რას კითხულობს ივანიშვილი ?!
ბიძინა ივანიშვილი "ერჩის" ქართველი ჟურნალისტებს. არ გჯერათ? კი ბატონო, დაგიმტკიცებთ. ჯერ იყო და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ექსპერტების ნახევარზე მეტი სახელმწიფო სამსახურში წაიყვანა და ერთ-ერთი, აგერ, პრეზიდენტობის ყველაზე რეალური კანდიდატია. საექსპერტო ფლანგზე გამოგვაკლდა ისეთი რესპოდენტები, როგორებიცაა – გიორგი მარგველაშვილი, ნოდარ ხადური, არჩილ გეგეშიძე, ირაკლი ნარმანია, გია ხუხაშვილი, არმაზ სანებლიძე, ზურაბ აბაშიძე და სხვები. "ექსპერტთა ფონდის" ნახევარი ხომ წაგვართვა და წაგვართვა და ახლა პრემიერი ცდილობს, რომ კინკილად შემორჩენილი ექსპერტებიც დაგვიფრთხოს, რომ მათ სკანდალური და მწვავე განცხადებები აღარ გააკეთონ. არა, დროა, "ექსპერტთა დაცვის საზოგადოება" შევქმნათ.
ხუმრობა იქით იყოს და ივანიშვილ-ექსპერტთა ოთხსაათიანი შეხვედრა ისეთი კარგი "თოქშოუ" გამოვიდა, რომ ბოლო დროს პანტაპუნტით გახსნილი "თოქშოუები" მასთან ახლოს ვერ მივლენ.
შეხვედრას ზოგმა "ივანიშვილის მასტერკლასი" უწოდა, ზოგმა კი შეშფოთება გამოთქვა – რა უფლება აქვს პრემიერს, ექსპერტებს ჭკუა დაარიგოს და ასწავლოს, სად, როგორ ილაპარაკონო. თუმცა თავად ის ფაქტი, რომ ქვეყნის ფაქტობრივი პირველი პირი ოთხსაათიან ღია დისკუსიას მართავს ექსპერტებთან, ცუდი ნამდვილად არ არის. თუმცა, ეს არ არის მთავარი.
მთავარია ის, რომ 25 სექტემბრის შეხვედრისას რამდენიმე სიმპტომი გამოიკვეთა. პირველ რიგში ის, რომ პრემიერი დარწმუნებულია – ქვეყანა სწორი გზით ვითარდება, არაფერი საგანგაშო არ ხდება და არც მას შემდეგ მოხდება, რაც ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა.
კიდევ ერთი სიმპტომი ის არის, რომ "ნაციონალების" მმართველობისას წართმეული ქონების უკან დაბრუნების სწრაფი პროცესის დაწყებას არ უნდა ველოდოთ და არც "დიდ წმენდას" პროკურატურაში. ისიც გამოიკვეთა, რომ მიუხედავად ექსპერტთა მხრიდან კრიტიკისა, პრემიერი შსს-პროკურატურის მუშაობას დადებითად აფასებს. გავიგეთ ისიც, რომ ივანიშვილი ინფორმირებულია, ლაშა ნაცვლიშვილი ზოგჯერ არჩილ კბილაშვილის ფუნქციებს რომ ითავსებს. კიდევ ბევრი დეტალი უფრო ნათელი გახდა, რომელთა ჩამოთვლისგან თავს არ შეგაწყენთ.
25 სექტემბრის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ამბავი კი ის იყო, რომ პრემიერი ყურადღებას აქცევს და რეაგირებს, რას წერენ მედიასაშუალებები. შეხვედრაზე ივანიშვილი სხვადასხვა ინტერვიუებიდან ექსპერტების ციტატების ამონაწერით "შეიარაღებული მივიდა". სხვათა შორის, თქვენს მონა-მორჩილს არ გაჰკვირვებია, რომ ზემოხსენებული ციტატების უდიდესი ნაწილი იმ ინტერვიუებიდანაა, რომლებიც ექსპერტებმა "კვირის პალიტრასა" და "ინტერპრესნიუსს" მისცეს.
ივანიშვილმა საკმაოდ დიდი ყურადღება დაუთმო ექსპერტ მამუკა არეშიძის ციტატებს. მაგალითად, იმას, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალები" სიმბიოზში არიან. ასევე, ივანიშვილმა მოითხოვა არეშიძისგან აეხსნა, რას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები "ნაციონალების" მეწილეები არიან" და რას გულისხმობდა "ნარკოაფეთქებაში" და იმაში, რომ პრემიერს გარემოცვა ინფორმაციას უმალავს. ამ საკითხებზე მამუკა არეშიძე "კვირის პალიტრის" წინა ნომერში საუბრობდა.
განმარტებების გაკეთება რამაზ საყვარელიძესაც მოუხდა იმ ციტატებთან დაკავშირებით, რომლის თანახმად "ივანიშვილის წასვლა გაქცევაა" და "ქართული ოცნების" მხარდაჭერა კლებულობს". პირველი ციტატა ივანიშვილის თანაშემწეებმა(თავად პრემიერმა განაცხადა, რომ მას ციტატები ამოუწერეს), როგორც ჩანს, kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნებული მასალიდან ამოწერეს, მეორე კი იმ ინტერვიუდან, რომელიც საყვარელიძემ "ინტერპრესნიუსს" მისცა.
სხვათა შორის, არეშიძის შემდეგ ივანიშვილმა ყველაზე დიდი დრო დაუთმო ექსპერტ ვაჟა ბერიძის ციტატებს. როგორც ჩანს, ექსპერტის მიერ 14 სექტემბერს "ინტერპრესნიუსისთვის" მიერ მიცემული ინტერვიუ საფუძვლიანად შეისწავლეს ივანიშვილის აპარატში, განსაკუთრებით კი შემდეგი ფრაზები:"ქართული ოცნება" ფაქტობრივად, დაშლილია", "ის(ივანიშვილი) დასავლეთმა არ მიიღო", "პოლიტიკური კრიზისის ყველა ნიშანი სახეზეა" და ინტერვიუს იმ მონაკვეთმა, სადაც ბერიძე საუბრობს, რომ ივანიშვილის წასვლა მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს.
ზოგიერთი ციტატა კი, როგორც ჩანს, პრემიერს მთლად ზუსტად არ ამოუწერეს. კერძოდ, ივანიშვილი აღშფოთებული იყო – სოსო ცისკარიშვილმა(რომელიც 25 სექტემბრის შეხვედრას არ ესწრებოდა), ლაშა ნაცვლიშვილს "კაგებეს" გენერალი უწოდაო. ცისკარიშვილს ნაცვლიშვილისთვის "გენერალი" არ უწოდებია. "კვირის პალიტრის" 5 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ცისკარიშვილი აცხადებს:
" ნაცვლიშვილის გამოცდილება, რომელიც ეფუძნება საბჭოთა კავშირის დროინდელ "კაგებეში მუშაობას, მას ამ მიზნის(ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ ნაცვლიშვილს ისეთივე ძალაუფლება სურს, როგორიც ჰქონდა ადეიშვილ) მისაღწევად უფრო ჰუმანური მოქმედებების საშუალებას არ აძლევს."
ციტატების ჩამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ. მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ კარგია, პრემიერი თუ მისი აპარატი ექსპერტთა შეფასებებს ანგარიშს უწევს. იმედი მაქვს, ივანიშვილის თანაშემწეები მას "კვირის პალიტრიდან", "ინტერპრესნიუსიდან" და სხვა მედიასაშუალებებიდან იმ მასალების ციტატებსაც აწვდიან, სადაც ჩვენი ქვეყნის კონკრეტულ პრობლემებზეა საუბარი.