"მე და ბიძინა" და არა "მე და ბატონი ბიძინა" - თითქოს ისინი ძმები არიან" - კვირის პალიტრა

"მე და ბიძინა" და არა "მე და ბატონი ბიძინა" - თითქოს ისინი ძმები არიან"

"ივანიშვილის "მოვედი-წავალ-შეიძლება მოვიდე" ძალიან არასერიოზულია"

ნოდარ სარჯველაძე: "პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს"

"ევრაზიულ კავშირში საქართველოს არავინ არ შეიყვანს და იქ მისი ადგილი არც არის, რადგან ამ შემთხვევაში საქართველომ ნატოზე უნდა თქვას უარი. ეს კი საკმაოდ რთული პროცესი იქნება... გარდა ამისა, საქართველოს იმის გარანტიას არავინ მისცემს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრების შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაუბრუნებენ." - აღნიშნავს ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პრემიერი საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას არ გამორიცხავს. ამასთან, ფსიქოლოგი ივანიშვილის ღია წერილზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პრემიერმა თავის წერილში პასუხი უამრავ კითხვას გასცა.

- ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი წასვლის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დალაგებული იქნება. რამდენად სარწმუნოა, რომ იგი პოლიტიკურად დალაგებულ ქვეყანას დატოვებს?

- ცხადია, ეს არადამაჯერებელია. შეიძლება ითქვას, რომ მან დალაგება დაიწყო. (საერთოდ სიტყვა დალაგება აქ არ მომწონს. სააკაშვილი ამბობს, რომ აღმაშენებელი ვარო, ივანიშვილი - ვალაგებო, ანუ დამლაგებელი ვარო...) რეალურად, რაღაც პროცესი დაიწყო, მაგრამ მის ბოლომდე მიყვანას მრავალი წელი სჭირდება. თუ ამ პროცესში ივანიშვილი კიდევ დარჩა, შესაძლოა ეს უარესიც იყოს. იმიტომ, რომ ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები, მაქსიმალური გააკეთა - "ნაციონალური მოძრაობა" გააუვნებელყო და ის ზიანი, რაც ამ პარტიას რეგულარულად მოჰქონდა და შემდეგშიც შეიძლება მოიტანოს, მეტ-ნაკლებად გაანეიტრალა. ამ მხრივ, მან გასაკეთებელი გააკეთა და მეტი რა უნდა ქნას?! ახლა სურს, თავი იქ მოსინჯოს, სადაც ქვეყნისთვის მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ის მოქმედებს არა იქიდან გამომდინარე, რას ავალებს მას ხალხი, არამედ რაც მას მოსწონს. გარდა ამისა, შეუცვლელი პიროვნებები არ არსებობს. პოლიტიკაში ივანიშვილი შეიძლება ძალიან ბევრმა ჩაანაცვლოს. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ ის შეუცვლელია.

- ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი არის რგოლი, რომელიც კოალიცაიაში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს და არ გამორიცხავენ, რომ მისი წასვლის შემდეგ კოალიციაში შიდა დაპირისპირება დაიწყოს. ამის ნიშნები კი ახლაც ჩანს...

- კოალიციაში შიდა დაპირისპირება კი არ დაიწყება, არამედ უკვე დაწყებულია მისი დაარსების დღიდან. მასში იმდენად განსხვავებული შეხედულებების ადამიანები არიან გაერთიანებულნი, რომ ეს მხოლოდ ბუნებრივია. ივანიშილი რომც დარჩეს, შიდა დაპირისპირება მაინც გაგრძელდება, რადგან იგი სულ მომრიგებელ-მოსამართლის როლში ვერ იქნება. რაც მოსახდენია, უნდა მოხდეს, თუ დაიშლება კოალიცია, გამოცხადდება ახალი საპარლამენტო არჩევნები და გადალაგდება სიტუაცია. თუმცა, ამას არ ვემხრობი.

- როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ შემთხვევისთვის, თუ მარგველაშვილმა არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, გეგმა არ აქვს და თუ ასე მოხდა, შესაძლოა ეს მისი პოლიტიკიდან წასვლის დამაჩქარებელი ფაქტორიც გახდეს. ამასთან, პრემიერი მარგველაშვილს უალტერნატივო კანდიდატად მიიჩნევს. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?

- ეს არის თავისებური "პასი" თამაშში. მან არჩევანი უკვე გააკეთა და ხომ არ იტყვის, ჩემი კანდიდატი ცუდიაო. როგორც კარგმა ბიზნესმენმა, შესანიშნავად იცის, რომ ყველაფერი ვერ განხორციელდება ბაზარზე - პოლიტიკაც თავისებური ბაზარია. მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი პოლიტიკაშიც მოქმედებს. ვინ რას შესთავაზებს და მოსახლეობა რას მიიღებს, ეს არავინ არ იცის.

არ მგონია, რომ ივანიშვილს ილუზია ჰქონდეს, რომ მარგველაშვილი უალტერნატივო კანდიდატია. როცა ამას ამბობს, არასწორია. უალტერნატივო ნიშნავს, რომ ხალხს არჩევანი არ აქვს. ქართველ ხალხს უყურებს, როგორც არჩევანის არ მქონეს და რეალურად საქმე ასე არაა. უალტერნატივო არა პიროვნება, არამედ იდეა უნდა იყოს და არ მგონია, ასეთი იდეები ჰქონდეს მარგველაშვილს, რომლის საპრეზიდენტო კამპანია ძალიან რუხ ფერებში მიდის.  საინტერესოა მისი საარჩევნო მესიჯი, რომელიც ბიძინათი იწყება და მთავრდებს. ამბობს, რომ ბიძინას კაცია. "მე და ბიძინა" და არა "მე და ბატონი ბიძინა" - თითქოს ისინი ძმები არიან. მეტი მესიჯი მას არ აქვს არც ახლა და არც განათლების მინისტრობის დროს, თუ უფასო წიგნების საკითხს არ ჩავთვლით, რაც, ჩემი აზრით, იაფასიანი პოპულიზმი იყო.

- რამდენად შეიძლება გაამართლოს ამ მესიჯმა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ შესაძლოა ხალხს მხოლოდ სახელი ბიძინა აღარ აკმაყოფილებდეს. იმ ფონზეც, როცა მარგველაშვილის კონკურენტები ასევე აქტიურ კამპანიას ეწევიან და საკმაოდ მოქნილი მესიჯებიც აქვთ?

- საკმაოდ დამაჯერებელია, რომ ხალხი მარგველაშვილს ხმას მხოლოდ ბიძინას გამო არ მისცემს. თუმცა, მეორე მხრივ, ხალხისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ბოლო მომენტში რა მოხდება, არავინ იცის. პოლიტიკოსები ხანდახან ძალიან ფარისევლობენ ხოლმე და ამბობენ, რომ ხალხი ბრძენიაო, მაგრამ სინამდვილეში, ხალხს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს. ამიტომ, ბრძენია თუ არა ხალხი, არავინ არ იცის.

- პრემიერმა არ გამორიცხა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება. ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს გაერთიანება საქართველოსთვის საინტერესო შეიძლება იყოს...

- ევრაზიულ კავშირში საქართველოს არავინ არ შეიყვანს და იქ მისი ადგილი არც არის, რადგან ამ შემთხვევაში საქართველომ ნატოზე უნდა თქვას უარი. ეს კი საკმაოდ რთული პროცესი იქნება, რადგან საქართველოს დასავლეთთან უამრავი ხელშეკრულება აქვს, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ გზიდან გამოსვლა და გადართვა ჩვენს ქვეყანას ძალიან გაუჭირდება.

გარდა ამისა, საქართველოს იმის გარანტიას არავის მისცემს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრების შემთხვევაში აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დაუბრუნებენ. ამიტომ, ძალიან დაბალი შანსია, რომ საქართველოს ან ვინმე გააწევრიანებს, ან თვითონ გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, როგორც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი, თუკი ამას გადაწყვტს.

თვითონ ეს განცხადება კი არ მგონია დასავლეთში ვინმემ პროდასავლური კურსიდან გადახვევად აღიქვას, რადგან მეეჭვება, დასავლეთში ივანიშვილს საერთოდ სერიოზულად აღიქვამდნენ - მისი "მოვედი-წავალ-შეიძლება მოვიდე" ძალიან არასერიოზულია.

თეო გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)