"რატომ უნდა ვიყო ნაწყენი ივანიშვილზე?!"
"ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი"
"შეიძლება ეს მართლაც ისეთი სამაგალითო არჩევნები იყოს, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს"
"უსახო ადამიანი, დავით ბაქრაძე, როგორ გახდა ასეთი პოპულარული?"
"ვხედავ გზას, როგორ ამოვიდეთ იმ ორმოდან, სადაც ჩაგვაგდეს"
"კარგი იქნებოდა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატისთვის, "ქართულ ოცნებას" ჩემთვის დაეჭირა მხარი. ამაზე ლაპარაკი იყო ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ ეს არ მოხდა და მას უნდა ჰკითხოთ რატომ. ბატონმა ბიძინამ შემომთავაზა, თბილისის მერობაზე მეყარა კენჭი. ვიფიქრე, მაგრამ პრეზიდენტის ამპლუაში უფრო წარმომიდგენია თავი, ვიცი, რა არის გასაკეთებელი და რა უნდა მოვუტანო ქვეყანას. ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ შემომთავაზა და ამ დროს ამბობენ, სალომე ზურაბიშვილი ნაწყენიაო. რატომ უნდა ვიყო ნაწყენი? ჩვენ მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, ძალიან კარგად ვითანამშრომლებ მასთან", - აცხადებს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით არჩია:
- პარტიას რომ წარვედგინე, პროცედურულად გაცილებით ადვილი იქნებოდა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირება, მაგრამ ისეთი პრეზიდენტი, როგორიც ახალი კონსტიტუციით არის წარმოდგენილი, არ შეიძლება რომელიმე პარტიის წარდგენილი ან ერთი პარტიის პრეზიდენტი იყოს. საქართველო მივიდა პოლიტიკური განვითარების იმ ეტაპზე, რომ პრეზიდენტად გვჭირდება დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც დაევალება ვითარების დაბალანსება და ადამიანის უფლებების გარანტირებულად დაცვა და არ შეიძლება ასეთი პრეზიდენტი რომელიმე პარტიის მიმართ მიკერძოებული იყოს. როდესაც პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელია, უთუოდ დაიწყებს თავისი პარტიის დაცვას პრინციპით, - ჩემი ხარ და მართალი ხარო. ჩვენ ვნახეთ, რა შედეგი მოჰყვა, როდესაც სააკაშვილმა ვერ გააცნობიერა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი იყო და არა "ნაციონალური მოძრაობის".
- თქვენ არ გაქვთ პარტიული სტრუქტურები, ფული და მაინც გამარჯვების იმედით ერთვებით პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში.
- რადგან მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები, თითოეულ მოქალაქეს შეუძლია იფიქროს, რომ მე ვიქნები მისი ხმა და მისი დამცველი, როცა პრეზიდენტი გავხდები. არ არის აუცილებელი, ყველა მოქალაქე ჩემს ყველა შეხედულებას იზიარებდეს პოლიტიკურ საკითხებზე. მთავარია, მოქალაქეებში იყოს განცდა, რომ მე მათი დამცველი და ქვეყნის ინტერესების გარეთ გამტანი ვიქნები. დღეს საქართველოს საზღვარგარეთ დამცველი არ ჰყავს და საშინელი სურათი იხატება ჩვენს ქვეყანაზე. "ნაციონალური მოძრაობა" აქტიურად უტევს დღევანდელ ხელისუფლებას ყველა საშუალებით. აქედან მიდის თემები, რომ საქართველო არ არის ტოლერანტული, რომ საქართველო არის ჩამორჩენილი, სიბნელეში მყოფი ქვეყანა, რომელიც არ არის შემწყნარებელი ეთნიკური თუ სხვა სახის უმცირესობებისა. ბავშვობაში, როდესაც ჩვენთან სტუმრები მოდიოდნენ, მთავარი სალაპარაკო თემა იყო, რომ თბილისის ცენტრში არის მართლმადიდებლური ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა, გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიები. ჩვენ ამით ვამაყობდით უცხოელებთან. დღეს ეს თემა დაიკარგა.
"ნაციონალები" მიზანმიმართულად ურტყამენ ქართულ ხასიათს, ქართულ ღირებულებებს და ხელისუფლება ამ დროს ინერტულია. სააკაშვილის ხელის შეშლის გამო საელჩოები ყველგან არ ამოქმედებულა. ჩვენი მისიები გაურკვეველ ვითარებაში არიან და ვერ გააქვთ იმის საპირისპირო მესიჯები, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააქვს.
ხელისუფლება არ გეგმავს, რა უნდა გაიტანოს ამის საპასუხოდ საზღვარგარეთ, როგორ და რა უნდა ილაპარაკოს საქართველოზე. ჩვენი რეალური სახის ჩვენება მე ეფექტურად და სწრაფად შემიძლია. ვხედავ გზას, როგორ ამოვიდეთ იმ ორმოდან, სადაც ჩაგვაგდეს. საქართველოს ევროპულობას მე ვხედავ შოთა რუსთაველში და ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა თუ ღირებულებებში. დასავლურობა არის ქართველობა. ჩვენ არავის მიბაძვა არ გვჭირდება, თუმცა რაღაცები სასწავლი გვაქვს. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ იმ ტრადიციებს, რაც იყო ჩვენი საყრდენი, რითაც ვფასობდით და რითაც ვიყავით ძლიერი, რადგან ყველა ჩვენს ტრადიციაშია ევროპულობის ფესვები.
- თქვენ არ მიპასუხეთ, ფულის გარეშე როგორ აპირებთ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას?
- სულელი არა ვარ და არ ვამტკიცებ, რომ ფული არჩევნებზე საჭირო არ არის, მაგრამ პრეზიდენტს არ უნდა ირჩევდნენ იმის მიხედვით, ის რომ პოსტს დაიკავებს, მე რა სარგებელი მექნებაო. "ოცნების" მხარდამჭერებისგან გამიგონია, ბიძინამ კი გაიმარჯვა, მაგრამ მე რაო? ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, ქვეყანას რა სარგებელი აქვს ამით. დღეს ყველას შეუძლია ბენზინის ფულის შოვნა, გადაადგილება, ოფისის დაქირავება და პლაკატების დაბეჭდვა. ჩემი საარჩევნო კამპანია დაყრდნობილი იქნება ხალხისგან წამოსულ ინიციატივაზე. მე გამოვაცხადებ ბანკის ანგარიშს და ყველას ვთხოვ, ცოტა მეტი იაქტიურონ, მხოლოდ არჩევნებზე ხმის მოცემა არ იკმარებს, ერთი კოლოფი სიგარეტის საყიდელი ფული მაინც გადმომირიცხოს ყველა მხარდამჭერმა და ჩემთვის ეს საკმარისი იქნება.
ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა, 2006 წელს, როდესაც პოლიტიკაში გამოჩნდით, სააკაშვილისგან მივიღე მითითება, ყველას დაეხმარე სალომეს გარდაო. ბიზნესმენებს დღეს, მგონი, აღარ ეშინიათ. ვინც მოსწონთ, მას დაუჭირონ მხარი, მაგრამ ნუ მოითხოვენ სანაცვლოს, მხარდაჭერის ნაცვლად რა გვექნებაო. ორთვიან საარჩევნო კამპანიას დიდი ფული სულაც არ სჭირდება, თუ ხმების ყიდვა არ მოინდომა კაცმა. ძვირი გაყალბება და ხმების ყიდვაა. შეიძლება ეს მართლაც ისეთი სამაგალითო არჩევნები იყოს, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს. ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა საქართველოს სახედ. საბჭოთა სისტემისგან გავთავისუფლდებით თუ არა, ამ არჩევნებზე გაირკვევა. თუ ხმა პარტიებს მიეცით, იგივე დაიწყება, რაც "ნაციონალების" დროს იყო. სისტემის ბრალი იყო, რაც დაგვემართა, თორემ, ალბათ, სააკაშვილი არ ოცნებობდა დიქტატორობაზე და პოლიციური სისტემის შექმნაზე, მაგრამ ძველმა სისტემამ შეჭამა. შევარდნაძე იმიტომაც ამბობს, დღეს პოლიტიკაში ვინც არის, ყველანი ჩემი შვილები არიანო. მე კი ნამდვილად არა ვარ შევარდნაძის შვილი და მისი გაზრდილი.
- NDI-ს კვლევის თანახმად, ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციონერ ლიდერად დავით ბაქრაძე დასახელდა. თქვენ მეხუთე ხართ რეიტინგში 3%-ით.
- რეიტინგების არ მჯერა. ბაქრაძე ჯერ არ არის დასახელებული "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატად და როგორ აქვს უკვე 45%? ასევე წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოში გიორგი თარგამაძეს მიეღო რაიმე პროცენტი. თვითონ გიორგი საინტერესო პოლიტიკოსია, მაგრამ იმ ორმოდან, სადაც მისი პარტია ჩავარდა, ხელის გაუნძრევლად ვერ ამოძვრებოდა. უსახო ადამიანი, დავით ბაქრაძე, როგორ გახდა ასეთი პოპულარული, როდესაც პოპულარული მაშინ არ ყოფილა, როდესაც "ნაციონალები" "ნაციონალობდნენ".
- გიორგი მარგველაშვილს დანიშნული კანდიდატი რატომ უწოდეთ?
- თუ დემოკრატიას ვაშენებთ, როგორ უნდა იყოს პრეზიდენტი ვინმეს დანიშნული? კი, "ოცნებას" შეუძლია ამ არჩევნებშიც გაიმარჯვოს, მაგრამ სჯობს გაჩერდეს, რომ ყველა სფეროზე არ გაავრცელოს თავისი გავლენა. არ შეიძლება გამარჯვებული პოლიტიკური ძალის პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობდეს, მე გავიმარჯვებ იმიტომ, რომ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ და ძალიან გავლენიანმა პოლიტიკოსმა დამნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატადო. 9 წლის განმავლობაში არჩევნების ნდობა დაეცა და შარშან, ოქტომბერში ძლივს აღდგა. ამაზე ვოცნებობდით და როცა არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა რეალობად იქცა, გამარჯვებიდან 3 თვეში მეუბნები, რადგან გავიმარჯვე, პრეზიდენტი ჩემი იქნებაო, არ არის სწორი. ამომრჩეველს, რომელიც შენთან ერთად ოცნებობდა, უნდა, არჩევნებით გააგრძელოს ხელისუფლების ცვლილება. არჩევნების ნდობა თუ კვლავ დაიკარგება, ძალიან დიდი შეცდომა და დანაშაული იქნება.
არჩევნებს ყველა რაიონში ოფისების გახსნით ბურჯანაძე ვერ მოიგებს და მისი დაპირებაც უცნაური მეჩვენება, გაპრეზიდენტებისთანავე სააკაშვილს დავიჭერო. მისი სიტყვები ნიშნავს, რომ არ ესმის, პრეზიდენტს არავის დაჭერის უფლება რომ არა აქვს და ასევე არა აქვს ამის თქმის უფლება, რადგან სასამართლოს კომპეტენციაში იჭრება.
- საზოგადოებაში სიმართლისა და კანონიერების მოთხოვნაა, მაგრამ თუ დამნაშავე ისჯება, ეს რევანშიზმად ინათლება.
- "ნაციონალებმა" კარგად იციან, რა თემები გაიტანონ და შავზე როგორ თქვან თეთრი, მაგრამ მათ ამის თქმის საშუალება არ უნდა მისცე. დაჭერილი მერაბიშვილი არაფერს მოგვცემს, თუ არ დაიდო ფაქტები მის დანაშაულებზე. დაჭერა წინ არ უნდა უსწრებდეს სასამართლოს. თუ დაჭერილ ვანო მერაბიშვილს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს სასამართლოში, ის ციხიდან გმირის მანტიით გამოვა. ხალხმა პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა სააკაშვილის ხელისუფლებას, მაგრამ ამერიკელებისა და ევროპელებისთვის "ნაციონალური მოძრაობა" არის მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში და სანამ ყოფილი ხელისუფლების დანაშაულები სასამართლოს არ დაუმტკიცებია, ისინი სააკაშვილის ხელისუფლებას არ ჩათვლიან დამნაშავედ.
- როგორი დამოკიდებულებაა დასავლეთში ბიძინა ივანიშვილისადმი. მას პროდასავლელ ლიდერად განიხილავენ თუ ნაციონალური რიტორიკის შესაბამისად, პრორუსად?
- ჯერ კიდევ კითხვები აქვთ, რადგან კარგად არ იცნობენ. ის ჯერ არ არის გასული მსოფლიოში, მიშა სააკაშვილს კი ყოველ წუთს ხედავენ.