გია მაისაშვილი - ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე?
"კრეისერის გემბანზე ორი ანჩხლი და უმწიფარი შვილი ერთმანეთს ეკინკლავება - არა მე, არა მეო, მამა კი მშვიდად დგას მათ შორის, ორივეს ტუქსავს და წესრიგისკენ მოუწოდებს. ამის შემდეგ, ამ ორ ანჩხლს ჩაბარებულ ქვეყანას როგორ შეიძლება პატივს სცემდნენ სადმე? როდემდე უნდა გეძინოთ, ხალხო? შვილები არ გიყვართ? ან საკუთარი ქვეყნის ღირსება?" - ასე შეაფასა "ფეისბუქის" თავის გვერდზე ამერიკულ ხომალდზე პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირება "ლიდერთა სკოლის" ხელმძღვანელმა, ეკონომისტმა გია მაისაშვილმა, რომელიც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე გვესაუბრება:
- ჩვენ ვართ მოწმე პროცესისა, როდესაც წინა ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს თავი გადაირჩინოს, ამჟამინდელი ხელისუფლება კი სრულიად არაკომპეტენტურია და წარმოდგენა არ აქვს რა მთავარი ამოცანები უნდა დასახოს ორი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, ესენია: განათლების სფერო და ეკონომიკა, რაც ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. განათლების გარეშე ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა ვერ მიიღწევა, ჩვენ კი ვხედავთ, რომ წინა უტიფარი და ახალი უმწიფარი ხელისუფალი, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ერთმანეთთან მდაბიოდ კინკლაობენ ამერიკის ელჩის თანდასწრებით. ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა, მეცოდება ამის მომსწრე ჩვენი საზოგადოება, ახალი თაობა, ასეთ ერს პატივს არავინ სცემს.
- ბატონო გია, მსგავსი რამ თუ გახსენდებათ უახლესი ისტორიიდან ან მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ელჩს საკუთარი მიმიკის გამო განმარტება გაუკეთებია…
- ძალიან კარგად ვიცნობ უახლესი დიპლომატიის ისტორიას და მსგავსი რამ არ მახსენდება. ახლა იმას კი არა აქვს მნიშვნელობა, ამერიკის ელჩი სად გაიღიმებს ან საელჩო რა განცხადებებს გააკეთებს, არამედ ისაა ფაქტი, რომ მათ წინაშე, ეს ორი უტიფარი ადამიანი ერთმანეთს ეკინკლავება და მათ კინკლაობაში გამშველებელი, ფაქტობრივად, ამერიკის ელჩი გამოდის. ამაზე მეტი სირცხვილი და უბედურება რა უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ მუდმივად იფიქრებენ, რომ ჩვენ უნდა ჩავერიოთ ამათ საქმეში და მოვუწესრიგოთ სიტუაციაო. ისინი მოგვიწესრიგებენ სიტუაციას არა ჩვენი ინტერესიდან გამომდინარე, არამედ ამ რეგიონში თავისი ინტერესიდან გამომდინარე.
- ახალი ხელისუფლების წარმომადგენელები ბოლო ხანს ხშირად ამბობენ, რომ ქვეყანაში პრობლემები არ წყდება იმიტომ, რომ სააკაშვილი რჩება ხელისუფლებაში, მისი წასვლის შემდეგ კი - ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება…
- ეს არის სამარცხვინო ზღაპრები, პატივსაცემი საზოგადოება არ უნდა ცხოვრობდეს ამგავრ ზღაპრებში. ჩვენ რომ ვიტანთ ამგვარ ზღაპრებს, იმიტომ გვყავს ასეთი უნიათო ხელისუფლება. რასაკვირველია წინა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხელი შეუშალოს არსებულ ხელისუფლებას, მაგრამ იმაში ვინ უშლით ხელს, რომ მკაფიო ამოცანები დასახონ ამა თუ იმ სფეროს განვითარებისა?!. ამ ორ უგვან, ძველ და ახალ პოლიტიკურ ძალას აწყობთ ერთმანეთი, სააკაშვილს აწყობს ასეთი არაკომპენტენტური მამრთველობა, რომ თავი გადაირჩინოს და აქტუალობა შეინარჩუნოს, მეორე მხრივ ახალ ხელისუფლებასაც აწყობს სააკაშვილისნაირი ოპოზიცია, რათა თავისი უსუსურობა დაბრალოს მას. მოკლედ, ამ კოჰაბიტაციამ ეგენი ლამის სიამის ტყუპებად აქცია, ეს მაგათ კი აწყობთ, მაგრამ საქართველოს აწყობს?
- საინტერესოა, რას ფიქრობთ საპრეზიდენტო კანდიდატებზე?
- ასეთივე სამარცხვინო მდგომარეობა აქაც, უსუსურობა და უიმედობა. მმართველი კოალიციის კანდიდატი საერთოდ არარაობაა. თუ ნინო ბუჯანაძე დაგვაწმუნებს როგორმე, რომ არ იქნება რუსეთის მარიონეტი, შეიძლება დავუჭირო კიდეც მხარი, არ ვიცი. მარგველაშვილის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ საშიშროებას იმაში ვხედავ, რომ ბიძინას მოუნდა მარგველაშვილის ტიპის ადამიანის პრეზიდენტად არჩევა. თვითონ თქვა, უსაფრთხო კანდიდატიაო, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რასაც მე ვეტყვი, იმას გააკეთებსო. ესაა სწორედ პრობლემა. ანუ მას მისდამი ლოიალური პრეზიდენტი სჭირდება, მე კიდევ მინდოდა, რომ ქვეყნისადმი და საქმისადმი ლოიალური ხელისუფლება გვყოლოდა. არ ვიცი, მოკლევადიან პერსპექტივაში ასეთი პლასტელინივით პრეზიდენტი, რომელიც ხან სად ეწებება, ხან - სად, აწყობდეს კიდეც, მაგრამ არა გრძელვადიან პერსპექტივაში. ყველა პირველი პირის დამხობის გარანტორი, როგორც წესი, ის უნიათო გუნდია ხოლმე, რომელსაც თვითონ ქმნის. ამ სიტუაციაში სრულიად აუხსნელი და გაუგებარია ივანიშვილის ლაპარაკი წასვლაზე. ჩემთვის ყველაზე დიდი მისტერია ეს განცხადებებია. ბიძინა შინაგანად კეთილშობილი კაცია და თან არ უნდა იყოს საქმეში ასეთი ჩაუხედავი, ვერ ხვდებოდეს, რომ მსგავსი განცხადებები არის ყოვლად უპასუხისმგებლო და სახელმწიფოს მართვასთან არაფერი კავშირი არა აქვს. თანაც წასვლაზე ლაპარაკით აშკარად ცელი გამოუსვა ფეხებში თავისივე საპრეზიდენტო კანდიდატს. არც ერთი სერიოზული ინვესტიცია არ შემოვა ქვეყანაში, თუ ამგვარი განცახდებები გაგრძელდა. ააშენა უკვე ქვეყანა, რომ მიდის? ამ ადამიანისადმი შიანაგანი მხარდაჭერის განცდა კვლავაც მაქვს, მისი ამომრჩეველი ვარ ოჯახია-მეგობრიან-მხარდამჭერებიანად… ძალიან იმედგაცრუებული ვარ და საკუთარ თავზეც ვბრაზობ, ასეთი სიტუაციაში რომ აღმოვჩნდით.
- ბატონო გია, ყველა ხელისუფლების დროს ქვეყნაში იყო პროფესიონალების პრობლემა, ახლაც ასეა, შესაბამისად ისმის კითხვა - რატომ არ ცდილობს ხელისუფლება თუნდაც თქვენი რესურსის გამოყენებას?
- რასკვირველია ქვეყანაში არის კომპეტენტურობის კრიზისი, ჩვენი მთავრობა წარმოდგენილია ადამიანებით, რომლისთვისაც მინისტრობა პირველი სამსახურია ცხოვრებაში. საკუთარ თავზე არ მინდა მხოლოდ ლაპარაკი, არიან ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო კლასის სპეციალისტები არიან, მათთან ხელისუფლებას არანაირი კონტაქტი არ აქვს. როცა ივანიშვილს შევხვდით და ველაპარაკეთ, გაიძახოდა, - ეს არ ვიცოდი, ის არ ვიცოდიო, თუ ამდენი რამ არ იცოდი, შე დალოცვილო, რა გინდოდა ხელისუფლებაში, ამხელა ტვირთი როგორ აიღე საკუთარ თავზე?, თავი თუ არ ეცოდება, ეს ქვეყანა მაინც არ ეცოდება სადმე გადასაჩეხად? ქვეყანა ჩამოშლის პირას არის, ამას მე ვამბობ, რომელიც სულით და გულით ივანიშვილის მომხრე ვარ ჯერაც.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)