ჯუმბერ პატიაშვილი - "ილია მეორეს მიკროფონი ხელიდან გამოგლიჯეს, რათა ხალხი დაშლაზე არ დაეყოლიებინა"
”კაცი რომ რაიმე ღონისძიებას ჩაატარებს, ორგანიზებას აიღებს თავის თავზე, ამ ღონისძიების დროს რამე საფრთხე თუ გამოჩნდა, უნდა გაიქცეს?”
23 ივლისის ”ბიბლუსში” ჯუმბერ პატიაშვილის წიგნის, ”23 წლის შემდეგ”, პრეზენტაცია გაიმართა. სწორედ წიგნის შესახებ საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ბატონ ჯუმბერთან:
- წიგნში შესულია ჩემი ცხოვრების ძირითადი მომენტები. განსაკუთრებით ვრცლად, 80-იანი წლებიდან დღემდე აღწერილია ის მოვლენები, რომლებიც განვითარდა საქართველოში. იმ პერიოდში ყველა კერპთაყვანისმცემლობით იყო აღტყინებული, ეს ჩვევა ქართველ ხალხს არ ჰქონია, მაგრამ ნელ-ნელა დამკვიდრდა და დღესაც განვიცდით ამ სენის მოძალებას. ქართველ ხალხს ჰგონია, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის იქით სხვა გზა აღარ არსებობს და მხოლოდ იმ ადამიანში ხედავენ მესიას. ახლაც ასეთი სიტუაციაა, ეს კი დამღუპველია. ასეთს მიდგომას სიკეთე არ მოუტანია არც ერთ ქვეყნისთვის და მათ შორის - არც ჩვენთვის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სხვების გაქილიკება დავიწყო, არც მე არ ვარ ანგელოზი, თუმცა ყოველთვის ვცდილობდი, არ გავქცეოდი პასუხისმგებლობას და თუკი შეცდომას დავუშვებდი, მეღიარებინა კიდეც. ამის უნარი საბოლოოდ ბევრს არ აღმოაჩნდა...
- 9 აპრილს თქვენ უარი განაცხადეთ შევარდნაძისა და რაზუმოვსკის ჩამოსვლაზე საქართველოში, თუმცა წიგნში წერთ, რომ ჩამოსულიყვნენ, შესაძლოა, მომიტინგენი აღარ დაერბიათო...
- ის, რაც 9 აპრილს საქართველოში მოხდა, ჩემს ზემოთ გადაწყდა. ჩემზე არ იყო დამოკიდებული აქ ვინმეს ჩამოსვლა ან არჩამოსვლა. მე არ მქონდა საშუალება, მათთვის დამეძალებინა აქ ჩამოსვლა, მით უმეტეს, რომ მათთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. ამ პრობლემის ერთბაშად მოგვარება ძალიან რთული იყო. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფა მიტინგზე რომ არ გადაწყდებოდა, ეს მაშინაც ცხადი იყო და ახლაც ყველა კარგად ხვდება. ეს იყო მიზანმიმართული დესტაბილიზაციის მცდელობა, რომლის წინააღმდეგიც მე გახლდით.
- ვის ინტერესში შედიოდა დესტაბილიზაცია?
- როგორ დატრიალდა მოვლენები საქართველოში?! რაც შემდეგ მოხდა, ვის წისქვილზე ასხამდა წყალს?! კაცი რომ რაიმე ღონისძიებას ჩაატარებს, ორგანიზებას აიღებს თავის თავზე და ამ ღონისძიების დროს რამე საფრთხე თუ გამოჩნდა, უნდა გაიქცეს? პასუხი თქვენთვის მომინდვია.
- ანუ ეროვნული მოძრაობის ლიდერების ინტერესში შედიოდა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა?
- რასაკვირველია.
- მაშინ ითქვა, რომ მეორე დღეს გამართულ შეხვედრაზე ზვიად გამსახურდია და ირაკლი წერეთელი გაოცებული იყვნენ და დანანებით ამბობდნენ, როგორ, მეტი არ არის მსხვერპლიო? (ეს ყველაფერი წიგნშიც წერია - ლ. გ).
- დიახ, ეს დოკუმენტურად არის დადასტურებული. თქვენ თუ კიდევ კითხვა გებადებათ, ეს თქვენი საქმეა. მეტი რაღა გინდათ მათი სიჯიუტის დასამტკიცებლად, უწმინდესს არ მოუსმინეს.
- ზვიადს რომ მოეწოდებინა დაშლისკენ, დაუჯერებდა ხალხი?
- ბოლო დღეებში დაშლაზე არ იყო საუბარი. ჩვენ მათ ვთხოვდით, სადმე სხვაგან გადასულიყვნენ და ამისთვის ”დინამოს” სტადიონს ვთავაზობდით. არ მოინდომეს, იმიტომ, რომ იმთავითვე გამიზნული ქონდათ ამ შედეგის დადგომა.
- თქვენ აქტივის კრებაზე გაიგეთ, რომ 8 აპრილს ტანკები შემოვიდნენ თბილისში. ეს თქვენი მმართველობის სისუსტეზე ხომ არ მიანიშნებს? გამოდის, ცენტრი თქვენს დაუკითხავად იღებდა გადაწყვეტილებებს...
- ეს არ არის სისუსტე. საბჭოთა კავშირი სულ სხვა სისტემა იყო. შეუძლებელი იყო, მეკონტროლებინა, აქ იაზოვის პირველი მოადგილე ჩამოდიოდა თუ არა. ტანკები გაუფრთხილებლად შემოვიდნენ თბილისში, მანამდე ვერტმფრენები ტრიალებდნენ ჰაერში ხალხზე ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად.
- გუმბარიძეს ჰქონდა დავალებული, ხალხში გაევრცელებინა ინფორმაცია დარბევის შესახებ, თუმცა მან არათუ არ გააფრთხილა, თქვა, თავად 15 წუთით ადრე შევიტყვე, დარბევა რომ იწყებოდაო.
- გუმბარიძემ და უშიშროებამ რაც გააკეთა და ჩაიდინა, ამას არ სჭირდება ახსნა. დარბევის და ამხელა უბედურების შემდეგ გუმბარიძე სახელმწიფოს მეთაურად დანიშნეს. მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია.
- და მაინც, შეეძლო თუ არა პატიაშვილს 9 აპრილის თავიდან აცილება?
- რთული სათქმელია. ამის თავიდან აცილების საშუალება რომ მქონოდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ არავითარი საშუალება არ მქონდა. ერთადერთი თავის არიდება იქნებოდა, თუ გადავდგებოდი. ესეც ამ გადმოსახედიდან ჩანს ასე, თუმცა, ტრაგედია, ალბათ, მაინც მოხდებოდა და ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიხსნი.
- ეროვნული მოძრაობის ლიდერებს თუ შეეძლოთ ამ ყველაფრის თავიდან აცილება?
- რა თქმა უნდა, შეეძლოთ. მე არასოდეს არავის მონა-მორჩილი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. ეროვნული მოძრაობის ლიდერებს შეეძლოთ და უნდა გაეკეთებინათ. არსებობს ფირი, თუ როგორ გამოგლიჯეს მიკროფონი ილია II-ს, რომ მას რაიმე საშუალებით არ დაეყოლიებინა ხალხი მიტინგის დაშლაზე.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)