"კბილაშვილი საპროკურორო კაცი არ არის, სულით-ხორცამდე, ბუნებით ადვოკატია" - კვირის პალიტრა

"კბილაშვილი საპროკურორო კაცი არ არის, სულით-ხორცამდე, ბუნებით ადვოკატია"

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ხელისუფლება, აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო, თვით პრემიერ-მინისტრიც კი უკმაყოფილოა მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებით ბედუკაძესთან დაკავშირებით, არჩილ კბილაშვილი პრინციპულად არ აპირებს, გადაწყვეტილებას გადახედოს. დაარღვია თუ არა კანონი კბილაშვილმა, იყო თუ არა ბედუკაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება შეცდომა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს პროკურორის მიერ პრემიერის მითითების უგულებელყოფას, ამის შესახებ ექსპერტი კახა კახიშვილი გვესაუბრება.

- ბატონო კახა, დაარღვია თუ არა კანონი კბილაშვილმა, როდესაც ბედუკაძე სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გაათავისუფლა?

- ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მარტო კბილაშვილზე მსჯელობენ, მე კი ძალიან მაინტერესებს, რატომ არავინ მოითხოვს იმ მოსამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც კბილაშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა? არანაკლებ საინტერესოა, რატომ გამოიჩინეს ლმობიერება იმ 11 პირის მიმართ, რომლებიც კარანტინის დაშლის კადრებში ჩანდნენ და რომლებიც პატიმრების წამებაში ამხილეს? ვითომ მწამებლების მიმართ გამოტანილი ლმობიერი განაჩენი იმით არის განპირობებული, რომ პროკურატურამ მათთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა? კბილაშვილი ამბობს, რომ ბედუკაძემ მოიპოვა წამების ამსახველი კადრები, რომლებიც საზოგადოებას ანგარების გარეშე გადასცა და ამით ფაქტობრივად პატიმრების წამება დაასრულა. კარგი, მჯერა, მაგრამ 11 მწამებელს რა დამსახურებისთვის შეუმსუბუქეს სასჯელი?

- პროკურატურა გვარწმუნებს, რომ მათაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან.

- მაშინ სადაა ამ ბრალდებულების ჩვენების საფუძველზე გახსნილი საქმეები? ფაქტი ერთია, სახეზეა სისტემური დანაშაული და ჯოხი მხოლოდ ერთ ადამიანზე, დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე, დავით ჭაკუაზე გადატეხეს. ისიც მიმალვაშია და ვერ იჭერენ. საინტერესოა, რატომ არ დგება სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების, მინისტრების - კალმახელიძისა და შაშკინის პასუხისმგებლობის საკითხი? მეც და საზოგადოების დიდი ნაწილიც დარწმუნებული ვართ, რომ ამ ადამინებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში. თუ არ იცოდნენ, მაინც დამნაშავეები არიან. მაშინ მათ გულგრილობის გამო უნდა წარუდგინონ ბრალი. წესით, იმ პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, რომლებიც სასჯელაღსულებას პროკურატურიდან ზედამხედველობდნენ. ბრალდებულები და მათი ადვოკატები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ციხეში ძალმომრეობასა და სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი. "ნაციონალები" ამის მოსმენისას მხოლოდ იცინოდნენ და ირონიულ განცხადებებს აკეთებდნენ. ასე რომ, დღეს კბილაშვილს კი არ უნდა უსვამდეს კითხვებს "ნაცელიტა", არამედ კბილაშვილს უნდა დაესვა კითხვები მათთვის. რადგან კბილაშვილმა ამას თავი ვერ გაართვა, ახლა იმიტომაც არიან ასეთ დღეში.

- ეს კბილაშვილის სისუსტეზე ხომ არ მეტყველებს?

- რა გითხრათ. სულ ცოტა ხნის წინ ბატონმა არჩილმა განაცხადა, რომ ბედუკაძეზე უარესი დამნაშავეები დღეს ისევ თანამდებობებზე არიან, ზოგიერთი მათგანი დაწინაურდა კიდეცო. მთავარი პროკურორისგან ასეთი განცხადების გაკეთება ძალიან უცნაურია. ეს რიგით მოქალაქეს რომ ეთქვა, სრულიად დავეთანხმებოდი, მაგრამ როდესაც პროკურორი ამბობს, - დანაშაულში ეჭვმიტანილები ისევ თანამდებობებზე არიანო, ძალიან უცნაურია.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ კბილაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებითა და მიღებული გადაწყვეტილებებით ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია ხდება?

- მე ვფიქრობ, რომ კბილაშვილი ხელისუფლების დისკრედიტაციას შეგნებულად არ ახორციელებს. მან საბედისწერო შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც პროკურატურაში ძველი კადრები ანუ ის ადამიანები დატოვა, რომლებიც წლების განმავლობაში სისტემურ დანაშაულში მონაწილეობდნენ. უფრო მეტიც, ეს ხალხი დააწინაურა კიდეც. ცხადია, ადეიშვილის გარემოცვის წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ ახალი პროკურორი შეცდომაში შეეყვანათ.

- კბილაშვილის მიერ პრემიერის მითითების უგულებელყოფას როგორ ახსნით?

- იცით, რაშია საქმე? კბილაშვილს ძალიან რომ ნდომოდა გადაწყვეტილების შეცვლა, მაინც ვერ შეცვლიდა, რადგან მოქმედი კოდექსის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელია. შესაძლოა, დღეს ბატონი არჩილი ნანობს კიდეც ამ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ უკვე ვეღარ შეცვლის.

- როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კოალიციაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც კბილაშვილის გადაწყვეტილებას ეთანხმება. გახდება თუ არა კბილაშვილისთვის ბედუკაძის საქმე საბედისწერო?

- კბილაშვილის თანამდებობის, ისევე როგორც ყველა მინისტრის თანამდებობის, მიმართ დიდი ინტერესია კოალიციაშიც და პოლიტიკოსებშიც, რადგან ნებისმიერი თანამდებობა, განსაკუთრებით მინისტრის და მთავარი პროკურორის, მიმზიდველია იმ პოლიტიკური გუნდისთვის, რომელიც ხელისუფლებაშია. კოალიცია არ არის ერთპარტიული და ბუნებრივია, ყველა პოლიტიკურ პარტიას სურვილი აქვს, საკუთარი თავი გაიძლიეროს, უფრო სერიოზული პორტფელი ეკავოს ხელში მისი პარტიის წევრს. კბილაშვილის გათავისუფლებას კოალიციაში ბევრი ნატვრით ელოდება, ისიც ცხადია, რომ ეს ადამიანი საპროკურორო კაცი არ არის, სულით-ხორცამდე, ბუნებით ადვოკატია. ამის მიუხედავად, არა მგონია, რომ ამ ეტაპზე კოალიციაში მისი მოხსნის საკითხი განიხილებოდეს. ალბათ იცით, რომ მთავარ პროკურორს პრეზიდენტი ნიშნავს. ახლა რომ კბილაშვილი გადადგეს, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ახალ პროკურორს აღარ დანიშნავს, უფრო სწორად, გააჭიანურებს. არჩევნები ოქტომბერშია დანიშნული. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად კენჭის ყრის დღემდე ერთი თვით ადრე უმაღლესი თანამდებობის პირების მოხსნა ან დანიშვნა აკრძალულია. აქედან გამომდინარე, თუ ახლა კბილაშვილი გადადგება, ჩვენ პროკურორი ნოემბრის შუა რიცხვებამდე აღარ გვეყოლება. ასე, რომ ვინც კბილაშვილის გადადგომას მოითხოვეს, მას პოლიტიკური გათვლები ალაპარაკებს.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)