"თუ "ნაციონალები" არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, ვანოს და გიგის პირველსავე ღამეს ბაჩო ახალაიას დაპატიმრება ჰქონდათ გადაწყვეტილი"
"დადგება დრო, როცა უამრავ ფაქტს აეხდება ფარდა"
თავად უგულავასთან ექნება ბაჩოს ბევრი კითხვა"
ერთი შეხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობას ინარჩუნებს, თუმცა როგორც პოლიტიკოსები, ისე მათთან დაახლოებული პირები გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად საუბრობენ. "კვირის პალიტრას" "თავისუფლების ინსტიტუტის" ყოფილი წევრი თეა თუთბერიძე ესაუბრა.
- ბაჩო ახალაია დიდი პოლიტიკური ოჯახის წევრი იყო, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ ზურგი აქცია. რა გახდა ამის მიზეზი?
- ბაჩო არაპოპულარული სახე იყო. ვანოსგან განსხვავებით, საკუთარ პიარზე არასდროს უზრუნია. ქვეყნისთვის ბევრი საქმე აკეთა... სხვა ლიდერებს მისი საქმეების 10%-იც რომ გაეკეთებინათ, ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. ყველა ბაჩოს წინააღმდეგ იყო განწყობილი. თავისი გუნდის წევრებმა საზოგადოებას მკვლელად და ჯალათად გააცნეს...
- ახალაიას სისასტიკის მსხვერპლი არაერთი ადამიანი გამხდარა. პატიმრებს მისი სახელის გაგონებაც კი არ უნდათ.
- ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ციხეებში ადგილი არ ჰქონია ძალადობას, მაგრამ ბაჩოს დროს "დუბინკებით" არავის აუპატიურებდნენ.
- პატიმრები ჰყვებიან, რომ ციხეებში არაადამიანური მოპყრობა სწორედ ბაჩო ახალაიას დროიდან დაიწყო.
- ყველა "კანონიერი ქურდის" ციხიდან გამოყვანისას საჭირო ხდებოდა ძალის გამოყენება. ბევრ პატიმარს არ უნდოდა ამაში მონაწილეობა, მაგრამ იძულებული იყვნენ, რადგან მაყურებლებისა და ავტორიტეტებისგან კონტროლდებოდნენ. როცა "კანონიერი ქურდების" გამოყვანისას სპეცრაზმი ციხეებში შედიოდა, ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას...
მას ჰქონდა კანონით მინიჭებული უფლება, გამოეყენებინა ძალა, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღიც. ვიმეორებ, ძალის გადამეტება იყო, თუმცა გაუპატიურება ან კარანტინის დაშლა მის დროს არ ხდებოდა.
- სასჯელაღსრულების უწყებას ახალაია რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა. დავუშვათ, მის დროს ეს არ ხდებოდა, არ იცოდა, რა სიტუაცია იყო მისი წასვლის შემდეგ?
- ვერ ვიტყვი, რომ ბაჩომ არაფერი იცოდა, მაგრამ არ ერეოდა ამ საქმეებში. კრიმინალურ წრეებში თუ "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ყველა ბაჩოს წინააღმდეგ მოქმედებდა, ამიტომაც ფრთხილობდა, სიტუაციის გართულებას ერიდებოდა.
- ახალაიამ თავი 2005 წლის ციხის ბუნტის დროს გამოიჩინა და პატიმრებს სპეცრაზმი შეუსია. ელენე თევდორაძის თქმით, ის და სახალხო დამცველი მოახერხებდნენ პატიმრების საკნებში დაბრუნებას, მაგრამ არავინ მოუსმინა.
- ნუ გავიწყდებათ, ციხეში რა კატეგორიის ხალხთან გვაქვს შეხება, ციხე საბავშვო ბაღთან არ უნდა გაიგივდეს. პატიმრები რომ საკნებში დაბრუნდებოდნენ, ილუზიაა. მსგავს სიტუაციაში, არც ერთ ქვეყანაში გარეშე პირს, მათ შორის სახალხო დამცველს, პატიმრებთან არ შეუშვებენ. მძევლად რომ აიყვანონ მოლაპარაკებაზე შესული პირი, ვინ აგებს პასუხს? ასეთ სიტუაციაში ციხის ბუნტის ჩახშობა უფრო მძიმე შედეგებით დასრულდებოდა...
"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყოველთვის მქონდა განცდა, რომ პოლიციაში ძალადობას ადგილი აღარ ჰქონდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა... როგორც ირკვევა, ლამაზ ფორმაში გამოწყობილი პატრულის გაპიარების ხარჯზე ვანო მერაბიშვილმა შუშის შენობებში შექმნილი მდგომარეობა დამალა. ძალადობა, რომელიც პოლიციაში დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, ისეთივე ფორმით დარჩა, მაგრამ ინფორმაცია, განსხვავებით სხვა პერიოდისგან, ნაკლებად გამოდიოდა გარეთ...
ვანო თავისი ოდეერების მეშვეობით ყველა სისტემას აკონტროლებდა. "ნაციონალური მოძრაობის" ფანატიკოსი მხარდამჭერებისგან განსხვავებით, ვერ დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ვანომდე არ მიდიოდა. მას ციხეებში ჩემი ყველა ვიზიტის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. შს სამინისტრომ და ვიღაცამ შიგნით ლამის კინოსტუდია მოაწყვეს და ამის შესახებ არაფერი იცოდა?!
- სად მიდიოდა ეს კადრები, იქნებ სააკაშვილი იყო ბოლო ადრესატი, ვისთანაც ეს სიბინძურე იყრიდა თავს?
- მჯერა, რომ თავიდან მიშას ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. მერაბიშვილი ტყუილად არ გადაუყენებია შს მინისტრობიდან და ტყუილად არ უთქვამს, სოფელს მიმიხედე და ეკონომიკასო. სამწუხაროდ, სააკაშვილმა ძალიან გვიან გაიგო ის, რაც წესით, მანამდე უნდა სცოდნოდა. ძნელია, როცა ადამიანის მიმართ უდიდესი ნდობა გაქვს და აღმოაჩენ, რომ მოღალატეა. მაშინ ამის გამოსასწორებლად ვერაფერი გაკეთდებოდა, რადგან არჩევნები მოახლოებული იყო. თუმცა ჩამოაშორა არა მხოლოდ შს სისტემას, არამედ ყველა უწყებას. მაშინ ითქვა, რომ ვანო სჭირდებოდა "ნაციონალურ მოძრაობას" პრემიერ-მინისტრად, სხვას ვერაფერს გააკეთებდნენ, არჩევნები წინ იყო...
- ჯიუტად ამტკიცებთ, რომ ახალაიები უფრო დასაყრდენი გახდნენ პრეზიდენტისთვის, ვიდრე მერაბიშვილი. არადა, ამბობენ, რომ პრეზიდენტის ჩათვლით, ყველამ ზურგი აქცია ბაჩო ახალაიას. მეტიც, გიგი უგულავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ კითხვები აქვს ბაჩო ახალაიასთან.
- არ ვიცი, რა თქვა უგულავამ, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ თავად უგულავასთან ექნება ბაჩო ახალაიას ბევრი კითხვა.
- რასთან დაკავშირებით?
- ჩემი აზრით, თუკი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, პირველსავე ღამეს ბაჩო ახალაიას დაპატიმრება ჰქონდათ გადაწყვეტილი.
- თუკი პრეზიდენტი ახალაიებს უფრო ენდობოდა, ვიდრე მერაბიშვილს, რატომ უნდა დაეჭირა?!
- პრეზიდენტი კი არა, ვანო და გიგი აპირებდნენ მის დაჭერას. როცა ბაჩო გამოვა, კითხვები ექნება არა მარტო უგულავასთან, არამედ ბევრს მოუწევს მისი მოსმენა, მათ შორის პრეზიდენტსაც. ვინც გადაიყოლა ეს სახელმწიფო, ამისთვის პასუხს მოვთხოვთ ყველას. იმიტომ არ გვიბრძოლია, რომ ქვეყანა ვიღაცების კეთილდღეობას და პირად ინტერესებს გადაჰყოლოდა. დადგება დრო, როცა უამრავ ფაქტს აეხდება ფარდა.
- თქვენც ხომ არ გიღებდნენ ფარულად?
- არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა მათი ფილმების ობიექტი, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მკიდია! რა უნდა გადაეღოთ, პირადი ცხოვრება?! თუ ვინმეს უნდოდა, ბევრ რამეს ვასწავლიდი!
უტა ბიწაძე