გიორგი სიგუა: "ჩინელებს ყველაფერი უნდა შევთავაზოთ, კულტურული ძეგლები, სუფრა, ღვინო, ბუნება"
ცოტა ხნის წინ, საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ განაცხადა, რომ ქართველებს შეგვიძლია, სტალინი, როგორც ტურისტული პროდუქტი ჩინეთში გავყიდოთ. საგულისხმოა, რომ მანამდე სტალინის ტურისტულ პროდუქტად ქცევასთან დაკავშირებით საუბრობდა პრეზიდენტობის კანდიდატი, ნიკოლოზ გორგიჯანიძეც, რომელმაც საზოგადოებას, მრავალ ფრთიან გამონათქვამებთან ერთად იმით დაამახსოვრა თავი, რომ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა – ღმერთმა ნუ ქნას, არჩევნებში მე გავიმარჯვოო. გორგიჯანიძე იქეთ იყოს და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელ გიორგი სიგუასთან ინტერვიუც სწორედ ამ თემაზე ჩავწერეთ.
გიორგი სიგუა:
- ტურისტული პროდუქტის გაყიდვა ნიშნავს ვიღაცის დაინტერესებას რაღაც კონკრეტული საგნის ან ადგილის სანახავად. მე ვთვლი, რომ სტალინი, როგორც პროდუქტი, არის ჩინელებისთვის საინტერესო და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ ეს ფაქტი ტურისტების მოსაზიდად?
- ჩინეთში სტალინის რეკლამირება უნდა გავაკეთოთ, რათა ისინი ამით დავაინტერესოთ?
- არა, სამწუხაროდ, იმის ფინანსები, რომ ჩინეთში სტალინის პრომოუშენი გავაკეთოთ, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ სხვადასხვა მარკეტინგული იდეებით და ხერხებით შესაძლებელია ამის გაპიარება. ეს იქნება ინფო-ტურები, პრეს და ბიზნეს-ტურები და სხვ. ჩინელი ვინც კი შემოდის საქართველოში, ყველა ცდილობს, მოხვდეს სტალინის სახლ-მუზეუმში და ითხოვენ ავლაბარში სტამბის ნახვას.
- ვთქვათ, მოხდა ჩინელების მასიურად დაინტერესება სტალინით, გორი მოახერხებს ამდენი ტურისტის მიღებას?
- მანდ ორი საკითხია: პირველი ის, რომ იქ ტურზე წასული ადამიანი საერთოდ არ საჭიროებს ღამისთევას - თბილისის სასტუმროში დაბინავებულ ტურისტს, შეუძლია ჩავიდეს და მოინახულოს მუზეუმი და მეორე – თუ იქნება მზარდი მოთხოვნა, შესაბამისად მოხდება სასტუმროების აშენება.
- თქვენ განაცხადეთ, რომ ისრაელში ქრისტეს ვერ იტანენ, მაგრამ ისინი მაცხოვრის საფლავს იყენებენ როგორ ტურისტულ პროდუქტს...
- მე ასე არ მითქვამს და ჩემი განცხადება არასწორად გავრცელდა. მე ვთქვი, რომ იერუსალიმი წარმოადგენს ძალიან საინტერესო ტურისტულ ადგილს, რადგან იქ არის იესო ქრისტეს საფლავი და ბევრი მომლოცველი სწორედ ამის სანახავად ჩადის იქ. პირადად მე ჩავსულვარ ამის გულისთვის ისრაელში.
- ბატონო გიორგი, მსოფლიოში ძალიან ბევრი ნეო-ნაცისტია, რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ გერმანიამ, ჰიტლერი გამოიყენოს ტურისტული თვალსაზრისით.
- ნამდვილად ვერ გეტყვით. ეგ გერმანელების საქმეა. მე მგონი, მათ რომ ჰქონოდათ ჰიტლერის სახლ-მუზეუმი, ალბათ, ისინიც რაღაცაში გამოიყენებდნენ.
- ამ ბოლო დროს ძალიან გახშირდა სტალინის ძეგლების დადგმა. ამ ძეგლების მონახულებაც ხომ არ შევა ტურისტულ მარშრუტში?
- არა, სტალინის ძეგლებთან მე არავითარი კავშირი არა მაქვს.
- ჩვენთან ინტერვიუში, პრეზიდენტობის კანდიდატმა ნიკოლოზ გორგიჯანიძემ გააჟღერა მსგავსი იდეა, რომ სტალინი, როგორც ტურისტული პროდუქტი გავყიდოთო, ის ამბობდა: "საზღვარგარეთ უნდა შევქმნათ ე.წ. სტალინის სააგენტოები და გავარეკლამოთ ეს თემა, რათა შემდეგ ხალხი ჩამოვიდეს საქართველოში"... რას იტყვით ამაზე?
- ჩვენ არავითარ პროპაგანდას არ ვეწევით. ჩვენ ინფორმაციას მივაწვდით ამ თემით დაინტერესებულ პირებს. ჩინეთი გამოვყავით, რადგან იქ სტალინით ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული. სხვა რითი შეიძლება ჩინელი დავაინტერესოთ, რომ აქ ჩამოვიდეს? ჩინეთში ჩვენ რეალურად არაფერი გვაქვს გასატანი, პირიქით, ჩინელები აწარმოებენ მთელ მსოფლიოში იმპორტს, ხოლო ტურიზმი ესაა უხილავი ექსპორტი, როდესაც საზღვარგარეთ არაფერი არ გაგაქვს, მაგრამ ქვეყანაში შემოდის ფული.
- სტალინის გარდა, შესაძლებელია თუ არა, ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობითაც დავაინტერესოთ ჩინელები?
-ჩვენ ყველაფერი უნდა შევთავაზოთ, კულტურული ძეგლები, სუფრა, ღვინო, ბუნება და აუცილებლად დაინტერესდებიან.
-თუმცა, ფიქრობთ, რომ სტალინის თემა უფრო პრიორიტეტული იქნება?
- არა მგონია, სტალინი იყოს პრიორიტეტული, უბრალოდ ესაა უფრო მკვეთრი გამოხატულება იმის, თუ რომელი ქვეყანა ხარ შენ. რიგითი ჩინელისთვის ძალიან ძნელი იქნება იმის ახსნა, თუ სადაა საქართველო, მაგრამ ის, რომ აქ დაიბადა სტალინი, რომელიც დღეს იქ მიიჩნევა ბუმბერაზ ადამიანად და მათთვის არის ძალიან პოპულარული, უფრო გაამარტივებს ამის ახსნას.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)