გია მაისაშვილი: საქართველოს იმპოტენტი და სრულიად არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს - კვირის პალიტრა

გია მაისაშვილი: საქართველოს იმპოტენტი და სრულიად არაკომპეტენტური ხელისუფლება ჰყავს

"ის, რომ პატარა ერი სტალინით ამაყობს, სამარცხვინოა და თავის მოჭრა"

"დღეს ჩვენთან სასათბურე ინვესტიციებია და არა რეალური ზრდა"

"სტალინი ჰიტლერთან და მაო ძედუნთან ერთად ყველაზე პირსისხლიან დიქტატორადაა ცნობილი და ის, რომ პატარა ერი ამით ამაყობდეს, სამარცხვინოა და თავის მოჭრა. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩინელები, გერმანელები, ფრანგები და ა.შ. მოვხიბლოთ არა ისეთი სამარცხვინო ადამიანით, როგორიც სტალინი იყო, არამედ ჩვენი კულტურით, ეკოლოგიური მიმზიდველობითა და შესაძლებლობებით. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში სტალინით ვიამაყოთ. ეს საქართველოს ბარბაროსობასთან გააიგივებს. მსოფლიოს თვალში გამოჩენა კიარა, კარგად გამოჩენა უნდა გვინდოდეს. გარდა ამისა, დღეს სტალინი საინტერესო აღარ არის და არანაირ მისტერიას აღარ წარმოადგენს. არიქა ახლა, დავანახებთ ყველას რამდენი სტალინის ძეგლია საქართველოში და მთელი მსოფლიო თავპირისმტვრევით ჩამოვა," - აცხადებს ეკონომისტი გია მაისაშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი სიგუას ინიციატივის კომენტირებისას. (შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სიგუამ განაცხადა, რომ სტალინის ტურისტულ პროდუქტად ქცევა ქვეყნისთვის მომგებიანი იქნება.) ბატონ გიას ქვეყნის ამჟამინდელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზეც ვესაუბრეთ.

- რამდენიმე დღის წინ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა განაცხადეს, რომ წლის ბოლომდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4 პროცენტამდე გაიზრდება. როგორ შეაფასებთ ახალი ხელისუფლების ეკონომიკურ პოლიტიკას?

გია მაისაშვილი:

- მე ეკონომისტი ვარ და როცა ეკონომიკაზე ვინმე რამე პროგნოზს აკეთებს, ყოველთვის ვაფასებ იმით, თუ რა ფაქტორებით ხდება ეს შეფასება. პროგნოზი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ამას დავძლევთ და ა.შ. არ არის პროფესიონალური განცხადებები. ეკონომისტები ზედსართავი სახელებით არ ლაპარაკობენ.

ამჟამად საქართველოში არა ხარისხიანი, არამედ მოგების მიღების თვალსაზრისით მოკლევადიანი ინვესტიციის ჩადება ხდება, რომელსაც ხელისუფლებაში პირადი კავშირების მქონე ხალხი ანხორციელებს სასათბურე პირობების გარანტიით. რეალურად, სწორ გზაზე სვლის ჩანასახებიც კი არ არსებობს. გვაქვს მხოლოდ პრემიერის, ვიცე-პრემიერის და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების არაკომპეტენტური განცხადებები, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ კომპანიები პოლიტიკურად სტაბილურ სიტუაციას ელოდებიან. მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით არჩევნების შემდეგ კომპანიები უფრო გააქტიურდებიან, რაც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება...

- საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა იქნება. ყველა წარმატებული ეკონომიკური რეფორმა სათავეს ახალი ხელისუფლების მოსვლიდან პირველ სამ თვეში იღებს. ამ პერიოდში უნდა მოხდეს გარდატეხა. ეს არის ერთგვარი თაფლობის თვე ახლადარჩეული ხელისუფლებისათვის, რომელსაც მას საზოგადოება აძლევს თავისი ნდობით. ამ დროს აქვს ხელისუფლებას ყველაზე ეფექტური და ყველაზე დიდი ლავირების საშუალება, ბერკეტი იმისათვის, რომ საზოგადოება დაარწმუნოს და გაატაროს აუცილებელი ზომები. ყველა წარჩინებული რეფორმის შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის ტემპი სამ თვეში გამოიკვეთა და ერთ წელში გაგანია ეკონომიკური ბუმი და ზრდისა და აღმავლობის პროცესი უკვე დაწყებული იყო.

ეს თაფლობის თვე ამ ხელისუფლებას ჰქონდა. თუმცა, გამოუყენებელ შესაძლებლობად დარჩა და მხოლოდ დაპირებების დონეზე ვართ. პროგნოზებს არ ვაკეთებ, ეკონომისტი ვარ და გეუბნებით, რომ იმ ტენდენციებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს გვაქვს, თუ ასე გაგრძელდა, ყველაფერი დიდ ქაოსში გადაიზარდება. იმიტომ, რომ მთავარი მოქმედი პირი თანამდებობიდან ისე მიდის, მთავარ ამოცანებს არც აყალიბებს. ასეთ პირობებში, ეკონომისტები უფრო მეტ არასტაბილურობასა და გაურკვევლობას ველით, რაც კიდევ უფრო გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას.

- ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ბიზნესის გათავისუფლება იყო. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში კარგი ბიზნეს-გარემოა. თუმცა, ვიცით, რომ მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს?

- ეს თავისთავად ბევრისმთქმელი ფაქტია და მის შეფასებას ეკონომისტობა არ სჭირდება. ამასთან, მხოლოდ ბიზნესის მარწუხებისგან გათავისუფლება საქმეს ვერ უშველის. როდესაც ქვეყანაში არის სტაგნაცია, მაღალი რისკიანობა და გაურკვევლობა, კერძო ბიზნესი ვერ მოახდენს გარღვევას ეკონომიკური შემობრუნების საქმეში.

-როგორ შეაფასებთ რუსეთთან მიმართებაში ახალი ხელისუფლების პოლიტიკას სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით და როგორ ფიქრობთ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებით რამდენად სტაბილური და საიმედოა საქართველოსთვის რუსული ბაზარი?

- ეს ძალიან არასტაბილური და საშიში პროცესია. ფაქტობრივად, რუსეთი სადაც უნდა იქ აგებს საზღვარს და ამაზე ჩვენ არანაირი რეაგირება და ქმედითი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ამ პირობებში სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენით რუსეთს ეკონომიკურ ბერკეტებსაც გადავულოცავთ - ანუ, მეტ შესაძლებლობას ვაძლევთ, სურვილის შემთხვევაში, მომავალში კიდევ ერთი დარტყმა მოგვაყენოს.

მთავრობას ქართული სახელმწიფო ფაქტობრივად, კოლაფსისაკენ მიჰყავს. რუსეთს შეუძლია, გააკეთოს, რაც მოესურვება და ჩვენი სახელმწიფოს მეთაურებისაგან კი არანაირი სტრატეგია არ ჩანს. წინააღმდეგობას ვერ ვუწევთ. ფაქტობრივად, იმპოტენტის მდგომარეობაში ვართ, პარალიზებულია ჩვენი სახელმწიფო. როდესაც ამას არამარტო შენი მოსახლეობა, არამედ გარე თვალიც უყურებს და ხედავს, რომ ეს ქვეყანა იმპოტენტია და არ შეუძლია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება, მაშინ მისი სურვილი, რომ დაგეხმაროს, მცირდება და მტაცებელი რუსის ბერკეტი იზრდება. ასეთი იმპოტენტი და სრულიად არაკომპეტენტური ხელისუფლება, ფაქტობრივად, ჩვენი მტრებისთვის ხელშემწყობია ქართული სახელმწიფოს დახრჩობის საქმეში.

ეს სათამაშო არ არის. თუკი ეკონომიკური სიტუაცია დღეს არის ცუდი და ხვალ ამის გამოსწორება შეიძლება, იმის, რაც საგარეო პოლიტიკაში ხდება, გამოსწორება ასე ადვილად არ მოხდება.

მარი რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)