დავით მაღრაძე: "სიმართლე გითხრათ, სააკაშვილი უკვე გულწრფელად მეცოდება"
ბიძინა ივანიშვილის "გამოსამშვიდობებელმა” წერილმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, სწორედ პრემიერის წასვლის შესახებ საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ პოეტ დათო მაღრაძესთან.
- ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი დიდ როლს ასრულებდა კოალიციისათვის და მისი წასვლა პოლიტიკური ავანსცენიდან, ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ პრობლემებს?
-პრობლემებში თუ კოჰაბიტაციას ვგულისხმობთ, ამას უპირველეს ყოვლისა აფერხებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მეცოცხეები და ჯალათები, რომლებსაც უნდათ, რომ პოლიტიკური პროცესი დაარქვან თავიანთ მეცოცხეობას.
-მინდა გკითხოთ ჭელაში მომხდარ ინციდენტზეც. ხომ არ შეუწყობს ეს ხელს რელიგიური კონფლიქტის გაღვივებას?
- იცით რა, აჯობებს, ტენდენციები გამოკვეთილი იყოს. ამ ქვეყანას საქართველო რომ ქვია ეს სათაკილო განცდებს არ უნდა იწვევდეს. ყველა აღმსარებლობას აქვს თანასწორი უფლება და ეს ერთმნიშვნელოვანია, უბრალოდ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ნაციის მიმართულება, სულისკვეთება, ზნეობრივი სამყარო მეტად უნდა გამოიკვეთოს და ეს არ ჩანს. მულტიკულტურულ სივრცეში ქართული კულტურა არ უნდა დაიკარგოს. როცა მულტიკულტურას გამოდევნებულს შენი საკუთარი კულტურა გეკარგება და გეჩაგრება, ეს მარაზმია. ამ ყველაფერს ხალხის გარკვეული ჯგუფი ხელს უწყობს, ზოგს აწყობს ეს ყველაფერი, ზოგს უნდა, ახალი ხელისუფლების მიმართ გაჩნდეს ყველა ის შეკითხვა, რაზეც თავის დროზე თვითონ უნდა გაეცათ პასუხი, უნდათ ყველა უბედურება ახალ ხელისუფლებას გადააბრალონ.
- საპრეზიდენტო არჩევნებში ძალიან ბევრი კანდიდატი დაფიქსირდა. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ამდენი კანდიდატი, ცოტა ირონიული ხომ არაა?
-სიმართლე გითხრათ, არასოდეს დავინტერესებულვარ კანდიდატების რაოდენობით, თუმცა კანდიდატების სიმრავლე პერიფერიულობის განცდას ნამდვილად იწვევს.
-პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ იყო მყინვარწვერზე, უფრო ადრე სამეგრელოში. რას ემსახურება პრეზიდენტის ასეთი აქტიურობა?
- არ მინდა ასეთი სასტიკი ვიყო და ზუსტად ვუპასუხო ის, რასაც ვფიქრობ. კაცი უკვე იმ დონემდეა მისული, რომ მიაჩნია, მსოფლიო აკვირდება მის გადაადგილებას და მისი აქეთ-იქეთ წანწალის მიხედვით ირჩევენ ტურისტები დასასვენებელ ადგილებს. ამ სულიერ ვითარებაში ჩაიგდო თავი. სიმართლე გითხრათ, უკვე გულწრფელად მეცოდება. საერთოდ, სააკაშვილის სულიერი მდგომარეობა ისე ძალიანაა დამძიმებული, რომ კითხოთ, შეიძლება ვეღარც გიპასუხოთ, სად მუშაობს და რას წარმოადგენს.
- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი არჩევნების შემდეგ გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვწეობას?
- რა პოლიტიკურ მოღვაწეობაზეა ლაპარაკი, ვერ ხედავთ, კაცი რა მდგომარეობაშია? ხან მყინვარზეა, ხან ოკეანის ფსკერზეა და გონია, ოკეანის ფსკერზე რომ გამოჩნდება, მთელი მსოფლიოს ტურისტები დაიძვრებიან ოკეანის ფსკერისკენ. ასეთი ადამიანის მომავალ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე სერიოზულად ლაპარაკი არ შეიძლება. ეს ჩვენი მხრიდან ცინიზმია. ავადმყოფს შეიძლება დასცინო?
- ბატონო დავით,მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, გამარჯვების შემთხვევაში იქნება ღირსეული პრეზიდენტი?
-მე ამ ეტაპზე შეფასებისგან თავს შევიკავებ. ყველამ თავის ბედ-იღბალი უნდა გაჭედოს დაამტკიცოს, რომ ის ღირსეული კანდიდატია.
- ასევე მინდა გკითხოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზეც, რომლის საკონსულტაციო საბჭოს წვერიც ბრძანდებით. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა კოკო გამსახურდია დაინიშნოს
- ასეთი რამ არ გამიგია. ამჟამად დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია თამაზ ტყემალაძე. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში ისეთივე ვითარებაა, რაც ჩვენს ყოფაშია - კოჰაბიტაცია ანუ ნაციონალებს ყავთ თავისი პრეზიდენტი, ოცნებას ყავს თავისი პრემიერ-მინისტრი. ამ ორი პარტიის წარმომადგენლები, მგონი, ერთმანეთის გარდა სხვას ვეღარავის ხედავენ და მეშინია, ამ დირექტორების ძიებაში ქართველი ხალხი არ გამორჩეთ მხედველობიდან, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალური პატრონი სწორედ ქართველი ხალხია
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)