"არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი"
რა როლს შეასრულებს თანასწორობის დაცვის ინსპექტორი?!
"მე არასდროს მქონია იმის ილუზია, რომ "ნაციონალები" ოდესმე გამოსწორდებიან"
"არიან პროკურორები, რომლებიც თავიანთი წარსული საქმეების გამო არ უნდა მუშაობდნენ სამართალდამცველ სტრუქტურებში"
"წამების აკრძალვიდან გადახვევა მაშინაც არ შეიძლება, როდესაც ქვეყანაში ომია"
ოპონენტები პრეზიდენტ სააკაშვილის კატეგორიულ მოთხოვნას, სასწრაფოდ ხელმოსაწერად მიართვან მთავარი პროკურორის გადაყენების შესახებ დოკუმენტი, მისი რეალობის შეგრძნების კიდევ უფრო დაქვეითებით ხსნიან. სააკაშვილს, ჩანს, დაავიწყდა, რომ მთავრობა მისი გუნდის წევრებით არ არის დაკომპლექტებული. ამასთან, მისი მოთხოვნა აღიზიანებს ხალხს, რომელსაც არ დავიწყებია სულ ცოტა ხნის წინ როგორ არღვევდა ადამიანის უფლებებს და ათას საშინელებას სჩადიოდა "ნაციონალური მოძრაობა". იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ტყუილია კბილაშვილის შესაძლო გადადგომა-გადაყენებაზე გავრცელებული ხმა, თუმცა, კატეგორიულად არ ეთანხმება მთავარი პროკურორის გადაწყვეტილებას ვლადიმერ ბედუკაძის შუამდგომლობის თაობაზე, რითაც ბედუკაძეს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ მუხლით წაყენებული ბრალი მოეხსნა.
თეა წულუკიანი: - ამ ეტაპზე პოზიტიურად მიმაჩნია მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ საკითხზე საჯარო მსჯელობა გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა მოისმინეს ამჟამად მოქმედი ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებმა. მათ უნდა იცოდნენ, რომ თუკი ადამიანი გამოძიებასთან ითანამშრომლებს, რა თქმა უნდა, მიეცემა შეღავათი, რომელსაც ყველა ქვეყნის კანონმდებლობა უშვებს, მაგრამ არ უნდა ჰქონდეთ ისეთი შეღავათები, რომელმაც შესაძლოა დაუსჯელობის სინდრომი წაახალისოს. გამომდინარე იქიდან, რომ ბედუკაძეზე საქმე აღიძრა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით, მისთვის შეღავათის გაწევის ხარისხი საფრთხის შემცველია. მიუხედავად მისი სტატუსისა, რომ ის იყო მხოლოდ ბრალდებული და მსჯავრი არ ჰქონია, ჩემი აზრით, ბედუკაძისთვის ასეთი ხარისხის იმუნიტეტი გადაჭარბებულია.
- არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებაში ბედუკაძის გათავისუფლება თავიდანვე შეთანხმებული იყო.
- ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას, რადგან საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რა გავაკეთე, როდესაც გავიგე, რომ მთავარმა პროკურორმა დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და სასამართლოში ბედუკაძის საქმის თაობაზე შუამდგომლობა შეიტანა. გამოვითხოვე ამ შუამდგომლობის ტექსტი, რომელსაც უკვე მოსამართლე განიხილავდა. ტექსტში საკმაოდ დაწვრილებით იყო დასაბუთებული, თუ რატომ მიიღო მთავარმა პროკურორმა (იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რასაც მას აძლევს საქართველოს კანონმდებლობა) ეს გადაწყვეტილება.
- ეს დასაბუთება საკმარისი იყო? მაშინ რატომ არ შეეწინააღმდეგეთ?
- როგორც გითხარით, შუამდგომლობა უკვე მოსამართლის ხელში იყო, გარდა ამისა, მთავარი პროკურორის შუამდგომლობის მიზანშეწონილობის საკითხში არ ჩავერიე. თუ ვთვლით, რომ ის არის პოლიტიკური პროცესებისგან თავისუფალი, მას უნდა მიეცეს ავტონომიურობის მაღალი ხარისხი.
- პირად საუბარშიც არაფერი გითქვამთ?
- საქმე უკვე გაკეთებული იყო, ამიტომ მხოლოდ სინანული გამოვთქვი, რომ ადრევე არ ვიცოდი ამ შუამდგომლობის შესახებ. სასამართლომ მთლიანად გაიზიარა შუამდგომლობის არსი და მაშინ არც ერთ მხარეს არ გაუსაჩივრებია. დღეს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს განაჩენის ფორმა აქვს და არა მთავარი პროკურორის შუამდგომლობის.
მთავარ პროკურატურას ამ მიდგომაში აქვს ორი მისია: პირველი - სწორი მესიჯები გაუგზავნოს მათ, ვინც თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამ ხალხს უნდა ჰქონდეს დაცულობის განცდა და იცოდნენ, რომ შესაძლოა დააშავეს, მაგრამ აკეთებენ დადებით საქმეს მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატიება დაიშვას ისეთ მძიმე ბრალდებაზე, როგორიც არის წამება ან არაადამიანური მოპყრობა, რომელიც არის იმპერატიული ნორმა. ადამიანის უფლებებში ძალიან ცოტაა იმპერატიული ნორმები, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ წამების აკრძალვიდან გადახვევა მაშინაც არ შეიძლება, როდესაც ქვეყანაში ომია. ამიტომ ამ საკითხს ფრთხილი მიდგომა სჭირდება მომავალში. მეორე მესიჯი, რომელსაც პარალელურად უნდა გზავნიდეს მთავარი პროკურატურა, არის ის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ შეიქმნას ასეთი ტიპის იმუნიტეტების მიცემისგან, თუნდაც სასჯელაღსრულების სისტემაში არ იფიქროს ვინმემ, რომ მივიღებ წამებაში მონაწილეობას ამა თუ იმ ხარისხით, შემდეგ ვითანამშრომლებ გამოძიებასთან და ყველაფერი მეპატიებაო. ასეთი ტიპის განწყობის შექმნას არ უნდა შეუწყოს ხელი იმ ტიპის გადაწყვეტილებებმა, როგორიც ბედუკაძესთან დაკავშირებით მიიღო მთავარმა პროკურორმა.
არჩილს კარგად ვიცნობ. მან მიიღო საკრიტიკო გადაწყვეტილება, მაგრამ შემდეგ თვითონვე განმარტა, რომ ეს იყო მის თვალში ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება. ერთადერთი შეიძლება მოვუხმოთ ისევ და ისევ საერთაშორისო სამართალს, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ წამება უპატიებელია, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეც კი. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ბედუკაძის გათავისუფლება თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, პოლიტიკური გუნდის პოზიცია არასდროს ყოფილა შეთანხმებული, რომ ბედუკაძე მიიღებდა ინდულგენციებს. არც პრემიერი და არც იუსტიციის მინისტრი, ვინც შეიძლება ამ ამბავში პოზიციას აფიქსირებდეს, არ არიან ის ადამიანები, ვისაც ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. შესაბამისად, გარეთ ის რეალობა გამოვიდა, რაც არის შიგნით. მთავარი პროკურორის ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იყო მიღებული და არავითარი სხვაზე პასუხისმგებლობის გადაბარება არ ხდება.
- ჯერ კიდევ არის განწყობა, რომ შესაძლოა კბილაშვილი იძულებული გახდეს, გადადგეს.
- არ ვფიქრობ, რომ კბილაშვილი არ არის კარგი მთავარი პროკურორი. მართალია, მან გუნდის მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მისი გადაყენების თუ გადადგომის საკითხი დგას დღის წესრიგში. ეს არ მოხდება, როგორც უნდა ოცნებობდეს ამაზე პრეზიდენტი. მან განაცხადა, რომ დღესვე მზად არის, ხელი მოაწეროს კბილაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. როგორც ჩანს, სააკაშვილი ოცნებობს, გადააყენოს მთავარი პროკურორი, რომელიც სხვა საქმეებთან ერთად "ნაციონალთა" გუნდის ყოფილი წევრების საქმეებითაც არის დაკავებული.
- დღემდე გაურკვეველი და ხმაურიანი თემაა აიდი-ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობის გაცემის საკითხი. იქნება ალტერნატივა?
- ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, თვის ბოლოს გამოვაცხადებთ, როდესაც კვლევის შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას და ავხსნით იმასაც, რა დადებითი თვისებები შეიძლLება ჰქონდეს ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობას. მთავრობასთან შეთანხმებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. არიან ადამიანები, თუმცა არცთუ ისე დიდი ჯგუფი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები რელიგიურად მიუღებელია. თუმცა, მე ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტები, თუ რა ზიანს აყენებს ეს ბარათები მართლმადიდებლურ რწმენას.
- თქვენ არ მალავთ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ახალი შრომის კოდექსი მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ პროექტისგან, რაც პარლამენტს წარუდგინა იუსტიციის სამინისტრომ. სასამართლო რეფორმაც შეცვლილი პროექტით განხორციელდა, რის შემდეგაც რატომღაც ითქვა, უმრავლესობა კი არა, თეა წულუკიანი დამარცხდა "ნაციონალებთან" ბრძოლაშიო. თვითონ რას ფიქრობთ, რასაც ელოდით, ის მიიღეთ?
- ამ ორი კანონპროექტის მაგალითი საინტერესოა, თუმცა, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული. ჩემთვის მისაღებია შრომის კოდექსის დამტკიცებული ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელიდან გასულ პროექტს გზადაგზა მოაკლდა ან შეემატა რაღაცები და კანონის სახით შეცვლილი დაამტკიცა პარლამენტმა, საერთო საქმისთვის მთლიანი პროდუქტი მაინც კარგია. დასაქმებულს აძლევს მინიმალურ უფლებებს და დამსაქმებელს დიდს არაფერს ართმევს. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმას, დღესაც ძალიან მენანება ის პროექტი, რომელიც ჩვენი სამინისტროდან და მთავრობიდან წავიდა. პარლამენტში კი მას სრულიად განსხვავებული სახე მიეცა. ვიცი, რომ ზოგიერთი პარლამენტარი ნანობს იმ ცვლილებების გამო, რამაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის ადგილი ვაკანტურად აქცია და პრაქტიკულად, ვერ შეივსო. პარლამენტი მეტისმეტად ენდო "ნაციონალებს", როდესაც დაუთმო ორი მესამედით ორი წევრის არჩევა. კენჭისყრის დღეს "ნაციონალები" დარეგისტრირდნენ, მაგრამ კენჭისყრისას გავიდნენ დარბაზიდან. სამწუხაროდ, ისე გამოჩნდა, რომ უმრავლესობა "ნაციონალებმა" კენჭისყრის დროს მოატყუეს. მე არასდროს მქონია იმის ილუზია, რომ "ნაციონალები" ოდესმე გამოსწორდებიან. ამიტომაც მართლა მენანება ჩვენი სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტი. პარლამენტში, შიდა მოლაპარაკებებში, პროცედურული დემოკრატიის ფარგლებში ძალიან სერიოზული მუშაობა ჩაატარა დავით უსუფაშვილმა, ბევრი დრო და ენერგია დახარჯა, მაგრამ ბოლოს "ნაციონალები" მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცეოდნენ. მათი ნდობა არ შეიძლებოდა.
- ჩავარდნილი სასამართლო რეფორმის შედეგად ალბათ კიდევ დიდხანს დარჩებიან უსამართლო მოსამართლეები, პროკურატურაში კი კვლავ მუშაობენ ბოროტმოქმედი პროკურორები, მათ, ვინც შსს-ში ან ციხეებში ხალხს აწამებდა, ხშირად როგორც სისტემის მსხვერპლს დანაშაულს პატიობენ და თანამდებობებზეც კი ნიშნავენ, ეს ხალხში სამართლიანობის აღდგენის გრძნობას კლავს... მეტიც, იმუქრებიან, თუ არ დაისჯებიან დამნაშავენი, თუ სასამართლო და პროკურატურა არ ამუშავდება, ლინჩის წესი ამოქმედდებაო.
- მოსამართლეების გაშვება-არგაშვება არ არის "ქართული ოცნების" და აღმასრულებელი ხელისუფლების თემა ან კომპეტენცია. სასამართლოებმა თვითონ უნდა გაარკვიონ, ვინ არცხვენს მანტიას. მათ არავინ არ უნდა შეეხოს, თვითონვე უნდა მოაგვარონ საქმე და თავიანთი რიგები გაწმინდონ. ამიტომაც გვჭირდებოდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოფილიყო დამოუკიდებელი, შეუბღალავი წევრებით დაკომპლექტებული, რაც მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა.
რაც შეეხება პროკურორებს, მათ უმრავლესობას ძალიან ვგულშემატკივრობ, მაგრამ არიან პროკურორები, რომლებიც თავიანთი წარსული საქმეების გამო არ უნდა მუშაობდნენ სამართალდამცველ სტრუქტურებში. ამ საკითხს უკვე მთლიანად განაგებს არჩილ კბილაშვილი და ვიმედოვნებ, მისიას ბოლომდე მიიყვანს.
- იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას და საზოგადოებრივ სექტორს ახალი, ანტი-დისკრიმინაციული პროექტი წარუდგინა განსახილველად.
- ეს არ იქნება კანონი, რომელიც ქმნის ახალ უფლებებს. ეს არის კანონი, რომელიც დაგიცავს, რომ თავს არ დაგესხნენ განსხვავებული აზრის გამო. ამ კანონის აუცილებლად მიღების შესახებ პრემიერ-მინისტრმა პირველად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ის ძალიან უჭერს მხარს დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის კანონმდებლობით დაცული უფლებებით სარგებლობის თანასწორი უზრუნველყოფა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, ოჯახური მდგომარეობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პოლიტიკური ან სხვა მოსაზრების ან შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ფეხმძიმობისა და დედობის ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
- კანონპროექტში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას გაუწევს თანასწორობის დაცვის ინსპექტორი...
- ინსპექტორს სახალხო დამცველი დასჭირდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს, ხოლო სახალხო დამცველს ინსპექტორი დასჭირდება, რომ დისკრიმინაცია აღმოიფხვრას საქართველოში. გარდა ამისა, სახალხო დამცველისგან განსხვავებით, ინსპექტორს შეეძლება არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ კერძო სექტორის წინააღმდეგ მიმართული საჩივრებიც განიხილოს. მას შეეძლება დისკრიმინაციის ავტორს დააკისროს ჯარიმა ან მიუთითოს, გააუქმოს დისკრიმინაციული ბრძანება ან სხვა აქტი. ამ კანონს ელოდება ქართველი საზოგადოება, მაგრამ ასევე ელოდება ევროკავშირი ვილნიუსის სამიტის წინ და ყველა იმას შეხედავს კრიტიკული თვალით, არის თუ არა საკმარისი დამოუკიდებლობის ხარისხით და ძლიერი უფლებამოსილებით ინსპექტორი აღჭურვილი.