"სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა როსტომ-ხანის მეფობის პერიოდს გავდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობა როსტომ-ხანის მეფობის პერიოდს გავდა"

27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოსახლეობის უმეტესობის აზრით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და გიორგი მარგველაშვილმაც ღირსეულად გაიმარჯვა. 27 ოქტომბერს დასრულდა მიხეილ სააკაშვილის 9 წლიანი მმართველობაც. სწორედ არჩევნების და მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შეფასება ვთხოვეთ ისტორიკოს ზაზა აბაშიძეს:

ზაზა აბაშიძე:

-სამწუხაროდ, მე ვერ მივიღე მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდ და ნორმალურ გარემოში ჩაიარა. ხალხი ყოველგვარ სტრესს იყო მოკლებული და ყველას შეეძლო თავისუფლად გამოეხატა საკუთარი აზრი. წლევანდელი არჩევნები წინგადადგმული ნაბიჯია. ნამდვილად სუფთა არჩევნები იყო, თუცა მე ვფიქრობ, "ნაციონალებმა" მაინც შეძლეს რაღაც დოზით გაყალბება (მოგეხსენებათ ბევრ საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარეები კვალავ მათი წარმომადგენლები არიან), თორემ წარმოუდგენელია, რომ მათ ხმების 20% მიეღოთ, თუ საქართველოში კიდევ არის ამომრჩევლის 20%, რომელიც ხმას აძლევს ამ საშინელ ძალას, მაშინ ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე.

- მარგველაშვილი თუ იქნება ძლიერი პრეზიდენტი?

- რას ნიშნავს ძლიერი პრეზიდენტი? ქვეყანას უნდა ყავდეს ნორმალური პრეზიდენტი. რაზეა სიძლიერე დამოკიდებული? სწორ პოლიტიკაზე, ხალხთან ნორმალურ ურთიერთობაზე და დემოკრატიასთან ნორმალურ დამოკიდებულებაზე, აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილი, როგორც ჭეშმარიტად დემოკრატი ადამიანი, იქნება კარგი და არა ძლიერი პრეზიდენტი. ძლიერი და მისი მსგავსი ეპითეტები მიმაჩნია კომუნისტურ გადმონაშთებად.

-როგორც ისტორიკოსი, როგორ ფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს რა ვერდიქტს გამოუტანს ისტორია?

- ვინც ხელისუფლების სათავეშია, ავი თუ კარგი, ყველა რჩება ისტორიაში და ჩემდა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის სახელიც დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა, არა მგონია, მისი "ღვაწლი" დადებითად შეაფასოს ისტორიამ. ჩემი სუბიექტური აზრით, მისი როლი შეფასდება უარყოფითად.

-თუმცა, მან შეძლო და უსისხლოდ დაასრულა შევარდანაძის მმართველობა.

- მე არ ვთვლი ე.წ. რევოლუციას დიდ შედეგად, რადგან შევარდნაძის მმართველობა იყო ბევრად უფრო დემოკრატიული, ვიდრე შემდეგ მოსული ”ტინგიცა” რევოლუციონერების რეჟიმი.

- "ვარდების რევოლუცია", რომელსაც წინა ხელისუფლება დიდ მონაპოვრად მიიჩნევდა...

- მე ამას რევოლუციად არ ვთვლი. ეს იყო ჩვეულებრივი გადატრიალება, რომელიც საბოლოოდ უარყოფითი შედეგების მომტანი იყო საქართველოსთვის.

- სააკაშვილის 9 წლიან მართველობის პერიოდს, საქართველოს ისტორიის რომელ ხანას შეადარებდით?

- როსტომ-ხანის მეფობის პერიოდს. მოგეხსენებათ, როსტომ-ხანი იყო სპარსელების მიერ დასმული, რომელიც აკეთებდა სპარსულ საქმეს და არა ქართულს, მიუხედავად იმისა, რომ მან გზა გაიყვანა, ქარვასლა და ხიდებიც ააშენა. მისი როლი მაინც უარყოფითია, რადგან ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებდა საქართველოში, გაასპარსა მთელი საქართველო. სწორედ როსტომ-ხანის ეპოქას შევადარებდი სააკაშვილის 9 წლიან მმართველობას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)