მარგველაშვილის ერთიანი თუ ბურჯანაძის ფრეზე გაყრა - საპრეზიდენტო კანდიდატების "კუშები" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

მარგველაშვილის ერთიანი თუ ბურჯანაძის ფრეზე გაყრა - საპრეზიდენტო კანდიდატების "კუშები" (ექსკლუზივი)

ტოტალიზატორმა "ევროპა-ბეთმა", საქართველოში პირველად, ფსონების მიღება დაიწყო საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. მსგავსი ტრადიცია უკვე არსებობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. პოპულარული ინგლისური საბუკმეკერო დაწესებულება "უილიამ ჰილი", დაახლოებით 40 წელია იღებს ფსონებს არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოში მსგავსი რამ პირველად ხდება.

ამის მიზეზად ბევრი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს, მაგრამ მთავარი ფაქტორი, მაინც არის ის, რომ საქართველოში არჩევნები "გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას" გავს და ნაკლებად თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ საფეხბურთო კლუბი "მარგველაშვილი" ჩემპიონი გახდება, თანაც, დიდი ალბათობით, 70 %-იანი ფორით. სამაგიეროდ, ძალიან საინტერესოა, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს – "ლევერკუზენი" თუ "დორტმუნდი". უკაცრავად, ბაქრაძე თუ ბურჯანაძე.

თუ რატომ არ ხდებოდა აქამდე საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფსონების დადება, ამაზე "ევროპაბეთის" ადმინისტრაციას საკუთარი პოზიცია აქვს:

"ამ არჩევნებზე ჩვენ გავქვს იმის წინაპირობა, რომ არჩევნები იქნება სუფთა და ადგილი არ ექნება გაყალბებას. არ იქნება სერიოზული დარღვევები" - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" საუბარში კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თამუნა ქვილითიამ.

მან ისიც განმარტა, თუ რის მიხედვით მიენიჭათ კოეფიციენტები საპრეზიდენტო კანდიდატებს: "ჩვენ ვიხელმძღვანელეთ კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიით და მათი აქტიურობით, არასამთავრობოების მიერ ჩატარებული კვლევებით და ჩვენი ტოტალიზატორის რისკ დეპარტამენტის ანალიზით" - ამბობს ქვილითია.

ფსონების მიღება 5 კანდიდატზე არის შესაძლებელი - გიორგი მარგველაშვილზე, დავით ბაქრაძეზე, ნინო ბურჯანაძეზე, გიორგი თარგამაძესა და შალვა ნათელაშვილზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, მაგალითად, ათასლარიან ფსონს გააკეთებთ  გიორგი მარგველაშვილზე, მოიგებთ 1100 ლარს. დავით ბაქრაზეძე ფსონის გაკეთების შემთხვევაში თქვენი მოგება იქნება 7000 ლარი, ნინო ბურჯანაძეზე 10 000 ლარი, გიორგი თარგამაძის გამარჯვებაზე ათასი ლარის დადების შემთხვევაში თქვენ 1 000 000 ლარს მოიგებთ, ხოლო შალვა ნათელაშვილის გამარჯვების შემთხვევაში კი მთელ თხუთმეტ მილიონს. ნებისმიერი სხვა კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, თუ თქვენი ფსონი 1000 ლარია, მოიგებთ 20 000 000 მილიონს, მათ შორის გელა სალუაშვილის გამარჯვების შემთხვევაშიც, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი გელა მეორედ მოსვლას გვიწინასწარმეტყველებს, ხსენებული თანხის დახარჯვა ალბათ ნოეს კიდობნის მოდიფიცირებულ ვერსიაზე მოგიწევთ.

ფსონის გაკეთება მეორე ტურის გამართვაზეც შეგიძლიათ. თუმცა ამ შემთხვევაში მოსაგები თანხა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება: თუ ფიქრობთ, რომ მეორე ტური არ იქნება და ამაზე გააკეთებთ 100 ლარიან ფსონს, თქვენ 140 ლარს მოიგებთ, ხოლო თუ ფიქრობთ, რომ მიქნება მეორე ტური და 100 ლარიან ფსონს გააკეთებთ ამაზე, თქვნი მოგება 240 ლარი იქნება. ეტყობა, "ევროპაბეთის" ანალიტიკოსები მაინცდამაინც დამაჯერებლად არ მიიჩნევენ პრემიერისა და გიორგი მარგველაშვილის დანაქადებს, თუ მეორე ტური დაგვჭირდა, გავიბუტებით და აღარ ვითამაშებთო.

ჩვენ იმითაც დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდნენ ამაზე თავად ტოტალიზატორის გამოცდილი მოთამაშეები. სტაჟიან მოთამაშეს, დათო ჩ.-ს მიაჩნია, რომ მომავალ პრეზიდენტზე ფსონის დადება მოგების ძალიან კარგი საშუალებაა: "მშვენიერია, კარგია, მსგავსი ტრადიცია თუ დაინერგება. თუ ბევრი ფული მექნება, დავდებ, რადგან უეჭველად მარგველაშვილი მოიგებს - ბარსელონასავით პატარა კოეფიციენტი აქვს. ბაქრაძის და ბურჯანაძის შანსები დაახლოებით ტოტენჰემის პრემიერლიგაში ჩემპიონობას უდრის, აი, ნებისმიერ სხვა კანდიდატზე ფული ვინმემ დადოს, ვერ წარმომიდგენია, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს პრიმერადივიზიონში ოსასუნას ჩემპიონობაზე რომ დადო ფული. კოეფიციენტიც ამიტომაა ასე უზარმაზარი, მეტიც რომ დაედოთ, არაფერს გარისკავდნენ".

მალხაზ ძ. კი მიიჩნევს, რომ მეორე ტური იქნება და ფსონის დადებასაც აპირებს.

"მშვენიერი კოეფიციენტი აქვს მეორე ტურს და აუცილებლად დავდებ ამაზე თანხას. ისე, იმედი გამიცრუვდა, მეგონა მეორე ადგილზე გამსვლელებზეც იქნებოდა ფსონები. აი აქ კი მართლა ძნელია პროგნოზის გაკეთება. ვერ გაიგებ, რომელი ჯობია, არადა ფრეზეც ვერ გაყრი ბურჯანაძეს და ბაქრაძეს" - გვითხრა მალხაზმა.

ამასობაში კი, ფეისბუქის სავანეებში პიარტექნოლოგიების ექსპერტის, სოსო გალუმაშვილის პოსტი გამოჩნდა, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, აცხადებს რომ კონსტიტუციის მიხედვით მსგავსი მაიმუნობა ანუ საპრეზიდენტო კანდიდატებზე ფსონების დადება დაუშვებელია და "ევროპაბეთი" კანონს არღვევს.

პ.ს. როგორც ჩანს, სოსო გალუმაშვილის შემეცნებითი სტატუსი "ევროპაბეთის" ხელმძღვანელობასაც მოხვდა თვალში და... ფსონების დადება შეაჩერეს. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მოგვარდება და ფსონების დადებაც განახლდება, რადგან ერთი სული მაქვს, მიხეილ-გელა სალუაშვილის ტრიუმფის შემდეგ პატიოსნად მოგებული ფული მეორედ მოსვლამდე ერთიანად მივახარჯო. :)

ბესო კუნელაური (სპეციალურად საიტისთვის)