ლინკოლნ მითჩელი - კაკაბაძე უცნაური კაცია. ეტყობა, ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას (ექსკლუზივი)
ექსკლუზიური ინტერვიუ პრემიერ-მინისტრის ყოფილ მრჩეველთან, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარ ლინკოლნ მიტჩელთან
- უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ივანიშვილის ლობირების კამპანიას თქვენ ჩაუდექით სათავეში, დასავლურ პრესაში ახალი მთავრობის საწინააღმდეგო არაერთი სტატია დაიბეჭდა, რასაც თქვენს უუნარობას მიაწერს...
- არ ვიცი, რატომ გააკეთა ირაკლიმ ეს. უცნაური კაცია. ჩვენ ადრე ვმეგობრობდით, მეგონა, კვლავაც მეგობრები ვიყავით, მაგრამ... ეტყობა, ხმამაღალი განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას, რაც შტატებში არ გამოსდიოდა. რაც შეეხება მის ბრალდებებს, ივანიშვილისთვის აღარ ვმუშაობ, თანაც მე მისი ლობისტური კამპანიის ხელმძღვანელი კი არა, არაფორმალური მრჩეველი ვიყავი, ასე რომ, "ვაშინგტონ პოსტისა" და "ვოლ სთრით ჯორნალის" კრიტიკული წერილები ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის. ივანიშვილმა რაც არ უნდა გააკეთოს, სენატშიც და ამერიკულ გამოცემებში მაინც დარჩებიან მისი კრიტიკოსები და მიშას მხარდამჭერები, თუნდაც იმიტომ, რომ არ ეცოდინებათ, რეალურად რას სჩადიოდა "ნაციონალების მთავრობა".
- ფიქრობთ თუ არა, რომ ამ გამუდმებულმა კრიტიკამ შეიძლება ავნოს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ან გავლენა იქონიოს აშშ-საქართველოს ურთიერთობაზე?
- ამერიკა საქართველოს პარტნიორია, არსებობს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები და ამას პრესაში გამოქვეყნებული სტატიები ვერ შეცვლის. რა თქმა უნდა, ყოფილი მთავრობა შეეცდება პრესის იარაღად გამოყენებას - ეს და "ევროპის სახალხო პარტია" ორად ორი ინსტრუმენტია, რაც მათ შემორჩათ. ამან შესაძლოა გარკვეულწილად გაურთულოს ივანიშვილსა და მის მთავრობას საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრება, მაგრამ ზოგადი სურათი უცვლელია - აშშ კვლავ დაინტერესებულია თქვენთან პარტნიორობით და ევროკავშირიც თქვენდამი კეთილგანწყობილია.
- ხშირად ისმის კრიტიკა დემოკრატიულ სტანდარტებთან დაკავშირებით. არჩევნების წინ თქვენ ქართული დემოკრატია ტაბაკა ქათამს შეადარეთ - "ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატია ტაბაკასავით გააბრტყელა და საკუთარ ტაფას მოარგოო... ახლა რას ფიქრობთ?
- სააკაშვილი მთელ მსოფლიოს აჯერებდა, რომ თქვენთან ევროპული ყაიდის დემოკრატია იყო, ამ დროს კი ქვეყანაში ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებდა. სიმართლე გითხრათ, ევროპული ყაიდის დემოკრატიამდე საქართველოს ახლაც ბევრი უკლია, მაგრამ, სამაგიეროდ, სწორი გზით მიდიხართ - ქართული დემოკრატია ტაბაკა აღარ არის.
- პრემიერმა განაცხადა, რომ მოახერხებს საქართველოს ევროატლანტიკური ამბიციებისა და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ერთმანეთთან შეთანხმებას. ეს რეალურად გეჩვენებათ?
- საკმაოდ დიდხანს რუსეთი საქართველოს მხოლოდ მტრად მიიჩნევდა. ახლა ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომლისკენაც იგი ხელს ვერ გაიშვერს, ვერ მონახავს მიზეზს, რის გამოც არ უნდა გადაიდგას შემხვედრი ნაბიჯები და გაუმჯობესდეს ურთიერთობა. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, თავისთავად ცხადია, რომ თუ საქართველო მოახერხებს რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებას, მას მეტი შანსი ექნება ნატოში შესვლისა.
- ე.წ. საზღვრის მარკირების პროცესი ურთიერთობის გაუმჯობესების ნიშნად ალბათ ვერ ჩაითვლება...
- დიახ, და ვფიქრობ, ეს ივანიშვილისთვისაც უსიამოვნო სიურპრიზი იყო. რუსეთმა ამით დააფიქსირა, რომ მიუხედავად ურთიერთობის დათბობისა, არის საკითხები, რომელზეც იგი უახლოეს მომავალში პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
- ამ ლოგიკით, რა ელის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას? რამდენად რეალურია ის, რომ აფხაზეთმა და სამაჩაბლომ დათმონ საკუთარი, თუნდაც თვითგამოცხადებული და მარიონეტული დამოუკიდებლობა?
- შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - ეს უსათუოდ იქნება გრძელვადიანი პროცესი, რომელშიც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დიპლომატიაზე, რადგან უკვე ცხადი გახდა, რომ ძალისმიერი მეთოდით ამის მიღწევის შანსი საქართველოს არ აქვს. რაც შეეხება იმას, დათმობენ თუ არა აფხაზეთი და სამაჩაბლო თავიანთ დამოუკიდებლობას, აქ მედალს მეორე მხარეც აქვს - საერთაშორისო საზოგადოება მათ არ აღიარებს დამოუკიდებლად მანამ, სანამ თვითონ საქართველო არ შეიცვლის პოზიციას ამ საკითხის მიმართ.
ეს არ არის კოსოვოს შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი და ნატო ცალსახად მიემხრნენ კოსოვოს დამოუკიდებლობას.
აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა ერთობ მყიფეა და დამოკიდებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. ცხადია, ესეც არ მოხდება ხვალ, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდეს, მაგრამ ეს არ არის გადაულახავი ბარიერი...
- მალე ჩვენთან საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. როგორ შეაფასებდით კანდიდატებს?
- ვიცნობ "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს - განათლებული და ჩამოყალიბებული ადამიანია.
ბურჯანაძე და ნათელაშვილი მარგინალი პოლიტიკოსები არიან, არა მგონია, მარგველაშვილს განსაკუთრებული მეტოქეობა გაუწიონ. თუ ბაქრაძე მოახერხებს "ნაციონალური მოძრაობის" იმ ფრთას გაემიჯნოს, რომელიც ძალადობასა და სხვა დანაშაულშია მხილებული, ვფიქრობ, შეუძლია ოპოზიციის ღირსეული ლიდერი გახდეს.
- მარგველაშვილის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ უკან ბიძინა ივანიშვილი უდგას. "ოცნების" კანდიდატს ლიდერის თვისებების ნაკლებობასაც საყვედურობენ...
- ქვეყანას ახლა ქარიზმატულზე მეტად, გონიერი, გაწონასწორებული პრეზიდენტი სჭირდება. თუმცა, როგორც ვიცი, მარგველაშვილი ჩინებული მენეჯერია, ამას კი ქარიზმის გარეშე ვერ მოახერხებ.
- რას ფიქრობთ ივანიშვილის განცხადებაზე, - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკიდან წავალო; რამდენად შეძლებს იგი დაპირებების შესრულებას ასე მცირე დროში?
- მას მართლაც შეუძლია, დატოვოს თანამდებობა და ერთგვარი საზოგადოებრივი ფიგურის როლი შეითავსოს. თუმცა, დაპირებების შესასრულებლად რამდენიმე თვე ალბათ საკმარისი არ იქნება.
- სააკაშვილის მომავალზე რას გვეტყვით?
- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, სააკაშვილს, მიუხედავად ცოდვებისა, შანსი ექნება, გახდეს რომელიმე ცნობილი საერთაშორისო ფირმის იურისტი ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
დასავლეთში ჯერ კიდევ ბევრი მიიჩნევს მას "დემოკრატიის შუქურის" აღმშენებლად. სხვა საქმეა, დადგება თუ არა არჩევნების შემდეგ მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი - ვფიქრობ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, არა იმიტომ, რომ სააკაშვილი უცოდველია, არამედ იმიტომ, რომ გასამართლების შემთხვევაში შეეცდება, მსოფლიოს თვალში გმირის და წამებულის მანტია მოისხას და ალბათ, ბევრი გამოჩნდება ისეთი, ვინც ამას დაიჯერებს.
ესაუბრა ვაჟა თავბერიძე