გრიშა ონიანი: "სტალინს სააკაშვილის ავანტიურისტი და ფულის ხამი ფანები ღებავენ"
"სტალინის ძეგლი 21 დეკემბერს გორში, სახლმუზეუმის ეზოშიც გაიხსნება, შემდეგ ტყიბულში, მერე ქუთაისში და ასე, მთელ საქართველოს უნდა მოვფინო სტალინის ძეგლები... როცა "ნაციონალები" ამოიძირკვებიან ამ ქვეყნიდან, ივანიშვილთან მივალ და საკითხს ოფიციალურად დავაყენებ. ახლა მეხათრება, მივიდე და სტალინზე რამე ვთხოვო, დაკავებულია კაცი" - აცხადებს მოძრაობა "სტალინელის" ხელმძღვანელი გრიშა ონიანი.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ თელავში სტალინის ძეგლი აღნიშნული მოძრობისა და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით გაიხსნა.
- ძეგლი მე გავხსენი. მუნიციპალიტეტის გამგეობას მივწერეთ, რომ თელავის მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, შინმოუსვლელთა მემორიალთან სტალინის ძეგლის დადგმა გვინდოდა.
აპრილში მომივიდა პასუხი, რომ მუნიციპალიტეტი ამის წინააღმდეგი არ არის. ძეგლი დაზიანებული იყო, აღდგენითი სამუშაოები ჩავუტარეთ და დავდგით.
- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სტალინის თითქმის ყველა ძეგლი ვარდისფრად შეღებეს, რისთვისაც არავინ დასჯილა. ძეგლის დადგმის შემდგ იგივე განმეორდა თელავშიც. რას იტყვით ამის შესახებ და როგორ ფიქრობთ, ვისი ნამოქმედარი შეიძლება იყოს ეს?
- ეს მოიმოქმედეს ნაციონალების ტვინდამთხვეულმა რაზმებმა. ქართული ტრადიციებისა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მებრძოლმა ხალხმა და მათმა დაქირავებულმა აგენტებმა. მათ საქართველოში დადგმულ სტალინის ყველა ძეგლს შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ დადგება დრო, მათ მეთაურ მიშიკოსაც შეასხამენ საღებავს და ამით დასრულდება ამ საცოდავი კაცის მცდელობა, საქართველოში მდგომარეობა შეინარჩუნოს.
სწორედ მისი ავანტიურისტი და ფულის ხამი ფანების ხელდასმით ხორციელდება სტალინის ძეგლის შეუარცხყოფა. ეგენი რუსთაველზე პატიოსნებას ყიდიან, რომ ფული მიიღონ იმ ორგანიზაციებისგან, რომელთაც საქართველოს მორალური გახრწნა სურთ. სულაც არ მიკვირს, რომ ფულის გამო არიან გაგიჟებულები. სტალინზე კი წარმოდგენაც არ აქვთ. რომელ საუკუნეში ცხოვრობდა, ის არ იციან.
- მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ ძეგლის დადგმა არ იყო შეთანხმებული გამგეობასთან და იმსჯელებენ იმის შესახებ, დარჩება თუ არა ის თავის ადგილას...
- როგორც კი მაგ ძეგლს აიღებენ, იმდღესვე აიღებენ მაგ გამგებელსაც. როგორ არ გვქონდა ნებართვა. მაქვს ამის დამამტკიცებელი დოკუმენტი და მოგაწვდით კიდეც.
- სხვა რაიონებშიც თუ იგეგმება ახლო მომავალში ძეგლის გახსნა?
- სტალინის ძეგლი 21 დეკემბერს გორში, სახლმუზეუმის ეზოშიც გაიხსნება, შემდეგ ტყიბულში, მერე ქუთაისში ვაპირებ ძეგლის აღდგენას და ასე, მთელს საქართველოს უნდა მოვფინო სტალინის ძეგლები. ახმეტაში, ზემო ალვანშიც ჩვენ გავხსენით ძეგლი.
- ძეგლის ქუთაისში და ტყიბულში დადგმაზე თუ გაქვთ უკვე ნებართვა?
- ჯერ არ მაქვს, მაგრამ ხალხის ნებას წინ ვერავინ დაუდგება. მთელ მსოფლიოში მოვჭრი თავს ხელისუფლებას. მე დავდგამ და ვინც დანგრევას მოინდომებს, პასუხს თვითონ გავცემ. არსად არ არის კანონი, რომ სტალინის ძეგლის დადგმა მის სამშობლოში აკრძალულია. ამიტომ, არავის არ ვეკითხები. რაც აკრძალული არაა, ნებადართულია.
საზოგადოების მტერი ხელისუფლება გვყავდა. ბერლინში, სადაც სტალინმა ერთი ტონა გავარვარებული რკინა ჩამოაგდო, ათ ჰექტარზე სტალინის დიდების მუზეუმია განთავსებული. ასევე, ავსტრიაშიც, სადაც ძეგლზე წარწერაა, რომ 1913-ში აქ სტალინი ცხოვრობდაო. სადაც კი ფეხი დაუდგამს, ყველგან არის მისი ძეგლი. რა გახდა საქართველო, რომ ამ ერთ სახელოვან ადამიანს ვერ ინელებენ?!
- რას იტყვით ახალ ხელისუფლებაზე?
- ამ ახალი ხელისუფლების მომხრე ვიყავი და ხმა მათ მივეცი, მაგრამ სანამ "ნაციონალური მოძრაობა" იბოგინებს ამ ქვეყანაში, მანამდე ვერ "ვაწვები" ბიძინას, რადგან მერე მიახტებიან და იყვირებენ, რომ სამხედრო კომუნიზმი და ქვეყნის უკან დაბრუნება უნდაო. ამიტომ, ახალი ხელისუფლება თამაშში ჯერ ვერ შემომყავს.
როცა "ნაციონალები" ამოიძირკვებიან ამ ქვეყნიდან, შემდეგ მივალ და საკითხს ოფიციალურად დავაყენებ. ახლა მეხათრება, რომ ივანიშილთან მივიდე და სტალინზე რამე ვთხოვო, დაკავებულია კაცი.
გთხოვთ, რომ მსხვილი ასოებით დაწეროთ,
ბატონო ბიძინა, დამარცხებული მტერი განადგურებული არ არისო, ამბობდა სტალინი. სანამ "ნაციონალური მოძრაობა" არ განადგურდება და არ ამოიძირკვება, მანამდე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.
თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)