"ავთანდილ ბერიძე არის VIP, ისევე როგორც მისი მანქანა და მას ყველგან შესვლის უფლება აქვს"
ინტერნეტით გავრცელდა ბათუმის ლეიბორისტული პარტიის წევრის, დავით რობაქიძის მიერ გადაღებული ფოტო, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის მანქანა აკრძალულ ტერიტორიაზე დგას. სამწუხაროდ ბატონ ავთანდილთან დაკავშირება გადაულახავ დაბრკოლებად იქცა, ამიტომ მის პრეს-სპიკერს, ქალბატონ მარინა კუპრეიშვილს ვესაუბრეთ.
- დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამ განაპირობა ამ მანქანის იქ ყოფნა. ფაქტია რომ იქ ნამდვილად იყო მანქანა და ამას არავინ უარყოფს. არ გამოვრიცხავ, რომ მანქანაში საპატიო სტუმარი იჯდა. სიმართლე გითხრათ, ბატონი ავთანდილი არის მაღალი რანგის საჯარო მოხელე, ე.წ. VIP და მისი მანქანაც არის VIP და აქვს ყველგან შესვლის უფლება.
- თუმცა ბულვარის დირექტორი ამბობს, რომ სასწრაფო, სახანძრო და ნაგვის მანქანის გარდა სხვა არცერთ მანქანს არ შეუძლია ამ ტერიტორიაზე შესვლა.
- როგორც ბატონი რობაქიძე ამბობს, დაცვის სამსახურმა გახსნა ჯაჭვი და გაატარა, ანუ ამ მანქანას ქონდა უფლება, რომ შესულიყო. თუ ეს უკანონოდ გააკეთეს, მაშინ დაცვის სამსახურს მიმართეთ და გაარკვიეთ, ვისი მითითებით გააკეთეს ეს. შესაძლოა, ქალბატონი ლიანა ისაკაძე იჯდა მანქანაში და უბრალოდ ქალბატონს სცა პატივი და მიიყვანა თეატრამდე.
- დავით რობაქიძე ამბობს, რომ მანქანიდან არავინ გადმოსულა.
- დავით რობაქიძე არის ლეიბორისტული პარტიის წევრი, განთქმულია თავისი ექსტრავაგანტულობით, უყვარს ხმაურის ატეხვა, მის ყველა განცხადებაზე კომენტარის კეთება არასერიოზულად მეჩვენება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ავთანდილ ბერიძის დაცვის სამსახური არის VIP და ნებისმიერ ადგილას მისვლის უფლება აქვს. დარწმუნებით შემიძლიათ გითხრათ, რომ ავთანდილ ბერიძე, თავს არასოდეს მისცემს უფლებას, ბათუმის ბულვარში მანქანით ისეირნოს. ბევრისგან განსხვავებით, მას არანაირი პრობლემა არ აქვს ფეხით გადაადგილდეს, რადგან მას ბათუმში კარგად იცნობენ და დიდ პატივსაც სცემენ.
- მინდა მანქანის ნომერზე გკითხოთ, 041 - ეს სპეციალურად შეარჩია ბატონმა ავთანდილმა?
-ბატონი ავთანდილი იყო "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მოხდა ისე, რომ მანქანზეც მოუწია ნომერი 041. ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ. ვერ გეტყვით, სპეციალურად აირჩია თუ არა ეს ნომერი, მაგრამ ამაში კრიმინალს ვერ ვხედავ, მგონი ამით კანონი არ დარღვეულა.
- თუ ბატონი ავთო, მართლაც შევიდა იქ თავის მანქანით კანონით გათვალისწინებული ზომით უნდა დაისაჯოს თუ არა?
-ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან მე არ ვარ სამართალმცოდნე. ეს უნდა დაეკითხოთ ბათუმის ბულვარის წარმომადგენლობას და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებს, ვინც ეს მანქანა იქ შეუშვა.
- როგორ ფიქრობთ, უშუალოდ ავთანდილ ბერიძემ არ უნდა გააკეთოს ამაზე კომენტარი?
-უკვე მერამდენედ გიმეორებთ, რომ არის ძალიან დაკავებული,ახლაც გერმანელ სტუმრებთან აქვს შეხვედრა, აქვს ძალიან დატვირთული რეჟიმი.
- და ბატონმა ავთანდილმა არანაირი კომენტარი არ უნდა გააკეთოს, თუ რატომ იყო მისი მანქანა ბულვარში კანონდარღვევით?
- ჩემო კარგო, ავთანდილთან ამ თემაზე არ მისაუბრია და არაა ჩახედული ამ საკითხში. გამაგებინეთ, რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი ეს საკითხი? მთაწმინდის პარკში მანქანების კორტეჟი დარბოდა და ამას არ ქონია პოლიტიკური სარჩული და რატომღაც ავთანდილის მანქანის გამოჩენაზე რა პრობლემა შეიქმნა, ვერ ვხვდები.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)