"ერთ დღეს დამავალეს ბადრის ურეკის სახლში გაურკვეველი ნივთის შეტანა"
"პატარკაციშვილის მზარეულის გადმობირებას მთხოვდნენ..."
"კვირის პალიტრის" არქივი, 2013-12-30
ახალმა ხელისუფლებამ ათასობით პატიმარი გაათავისუფლა ციხიდან, მათ შორის 150-ზე მეტს პოლიტპატიმრის სტატუსი მიენიჭა. გათავისუფლებულთა ნაწილი ხელისუფლებას მათი საქმეების გადახედვას და დამნაშავეთა დასჯას სთხოვს. დაზარალებულთა შორის არიან ყოფილი თანამდებობის პირებიც, რომლებიც საკუთარმა სისტემამ გაასამართლა. შს სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ჯემალ შამათავა ყოფილი ხელისუფლების უკანონო ბრძანებებს არ დაემორჩილა, რის გამოც 7 წლით ციხეში გამოკეტეს. შამათავას სიყრმის მეგობარმა, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თემურ პატარიძემ, რომელიც დღეს სასჯელს იხდის, წინასაარჩევნოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებისთვის, საქმე შეუთითხნა - შამათავას პატიმრის წამებაში დასდეს ბრალი... ის ცოტა ხნის წინ საყოველთაო ამნისტიით გათავისუფლდა. ჯემალ შამათავა "კვირის პალიტრას" ესაუბრა.
- თქვენ ძალოვან უწყებაში საპასუხისმგებლო თანამდებობა გეკავათ, მერე საკუთარმა სისტემამ გაგასამართლათ...
- წინა ხელისუფლებამ ბევრი გააუბედურა. ყველგან უნდობლობას თესავდნენ, ნათესავებს და მეგობრებს ერთმანეთს ჰკიდებდნენ. სიტყვას ვერ იტყოდი, ვერ გამოთქვამდი წუხილს, ყველგან იყო ჩაშვება, ერთ ოთახში მსხდომნი ერთმანეთზე აბეზღებდნენ... მეც სიყრმის მეგობარმა გამწირა და საკუთარი ცხოვრება მოიწყო. შვიდი წლით მხოლოდ იმიტომ გამომკეტეს ციხეში, რომ უფროსობის უკანონო დავალებები არ შევასრულე. ამ ხნის განმავლობაში ოჯახიც დამენგრა და ჯანმრთელობაც.
- რა დაგავალეს და არ შეასრულეთ?
- "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პოლიციიდან წავედი და საზღვარგარეთ ვცხოვრობდი. ჩემმა სიყრმის მეგობარმა, აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თემურ პატარიძემ სამშობლოში დაბრუნება და პოლიციაში მუშაობის გაგრძელება მთხოვა. დავყაბულდი. სხვადასხვა ადგილზე ვიმუშავე, ბოლოს, ურეკში გამამწესეს და ჩემი უბედურებაც იქ დაიწყო. იმ დროს ბადრი პატარკაციშვილი უპირველეს მტრად იყო გამოცხადებული. ურეკში მიწის ნაკვეთი ჰქონდა, წართმევა დაუპირეს. როცა თავისი საკუთრების შემოღობვა დაიწყო, შრომის დასახლებიდან საგანგებოდ ჩამოიყვანეს ბარ-ნიჩბებით შეიარაღებული ხალხი პროვოკაციის მოსაწყობად. იმ დღეს ბრძანება მივიღე, - რაც უნდა მომხდარიყო, თითი არ გამენძრია. მითხრეს, საჭიროა ბადრის დაცვის სამსახური წამოეგოს პროვოკაციაზე, ძალას გამოიყენებს ხალხის წინააღმდეგ და მიზანი მიღწეული იქნებაო.
- მაშინ საზოგადოებამ ნახა ეს კადრები, სადაც სიტუაცია კონტროლს მალევე დაექვემდებარა.
- იმ დღეს სიტუაცია იმდენად დაიძაბა, თავს ვერ მივეცი უფლება, პროცესში არ ჩავრეულიყავი. ურეკის გამგებელს ვკითხე, პატარკაციშვილს ამ მშენებლობის უფლება აქვს თუ არა-მეთქი. რამდენიმე წუთში ყველა საბუთი წარმომიდგინეს, რის შემდეგაც კანონით მონიჭებული უფლებებით წესრიგი დავამყარე მშენებლობაზე.
დაპირისპირების დროს პროცესში ჩართული იყო პატარკაციშვილის მეზობელი. მისი ეზოდან კუდის თანამშრომლები ვიდეოკონტროლს აწარმოებდნენ. მათ ობიექტივში მეც მოვხვდი და ამან გააგიჟა ხელმძღვანელობა, ფაქტობრივად, დაგეგმილი პროვოკაცია ჩავუშალე. უნდობლობა გამომიცხადეს და ბრძოლა დამიწყეს. იმ დღეს ზარი არ ცხრებოდა, - რატომ არ გაითვალისწინე ჩვენი ბრძანებაო.
როგორც დღეს ვარკვევ, ურეკში ბადრის წინააღმდეგ პროვოკაციებში ჩასართავად დამნიშნეს. დამევალა, პატარკაციშვილის დაცვასა და მის გარემოცვასთან დამემყარებინა ურთიერთობა. რაც მთავარია, პატარკაციშვილის მზარეულის გადმობირებას მთხოვდნენ. ერთ დღეს დამავალეს ბადრის სახლში გაურკვეველი ნივთის შეტანა. უარი ვთქვი, - ვერ შევძლებ, არავისთან მაქვს ისეთი ურთიერთობა, ვინც ამის გაკეთებაში დამეხმარება-მეთქი.
- ასე მარტივად დაკმაყოფილდნენ თქვენი პასუხით?
- რა თქმა უნდა, არა, დამიდეს კადრები, სადაც მე და ბადრის წარმომადგენელი ურეკში ოთარ დაბრუნდაშვილი, იმ სახლში ვჩანდით, სადაც ნივთის შეტანა დამავალეს.
- დაბრუნდაშვილთან ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად გქონდათ ურთიერთობა?
- ერთხელ, ოთარის თხოვნით, პატარკაციშვილს შინ ვესტუმრე, რადგან ბადრიმ შემომითვალა, ადგილზე რაღაც უნდა გაჩვენოო. როცა მივედი, ხელი ზღვისკენ გაიშვირა და მითხრა, - ყოველდღე ჩემი სახლის პირდაპირ შავი კატერი ჩერდება და იქნებ გაარკვიო, ვინ არის ეს ხალხიო. მაშინვე მივხვდი ყველაფერს, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი. დაბრუნდაშვილს ესღა ვუთხარი, - ზღვა არ შემოდის ჩემს სამოქმედო ტერიტორიაში და ვერ დაგეხმარებით-მეთქი.
- მზარეულის გადმობირება ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება პატარკაციშვილის მოწამვლას ურეკში ცდილობდა?
- ამას რა კითხვა უნდა... თუმცა ხელმძღვანელობამ იცოდა, ამის გაკეთება ურეკში შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, ხელმძღვანელობასთან ქულების დასაწერად ვიღაცამ წაიტრაბახა (ვფიქრობ, ეს პატარიძე იყო), მაგრამ ტრაბახი, ტრაბახად დარჩა...
...პატარიძე დღეს ციხეშია, მაგრამ ბევრი მათგანი, ვინც უკანონობას სჩადიოდა, ისევ თანამდებობებზეა, ზოგიც დააწინაურეს. დაავიწყდათ, როგორ ასრულებდნენ უკანონო დავალებებს და ქუჩა-ქუჩა ხოცავდნენ უდანაშაულო ხალხს, ყოველ შემთხვევაში იმათ, ვისი ლიკვიდაციაც სჭირდებოდა ხელისუფლებას.
ტელეფონოგრამა ტელეფონოგრამას მოსდევდა, - "მოვკალი სამი, მოვკალი ხუთი, მოვკალი ერთი"... და ეს იყო მათი ჰობი.
უტა ბიწაძე