გოგა ხაინდრავა – "ბაქრაძე სააკაშვილის მედვედევი იყო"
"დეგენერატი სააკაშვილი ფიქრობს, დაგვავიწყდა, როგორ გაიქცა კუდამოძუებული ბრძოლის ველიდან" - ამბობს გოგა ხაინდრავა, რომელსაც იმედი აქვს, რომ მალე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება და იქ უტყუარ მტკიცებულებებს წარადგენს, მანამდე კი პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუზე გაგვიზიარა საკუთარი მოსაზრება...
- იმ ადამიანებს, ვისაც ელემენტარული ცოდნა გააჩნიათ, კარგად იციან, თუ რამ განაპირობა ვახტანგ მეექვსის რუსეთში წასვლა, რა მასშტაბის წასვლა იყო - მარტო არ წასულა, ფაქტიურად ნახევარი სამეფო კარი გაჰყვა მას. უზარმაზარი ღვაწლი აქვს რუსეთში ჩასვლის შემდეგ და ეს სულ სხვა საუბრის თემაა. სხვათა შორის, ვახტანგ მეექვსეს უდიდესი წვლილი მიუძღვის რუსეთის სახელმწიფოებრივ ჩამოყალიბებაშიც... მე არანაირი პრეტენზია ისტორიის ექსპერტობაზე არ მაქვს, მაგრამ ინტერესი საკუთარი ისტორიის მიმართ საკმარისია იმისთვის, რომ იცოდე, რომელ ისტორიულ პერსონაჟს რა ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე. დარწმუნებული ვარ, მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ მეექვსის სახელის და ნომრის მეტი არაფერი იცის, ამიტომაც იმ დანაშაულებს უფრო უნდა მივაქციოთ ყურადღება, რაც სააკაშვილმა თავის გამოსვლაში აღიარა, ვიდრე იმას, ბნელი და გაუნათლებელი ადამიანი რომ ისტორიულ წიაღსვლებს აკეთებს. სააკაშვილი დეგენერატია და ფიქრობს, დაგვავიწყდა, ვინ გაიქცა კისრისტეხით ბრძოლის ველიდან.
- კერძოდ, რა დანაშაულები აღიარა თქვენი აზრით?
- საგამოძიებო ორგანოებს ვურჩევდი, მიშას გამოსვლებისას ფხიზლად იყვნენ... კონკრეტულად კი მათ, ვინც ომის გამოძიების საკითხებით არიან დაკავებული, ასევე მათ, ვინც იძიებს სახელმწიფოებრივ დანაშაულებს, რომელიც საქართველოში სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იქნა ჩადენილი. ამ ხალხმა მიხეილ სააკაშვილის იმპულსური თვითაღიარებები უნდა ჩაიწეროს, მისი ყველა გამოსვლა პრაქტიკულად რამდენიმე სამხილს შეიცავს საკუთარი თავის მისამართით... გუშინ მან ბრძანა, რომ პრაქტიკულად საქართველოს გაყიდვას აპირებდა, არავითარი ნატო არ აინტერესებდა, რომ ეს იყო მხოლოდ თვალთმაქცობა და ღიად დაადასტურა, რაზეც ჩვენ წლების მანძილზე ვსაუბრობდით: სააკაშვილი მოქმედებდა რუსული ინტერესების განსახორციელებლად. ინტერვენციამდე ბევრად უფრო ადრე ე.წ. პრეზიდენტი მზად იყო, რომ აფხაზეთი პუტინისთვის მიეყიდა, ოღონდაც მისი კეთილგანწყობა დაემსახურებინა... ერთადერთი, სადაც სააკაშვილზე საუბარი შეიძლება, სასამართლო პროცესი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს დღე მალე დადგება. ბევრი რამ მაქვს სათქმელი, ბევრი მასალა გამაჩნია ხელთ, ბევრი რამის მომსწრე ვარ. როგორც მთავრობის და საზოგადოების წევრი. უტყუარ მტკიცებულებებს წარვადგენ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფო დამნაშავეა. მიხეილ სააკაშვილს არა მარტო თავისი ქვეყნის წინაშე, არამედ კაცობრიობის წინაშე აქვს დანაშაული ჩადენილი... ის, რომ დისკოთეკაზე მედვედევთან ერთად ცეკვავდა, თავის ქვეყნის ისტორიის არცოდნა ზღაპრებია ამასთან შედარებით.
- დიმიტრი მედვედევის გამოსვლაზეც ალბათ კრიტიკული შეხედულება გაქვთ?
- მედვედევის გამოსვლა თითქმის არ მინახავს. რუსებს არ აინტერესებთ მედვედევის აზრი და ქართველებს რატომღა აინტერესებთ ასე ძალიან?!.. ნაციონალები რატომ ტეხავენ ამ აჟიოტაჟს, გასაგებია. მედვედევს არასოდეს ინტერვიუ არ მიუცია ქართული მედიისთვის და რა მაინცდამაინც რუსთავი ორი მოუნდა და თან არჩევნების წინ?! მედვედევი რომ გამოვიდა და რუსთავი ორის ეთერით ისაუბრა, თვითონ ეს ფაქტი არის ჩემთვის მრავლისმთქმელი. მედვედევი ფუტუროა და იგი არაფერს არ წარმოადგენდა რუსულ პოლიტიკაში, ქვეყნის სათავეში პუტინმა მარიონეტივით დააყენა. სააკაშვილს კი საქართველოში თავისი მედვედევი ჰყავდა - დავით ბაქრაძე, რომელიც ვითომ პარლამენტის თავჯდომარე იყო და ამ დროს არაფერს ნიშნავდა. არც ახლა წარმოადგენს არაფერს...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)