როინ ლიპარტელიანი: "ნაციონალები" წავიდნენ ევროპაში, გახდნენ "პედერასტები", ჩამოვიდნენ და საქართველო გაძარცვეს"
საქართველოში პრეზიდენტობის მსურველებს რა გამოლევს. ასე იყო ბოლო წლების განმავლობაში და ასეა დღესაც. 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს მთელი ქვეყანა დიდი მოლოდინით ეგებება. კანდიდატებს შორის არის ხალხი, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს: დავით ბაქრაძითა და ნესტან კირთაძით დაწყებული, შალვა ნათელაშვილითა და გიორგი მარგველაშვილით დამთავრებული, თუმცა ზოგიერთი კანდიდატის სახელი და გვარი ბევრს არაფერს გვეუბნება. მათ შორის ყველაზე მეტი ყურადღება ნიკოლოზ გორგიჯანიძემ მიიქცია, რომელმაც თავი სკანდალური განცხადებებითა და ფრთიანი ფრაზით დაგვამახსოვრა: "მე ვარ ერთი, კენტი, ბავშვებისთვის - პრეზიდენტი". ცესკოში განაცხადების წარდგენა პრეზიდენტობის მსურველებს 7 სექტემბრამდე შეუძლიათ, ალბათ სექტემბრამდე პრეზიდენტობის მსურველთა რიცხვს სხვებიც შეუერთდებიან, მომავალშიც ბევრ უცნაურ განცხადებას მოვისმენთ და პოლიტიკური პროცესებიც უფრო მწვავე და საინტერესო გახდება. გვესაუბრება აკადემიკოსი როინ ლიპარტელიანი, რომელიც ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ახსოვს და ოქტომბრის არჩევნებში შესაძლოა, ერთ-ერთ კანდიდატადაც მოგვევლინოს. "ჩვენს პოლიტიკოსებს ორ ბატს არ ჩავაბარებდი" - ამტკიცებს ბატონი როინი, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მეტისმეტად კრიტიკულად აფასებს:
- ბატონო როინ, როგორც ვიცი, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება გაქვთ...
- დიახ, ასეა. თავის დროზე, როდესაც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია ცოცხლები იყვნენ, ასეთი შეთანხმება გვქონდა: პრეზიდენტი მე უნდა გავხდარიყავი იმიტომ, რომ პირველ პრეზიდენტს აუცილებლად მოკლავდნენ. სამწუხაროდ, მერაბ კოსტავა მოკლეს და ამის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. სხვათა შორის, მე ორჯერ ვიყარე კენჭი - ერთხელ შევარდნაძეს მოვუგე და მეორედ - სააკაშვილს, მაგრამ სულ ტყუილად: ბოლო წლებში ხომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ეს არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო გაყალბება და ხალხის მასხრად აგდება. სამართლიანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ ერთხელ - ზვიად გამსახურდიას დროს ჩატარდა და იმ არჩევნებში მთელმა ერმა მიიღო მონაწილეობა, მერე კი, ჩვენმა ვაი-პოლიტიკოსებმა არჩევნებიც ბიზნესად გადააქციეს.
- ჩანს, რომ ქართველი პოლიტიკოსების მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად ხართ განწყობილი.
- ერთი ჰკითხეთ ამ ხალხს - ცოდნა აქვთ, განათლება, თუ ჭკუა მოეკითხებათ? რას სწავლობდნენ სკოლაში, ან სტუდენტობის დროს, ან შემდეგ რომელიმემ თუ გააგრძელა სწავლა? მაგალითად, ახლანდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უმაღლესი განათლებაც კი არა აქვს მიღებული. ჩვენს პოლიტიკოსებს მარტო ფული აინტერესებთ, ხან შევარდნაძესთან იყვნენ შეკრულები, ხან - სააკაშვილთან და რომ დასჭირვებოდათ, ჰიტლერსაც შეეკვრებოდნენ. წარმოდგენაც კი არა აქვთ პოლიტიკაზე, ელემენტარული კითხვები დაუსვით და ვერ გიპასუხებენ. ერთი ჰკითხეთ, რა წაუკითხავთ პოლიტიკაზე, ან ჩვენი ქვეყნის ისტორია თუ იციან საერთოდ?! დადიან, დახეტიალობენ და ამ საცოდავი ქვეყნის ბედით ვაჭრობენ!
- ვინმეს თუ გამოყოფდით მათ შორის? …
- დამიჯერეთ, პოლიტიკოსი საქართველოს არა ჰყავს, პოლიტიკოსები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ახლა გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და იმასაც სისხლს უშრობენ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი - თუ ჩვენი ერი ივანიშვილს არ გაჰყვება, დაღუპულია! საქართველო დღეს კატასტროფულ მდგომარეობაშია: კოლუმბიის უნივერსტეტმა გამოკვლევა ჩაატარა და 446 ქვეყანას შორის საქართველო აღმოჩნდა ყველაზე უბედური სახელმწიფო. 25 წელია ვიბრძვი, ჯერ შევარდნაძეს და მის რეჟიმს ვეწინააღმდეგებოდი, რის გამოც ჩემს ოჯახსა და ახლობლებს არაერთი უსიამოვნება შეხვდათ. ყოველთვის ვამბობდი, რომ შევარდნაძე ამ ქვეყნის დასაღუპად იყო მოსული და დაგვღუპა კიდეც, მაშინ სად იყვნენ დღევანდელი პოლიტიკოსები? ხმას რატომ არ იღებდნენ? ვკითხოთ ამ "ნაცისტ" ვითომ პოლიტიკოსებს - რისთვის მოვიდნენ ამ ქვეყანაზე და საერთოდ, რას ემსახურებიან? მაგათი "მოღვაწეობის" დახასიათება ორი წინადადებით შეიძლება: წავიდნენ ევროპაში, გახდნენ პედერასტები, ჩამოვიდნენ და საქართველო გაძარცვეს. არავინ იცის, რა ოდენობის სახელმწიფო ქონება აქვთ მოპარული. საქართველოში იმდენი ნიჭიერი კაცი ცხოვრობს, ვის მოატყუებენ ესენი? მე დებატებში ვიწვევ ამ ხალხს და ყველას დავანახებ, რომ ისინი უვიცები არიან, თანაც ნურავის დაავიწყდება, რომ ამ ფაშისტებმა ეროვნული მთავრობა დაამხეს. უკვე დადგა დრო, რომ ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის სადავეებს მოვაშოროთ - ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან.
- ბატონო როინ, თქვენ რას აპირებთ - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ, თუ - არა?
- ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა დიდი შანსია, რომ მივიღო. ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა - ძალიან დიდ პატივს ვცემ გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც კარგად ვიცნობ: პატრიოტი, ნიჭიერი და განათლებული პიროვნებაა. ამავე დროს, ის მართალი და პატიოსანი კაცია. ამიტომ, მეორე ტურში სწორედ მარგველაშვილი და ჩვენი "ეროვნული მოძრაობის" წარმომადგენელი გავლიან, მაგრამ ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი კანდიდატი 30-31 აგვისტოს დასახელდება, იმის შემდეგ, რაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი ყრილობა ჩატარდება. ასეთი გეგმა და პროექტი გვაქვს და ვნახოთ რა მოხდება. სამწუხაროდ, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში "სამარიაჟოდ" და სამასხარაოდ გადააქციეს, ახლა კი დადგა დრო, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებაში ზნეობრივი ადამიანები უნდა მოვიდნენ. უზნეო, უვიცმა და გამყიდველმა ვაი-პოლიტიკოსებმა დაღუპეს ჩვენი სამშობლო და ასეთი ხალხი სახელმწიფოს სათავეში აღარ უნდა გავაჭაჭანოთ!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)