიატოვეთ დასავლეთი!” - აცხადებს ნოვოდვორსკაია.