აპირებს თუ არა ირაკლი კაკაბაძე სახალხო აჯანყების ლიდერობას - კვირის პალიტრა

აპირებს თუ არა ირაკლი კაკაბაძე სახალხო აჯანყების ლიდერობას

მას შემდეგ რაც სასამართლომ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, ინტერნეტით გავცელდა მწერალ ირაკლი კაკაბაძის განცხადება, სადაც ის საზოგადოებას სახალხო აჯანყებისაკენ მოუწოდებს. სწორედ ამ საკითხზე ვთხოვეთ მას კომენტარი

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სახალხო აჯანყება იქნება სავსებით ადეკვატური პასუხი ხალხის მხრიდან.

- რამდენად ჯდება ეს კანონის ფარგლებში? სასამართლომ, კანონის დაცვით მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც საჭიროდ ჩათვალა. ეს სახალხო აჯანყების მიზეზად რამდენად გამოდგება?

-

- რა თქმა უნდა, ეს კანონის დარღვევა იქნება, მაგრამ ხანდახან კანონის დარღვევა გამართლებულია, თუ ირღვევა ზნეობრივი ეთიკა და მორალური კანონები, როდესაც ახალაიასნაირი ჯალათები ციხიდან გამოდიან მაშინ პატიოსანი ხალხი ციხეში შედის.

- ბაჩო ახალია ისევ პატიმრობაში რჩება, მას მხოლოდ ერთ საქმეში გამოუტანეს გამამართლებელი განაჩენი...

-გამამართლებელი განაჩენი უკვე ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს.

- თუ მოხდა სახალხო აჯანყება თქვენ ამ აჯანყების ლიდერი იქნებით?

-არაძალადობრივი აჯანყება თუ დაიწყო, გამოსვლები, გაფიცვები და ა.შ. (ალბათ ხალხი ოქტომბრამდე არაფერს გადაწყვეტს და მოცდას ამჯობინებს), რა თქმა უნდა, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ვიქნები თუ არა ამ მოძრაობის ხელმძღვანელი ,ამაზე წინასწარ პასუხის გაცემა არ შემიძლია, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ხელისუფლება საჭირო დასკვნებს გააკეთებს და აჯანყების საჭიროება აღარ იქნება. ფაქტია, ხელისუფლების დიდი ნაწილი გადაყვა ამ კოჰაბიტაციას პოლიტიკას და მკვლელების და სადისტების გამართლება დაიწყო. საზოგადოების თვალში ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ბუნებრივია, ეს არ ეხება ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს. მე ვლაპარაკობ კონკრეტულ პოლიტიკოსებზე.

-შეგიძლიათ დაასახელოთ რომელიმე მათგანი?

- ამ ეტაპზე დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველა თვითონ მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. ერთი რამ ცალსახაა – სასამართლო ხელისუფლებამ დიდი დანაშაული ჩაიდინა. აქ პროკურატურაზეცაა პასუხისმგებლობა, რადგან ბრალდება, რომელიც ბაჩო ახალაიას შარშან ნოემბერში წაუყენეს, იყო დაუსაბუთებელი, მაშინ როცა ამდენი დასაბუთებული ბრალდება დევს ახალაიას მისამართით. ფაქტია, რომ პროკურატურამ ძალიან სუსტად იმუშავა და რეალურად, სასამათლოზე მეტად მიქარა, რადგან ბრალდება იყო სრულიად მოუმზადებელი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ პროკურატურაში დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაა და სასწრაფოდ საჭიროებს რეფორმირებას, რათა ახალაიასნაირი ჯალათები პროკურატურის უმაქნისობის გამო არ გამოჩნდნენ გმირებად.

- თქვენ განაცხადეთ რომ ლაშა ნაცვლიშვილი არ უნდა იყოს პროკურატურაში.

-მე პროკურატურის ასეთ პოლიტიკას პირდაპირ ლაშა ნაცვლიშვილს მივაწერ. ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ხელისუფლებაში, რომელსაც ფულის გადანაწილება ეხერხება, სწორედ ლაშა ნაცვლიშვილია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნაციონალებთან არის გარიგებაში, მათთან ფულს იყოფს და ხელს უწყობს კორუფციულ გარიგებებს.

-თუ ეს მართლაც ასეა, რატომ არ აპატიმრებენ? მეტიც მისი მხარდასაჭერი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია გენერალურ პროკურორს.

-ვერ გეტყვით ეს მათ უნდა კითხოთ.

- ლინკოლნ მიტჩელმა, ჩვენს გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში, თქვენზე განცხადა, რომ თქვენ ცდილობთ ხმამაღალი განცხადებებით მიიქციოთ ხალხის ყურადღება, რაც ამერიკაში არ გამოგდიოდათ. აგრეთვე თქვა, რომ თქვენ იტყუებით, რადგან ის არასოდეს ყოფილა ივანიშვილის ლობისტური კამპანიის ხელმძღვანელი, უბრალოდ მისი მრჩეველი იყო.

- ლინკოლნს მე კარგად ვიცნობ და მის მიმართ ხმამაღალი განცხადება არც გამიკეთებია, მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, რაში ვამტყუნებ: მის მიერ წარმართული ივანიშვილის პიარ-კამპანია იყო საქართველოსთვის შეუფერებელი და სამარცხვინო, მან უარი განაცხადა სანდრო გვირგვლიანის საქმეზე და ადამიანის უფლებების საკითხზე საუბარზე რაც ჩემი აზრით იყო არასწორი და ზოგადად პიარი წაიყვანა არასწორად. რაც შეეხება მის განცხადებას, რომ ის არ ხელმძღვანელობდა პიარ კამპანიას, ეს არის აშკარა ტყუილი, რადგან ის ნამდვილად იყო ხელმძღვანელი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)