ნიკა რურუა: "პუტინის ნობელის პრემიაზე წარდგენის ინიციატივა სრული კრეტინიზმია"
რუსეთის განათლების ფონდმა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიაზე წარადგინა. როგორც ტელეკომპანია "ენტევე" იუწყება, რუსეთის განათლების ფონდის პრეზიდენტმა , სერგეი კომკოვმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნობელის პრემიის კანდიდატად მშვიდობისთვის ბრძოლისა და განათლების განვითარების ძალისხმევის გამო წარადგინა... ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრება კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ გაგვიზიარა...
- ძალიან მეეჭვება, პუტინს ნობელის პრემია მიანიჭონ. წარდგენით ამ პრემიაზე ყველას წარდგენა შეიძლება, რაც თავისთავად არაფრის გარანტია არაა... თუ ნობელის პრემია სამასხარაო რამედ არ აპირებს გადაქცევას, პუტინს - ჩეჩენი ხალხის გენოციდში დამნაშავეს, ეთნიკური წმენდების დამკანონებელს, ჟურნალისტების და ოპონენტების მკვლელობაში ეჭვმიტანილს და დაპატიმრებების უეჭველ ავტორს, დღესდღეობით ბაშარ ალ ასადის მთავარ მოკავშირეს და შემაიარაღებელს, საბჭოთ "ბოროტების იმპერიის" აღდგენის იდეის ავტორს, ნობელის პრემიას არავინ არ მიანიჭებს არანაირ კონტექსტში. ეს იმ ვერაგული, ფარისევლური პიარის გაგრძელებაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ამერიკის ადმინისტრაციის გულუბრყვილო პოლიტიკის ფონზე ახორციელებს.
- რუსეთის განათლების ფონდის ექსპერტის, ოლეგ სერგეევის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა, ის რომ ჩეჩნეთში ომი შეწყდა...
- ჩეჩნეთში განხორციელდა ამ ერის მასობრივი ჟლეტვა, რომელიც დღემდე გრძელდება. იქ ომი არ შეწყვეტილა, ის სისხლშია ჩახშული. იქ სტაბილურობის ნატამალიც არ არის, რადგანაც ე.წ მშვიდობა კადიროვის ბანდიტური რეჟიმითაა უზრუნველყოფილი.
- სერგეევმა ისიც აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი მომხრეა სირიაში კონფლიქტი არა საომარი მეთოდებით, არამედ პოლიტიკური გზით მოგვარდეს...
- პუტინს სურს, საკუთარი გავლენა შეინარჩუნოს სირიაზე და საერთაშორისო პოლიტიკაზე და ეს მისი მანევრიც ამას ემსახურება. როგორ უნდა დავიჯეროთ პუტინის მშვიდობიანი ზრახვებისა, რომელსაც ის მეორე ხელით აგრძელებს ბაშარ ასადის დანაშაულებრივი ხელისუფლების შეიარაღებას, ყველანაირი იარაღით.
- ფრანგების ის ნაწილი, რომელიც პუტინისთვის ნობელის პრემიის მინიჭებას იზიარებს, დარწმუნებულები არიან, რომ თუ ამერიკული აგრესიისა და დარტყმებისგან სირია გადარჩება, ეს პუტინის დამსახურება იქნება, რომელსაც უფრო მეტი ექნება მსოფლიოში მშვიდობისთვის გაკეთებული, ვიდრე ნობელის ლაურეატ ბარაქ ობამას...
- ამ ხალხზე ვერაფერს გეტყვით. სრული კრეტინიზმია მათი ინიციატივა. მათ ან წარმოდგენა არ აქვთ პუტინის პერსონისა და პოლიტიკის შესახებ, ან უბრალოდ მასზე მუშაობენ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. რუსები ქრთამებს უხვად არიგებენ ამგვარი ხალხის მოსასყიდად მთელს მსოფლიოში... ბესლანის, 2008 წლის საქართველოში შემოჭრის და ასადის შეიარაღების ფონზე, პუტინისა და მშვიდობის ერთად მოხსენიება და მით უმეტეს, მისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭების სერიოზულად განხილვაც კი იგივე იქნებოდა, რაც მგლისთვის შინაური პირუტყვის საუკეთესო მცველთა პრემიის მინიჭება.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)