"ივანიშვილი ბიზნესში იმდენად დაუნდობელი იყო, "მახრჩობელას" ეძახდნენ და მისი წმინდანად გამოყვანა სიბრმავეა"
ნოდარ სარჯველაძე - "ივანიშვილი ხვდება, თუ კიდევ დარჩება ხელისუფლებაში, დალაქავდება, ამიტომაც მიდის"
"სააკაშვილი პოლიტიკურად ბანკროტია და წარსულის ლანდებს ელაციცება"
"დღეს ადამიანებს სამართლიანობა კი არ სწყურიათ, უსამართლობა არ უნდათ"
ქართველმა საზოგადოებამ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება აღარ ინდომა, ამით უარი უთხრა მისი მმართველობის დროს დამკვიდრებულ უსამართლობას და იმედი გაუჩნდა, სამართლიანობა იზეიმებსო. თუმცა სამართლიანობის აღდგენაზე ნაოცნებარ ხალხს სასამართლომ გამოუცხადა, ბაჩანა ახალაიაც კი მართალიაო. რაკი მის გამართლებას სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებაც დაერთო, ეჭვი აფუთფუთდა - ეგებ თავიდანვე ასე (მხოლოდ მიშას მოცილება) იყო დაგეგმილი. "ოცნებამ" გამოგვიყენა, ახლა "ნაციონალებთან" გარიგდა და ჩვენს ტკივილსადა ბოღმაში ჩასახარშად გაგვიმეტაო. ღა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებაში გაჩენილ ასეთ განწყობას, ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე გვესაუბრა:
- საკითხავია, რა უნდა ხალხს - სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება თუ ის, რომ უსამართლობა არ იყოს? ცალკეული დანაშაულის გამოძიებას დრო სჭირდება, მაგრამ ადამიანებს უნდათ უსამართლობა დღესვე აღმოიფხვრას. უფრო მეტიც, ხალხის შეკვეთაა აღვირახსნილი უსამართლობა იმით აღმოიფხვრას, რომ დამნაშავენი დაისაჯონ, ხოლო ნაციონალური მოძრაობა თავისი ლიდერებითურთ პოლიტიკური სარბიელიდან გაქრეს. უსამართლობის აღმოფხვრა მოსახლეობას დასჯის მომენტამდე დაჰყავდა. ხელისუფლებასაც სურდა იგივე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურვილის თუ ოცნების განხორციელება არ არის ადვილი. სამართლიანობის დამყარება და უსამართლობის სწრაფი ალაგვმა სხვადასხვა ტემპს მოითხოვს. სამართლიანობის დამყარებას (რაც ახალმა ხელისუფლებამ დაისახა მიზნად) შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მოსახლეობას კი სურს უკვე ახლა იყვნენ დასჯილნი დასასჯელები. მოსახლეობისა და ხელისუფლების სურვილები და მიზნები ერთმანეთისგან აცდენილი რომ არის, იმითაც დადასტურდა, რომ როდესაც სასამართლომ ახალაიას ვერაფერი მოუძებნა და ამდენად იგი გაამართლეს, ხელისუფლებამ თქვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ჩავერიეთო. ხალხს, რომელსაც უსამართლობის აღკვეთა დამნაშავეთა დასჯით სურს, ხელისუფლება სასამართლოს ზეგავლენისაგან დაცულობაზე ელაპარაკება, რაც გამწარებულ მოქალაქეს სულაც არ აინტერესებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ პასუხობს მოსახლეობის შეკვეთას. მათ ამის გამო არ მიუციათ ხმა "ქართული ოცნებისთვის". ხელისუფლების რეიტინგი უკვე დაბლა მოცოცავს. ხალხისგან მსმენია, ერთი გახმაურებული საქმეც ვერ გახსნესო. შეიძლება გახსნეს კიდეც, მაგრამ სამართლიანი სახელმწიფო ისეთ ფაქტებს ითხოვს მტკიცებულებად, რომელთაც წყალი არ გაუვა. სანამ წყალგაუვალ ფაქტებს არ მოიძიებენ, დანაშაულს ვერავის დაუმტკიცებენ.
- ბაჩანა ახალაიას დანაშაულზე წყალგაუვალი ფაქტების მოძიება გაუჭირდა პროკურატურას?
- სააკაშვილი და მისი გუნდი იმდენად გაწვრთნილი გაიძვერები არიან, რამეს რომ აფუჭებდნენ, ადვილად კვალს არ ტოვებდნენ. ხელისუფლებამ კვალი შეიძლება დატოვოს ისეთ სახელმწიფოში, როგორიც გერმანიაა. გერმანელები იმდენად პედანტები არიან, ჰიტლერის მთავრობა საკუთარდანაშაულსაც გულდასმით აღნუსხავდა და უამრავი კვალი დატოვა. საქართველოში კი ყველაფერი მალვასა და უკანონობაზე იყო აგებული. როდესაც დანაშაულს სჩადიოდნენ, ხელისუფლებაში იყო ხალხი, ვინც ამ კვალს შლიდა. ამიტომაც გახდა ახალაიას საქმეში მატერიალური მტკიცებულებები ძნელი მოსაძებნი. ახალაიას ვინმესთვის ფიზიკური ზიანიც რომ მიეყენებინა, თვეების მერე ეს აღარ ჩანს. ახლა ხუთასმა მოწმემაც რომ თქვას, ახალაია ჩვენზე ზეწოლას ახდენდაო, ეს მხოლოდ სიტყვებია.
- რადგან სასამართლოში ახალაიას დანაშაულიც კი ვერ მტკიცდება, საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, ხომ არ იყო თავიდანვე შეთანხმებული გეგმა "ოცნებასა"და "ნაციონალებს" შორისო.
- ასე ისინი ფიქრობენ, ვისაც მოლოდინი გაუცრუვდა. შესაძლოა, ახალ ხელისუფლებას მოსწყინდა კონფრონტაცია ძველთან და ერთმანეთისკენ ხიდებს დებენ. უსუფაშვილსა და ბაქრაძეს ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვთ. შეიძლება ყოფილი ხელისუფლებიდან ვინმემ ისიც კი თქვას, "ოცნებაში" ვინც ჩემზე უდანაშაულოა, ქვა იმან მესროლოსო. "ოცნების" წარმომადგენლები მორალურად რით არიან "ნაციონალებზე" უკეთესები? იქ ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც თავის დროზე შევარდნაძესთანაც იყო და სააკაშვილთანაც.
- ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა პოლიტიკაში.
- დიახ, მაგრამ ბიზნესში იმდენად დაუნდობელი იყო, "მახრჩობელას" ეძახდნენ და მისი წმინდანად გამოყვანა სიბრმავეა. თუ ხელისუფლება მიჰყვა ადამიანების ნებას და დაიწყო დაჭერები, კაცი უნდა დაიჭირონ - 300-400?
- მთავარი დამნაშავეები მაინც, ასეთია ხალხის სურვილი. თორემ შეიძლება მერე ხალხმა თვითონ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა და შურისძიება.
- სასამართლოს არ აინტერესებს, ვის რა ბოღმა დაუგროვდა. ვინც თვითნებურად დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას, დასჯიან. ვინც შურისძიების გამო დაარღვევს კანონს, ასევე დაისჯება. შურისძიება ბოროტებაზე ბოროტებით პასუხსნიშნავს. გარდა იმისა, რომ ეს უკანონო და იმპულსური ქმედებაა, სამაგიეროს მიზღვა ველური წესია. მაშინ რით იყო სისხლის აღების ადათი ცუდი, რომელიც ძალიანაც სამართლიანი იყო და საკითხს ასე არეგულირებდა - "სისხლი სისხლის წილ"? მაგრამ ეს გადალახა კაცობრიობამ.
უკვე მერამდენედ ვიჭედებით ერთსა და იმავე ადგილზე. რაიმე მიზნისკენ კი არ ვისწრაფვით, არამედ არჩევნებზე მივდივართ იმიტომ, რომ ვიღაც აღარ იყოს ხელისუფლებაში. გამსახურდიას ხმა იმიტომ მისცეს, რომ კომუნისტები არ ყოფილიყვნენ. შევარდნაძეს ხმა მისცეს იმის გამო, რომ ზვიადისტები არ უნდოდათ, სააკაშვილის მოსვლის წინ იყოლოზუნგი "საქართველო შევარდნაძის გარეშე". ახლა კი "ქართული ოცნების" კრედოა "საქართველო სააკაშვილის" გარეშე. მაგრამ რამდენი უნდა იძახო "გარეშე" და "გარეშე"-ო?! ჩვენი საზოგადოების ემოციური არჩევანი ხშირად უარყოფაზეა დამყარებული. დღესაც ადამიანებს სამართლიანობა კი არ სწყურიათ, არამედ არ უნდათ უსამართლობა დამნაშავეთა დაუყონებლივი დასჯის მეოხებით. ისინი ისევ რაღაცის უარყოფაზე არიან ორიენტირებულნი. რომ შესაძლებელი იყოს გაჰყვე მათ ნებას, რასმივიღებთ შედეგად? პროგნოზებისგან ამჯერად თავს შევიკავებ და ისევ ხელისუფლებას დავუბრუნდები. ივანიშვილმა თქვა, დავალაგებ ყველაფერს და წავალო. მას თავი დამლაგებლად წარმოუდგენია განსხვავებით სააკაშვილისაგან, რომელსაც თავი აღმშენებლად წარმოუდგენია. დამლაგებელი სახლს რომ ალაგებს, მერე მიდის და ამას აპირებს ივანიშვილიც. მას აქვს დიდი ფული, გარანტირებული მდიდარი ცხოვრება და ახლა სურს უკვდავჰყოს სახელი, საქართველოს ისტორიაში ლაქის გარეშე შევიდეს. კარგად ხვდება, თუ კიდევ დარჩება ხელისუფლებაში, დალაქავდება (საქართველოს ყველა პრეზიდენტს დარჩა ლაქა), ამიტომაც მიდის. ეს სავსებით რაციონალური გათვლაა.
ამ მთავრობამ სამართლიანი სახელმწიფოს აშენება შეიძლება შეძლოს კიდეც, მაგრამ მოსახლეობის შეკვეთა უსამართლობის აღკვეთაა. ეს ხელისუფლება ვერ გახდა არსენა ოძელაშვილი, რადგან უსამართლობა რომ აღკვეთო, ტოტალიტარული რეჟიმი უნდა დაამყარო. ივანიშვილი მთავარ დამნაშავეებს წააჭრიდა თავებს და ხალხიც იტყოდა, რა კარგი გააკეთაო, მაგრამ ახლა სხვა ეპოქაა და ხალხის მოთხოვნა დღევანდელი რეალობის არაადეკვატურია.
- ხელისუფლებამ ხალხს არ უნდა აჩვენოს, რომ უსმენს და ზრუნავს მასზე?
- ხალხზე ზრუნვას ესენი ვერ შეძლებენ. ამ ხელისუფლებას გამარჯვებულის (სააკაშვილის დამმარცხებლის) იმიჯი აქვს და არა ხალხზე მზრუნველის. მათ უპასუხეს ხალხის მოთხოვნას "არ გვინდა სააკაშვილი". ხალხს სჭირდებოდა სააკაშვილის გაგდება. ამათ გააგდეს და ფარდა დაიხურა. მოსახლეობაში ეს ხელისუფლება აღიქმება გამარჯვებულად და არა მზრუნველად. მზრუნველი სხვა მთავრობა იქნება, რომელიც ამ ხელისუფლების მერე მოვა. ჩვენი საზოგადოების გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება. ჩვენ უკვე გავიზარდეთ იმით, რომ პირველად მოხდა ხელისუფლების გადაბარება. დემოკრატიისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და ეს დიდი რამეა. ვინც გაბრაზებულია, დღეს მჯიღს ირტყამს გულში, მაგრამ სახელმწიფო ამისთვის ვერ მოიცლის.
- სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ თქვა, ვახტანგ VI-მ საქართველო მიატოვა, მე კი არაო. რატომ აკეთებს ის ხშირად პარალელებს ისტორიულ პირებთან?
- სააკაშვილი პოლიტიკურად ბანკროტია და წარსულის ლანდებს ელაციცება. პრეზიდენტი თავის თავში დარწმუნებული არ არის და ამიტომაც მუდმივად ვიღაცას ადარებს თავს. გარდა ისტორიული პერსონებისა, ხშირად ედრება შევარდნაძეს, - მასთან შედარებით მე უკეთესი გავაკეთეო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ იგი განიცდის თვითკმარობის დეფიციტს. როცა ამბობ - ვიღაცაზე კარგი ვარო, ე. ი. საკუთარ სისუსტეს გრძნობ და ცდილობ, ეს იმით დაფარო, რომ ვიღაცას ამოიჩემებ წარსულიდან. როცა ვიღაცას ედრები, ჩემპიონობა კი არ გინდა, არამედ გინდა სუსტზე უკეთესი იყო.
იზო რიკაძე(სპეციალურად საიტისთვის)