"საქართველოში "შავებს", როგორც ჩამორჩენილებს ისე გვიყურებენ... თქვენს ქვეყანაში თავს დაუცველად ვგრძნობთ.""ბოლო დროს ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ნიგერიელების უმეტესობა სახლში, უკან ბრუნდება""თუ არ უნდათ, რომ საქართველოში "შავები" ჩამოვიდნენ, მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა გააცხადონ."ცოტა ხნის წინ, თბილისში, ნიგერიის მოქალაქე დააყაჩაღეს, მძიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და პირადი ნივთები წაართვეს. დაზარალებული დღემდე საავადმყოფოშია და მკურნალობს. ამ ფაქტს საქართველოში მცხოვრები იბოს (ნიგერიის ერთ-ერთი კუთხე) მეფე ეზე (რიჩარდ) აგუნეჯემბა გამოეხმაურა. შეგახსენებთ, ეზე შარშან, შემოდგომით მისი ქვეყნის წარმომადგენლებმა მეფედ აკურთხეს და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრები ნიგერიელების ბედი ჩააბარეს. მათზე ზრუნვა და მათი მფარველობა დაევალა. ამიტომ ცოტა ხნის წინ დაზარალებული ნიგერიელის მდგომარეობით შეწუხებული მეფის სატელევიზიო კომენტარი ყველა არხით გავრცელდა, - ის საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვდა. მოგვიანებით ეზე აგუნეჯემბას ჩვენც დავუკავშირდით და ნიგერიელების ქართულ ყოფაზე ვრცელი ინტერვიუ ჩავეწერთ.- გაქვთ თუ არა ზუსტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ნიგერიელი ცხოვრობს საქართველოში? - ადრეულ წლებში ძალიან ბევრნი ვიყავით. ახლა ზუსტი რიცხვის დასახელება გამიჭირდება. თუ არ ვცდები, 5000-მდე ვართ. ბოლო დროს ისეთი ტენდენცია წავიდა, რომ ნიგერიელების უმეტესობა სახლში, უკან ბრუნდება იმიტომ, რომ საქმე აქ არც ისე კარგად მისდით. მერე საქართველოში ცხოვრება კრიმინალური კუთხითაც საშიში გახდა... ხშირად ახალგაზრდა ადამიანი აქ სასწავლებლად ჩამოდის, მაგრამ სამწუხაროდ, მოტყუებული რჩება.- რატომ?- თუ მანამდე ეუბნებოდნენ, რომ საქართველოში სასწავლებლად საუკეთესო პირობები ექნებოდა, - განსაკუთრებულ სასწავლო პროგრამებს შესთავაზებდნენ, აქაური სასწავლო სიტემის გაცდნობის შემდეგ, ის იმედგაცრუებული რჩება. არადა, ჩვენები არც ისე ცოტა თანხას იხდიან ამაში...კიდევ ერთი რამ მაოცებს: გასულ წელს, თქვენმა ქვეყანამ ნიგერიელ სტუდენტებზე ვიზის გაცემა შეაჩერა. ვინც უკვე სწავლობს, მათაც არ უხანგრძლივებენ ვიზას. ვერ გავიგე, ეს რატომ ხდება. არადა, როგორია, ცხოვრებაში რაღაც გზას დაადგნენ, პროფესია აირჩიეს, განათლებას იღებენ, ამაში ფულს იხდიან და უეცრად, გაურკვეველი მიზნით, ქვეყნიდან უშვებენ, სწავლის დასრულების საშუალებას აღარ აძლევენ? მას ხომ უკვე აერია ცხოვრება? ეს არ არის ნორმალური.- ამ ყველაფერს ახალი ხელისუფლების მოსვლას უკავშირებთ?- არ მინდა, ეს ახალ ხელისუფლებას დავაბრალო, მაგრამ ფაქტია... თუ არ უნდათ, რომ საქართველოში "შავები" ჩამოვიდნენ, მაშინ ამის შესახებ ხმამაღლა გააცხადონ. ისიც ძალიან მაწუხებს, რომ თქვენს ქვეყანაში თავს დაუცველად ვგრძნობთ. უცხოელებს ნებისმიერი ქვეყანა სათანადოდ იცავს... საინტერესოა, ქართველები უცხო ქვეყანაში იმავე მდგომარეობაში რომ აღმოჩდნენ, მოეწონებათ? ამიტომ ჩვენებიდან ბევრმა უკრაინას, გერმანიას, ამერიკას მიაშურა.საქართველოში ჩემი რეკომენდაციით, ბევრი იბოელი ჩამოვიდა, მაგრამ აქ იმედი გაუცრუვდათ, რაზეც გული მწყდება. მერე ჩემთან მოდიან და უკმაყოფილებას გამოთქვამენ: ხომ გვეუბნებოდი, საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა. რატომ გვექცევიან აქ ასეო? რამდენიმე თვის წინ რუსთავში ასეთი ფაქტი მოხდა: ერთ ჩვენს ახალგაზრდას თავს დაესხნენ, წაართვეს ლეპტოპი, ფული და საბუთები. მაგრად სცემეს, ისე, რომ ის საწყალი 2 თვის განმავლობაში კომაში იყო. ყოველდღე საავადმყოფოში დავდიოდი, ვუვლიდი, კომიდან რომ გამოვიდა, ჩემთან სახლში წამოვიყვანე და აქ ვუვლიდი. 4 თვის შემდეგ საკუთარი სახსრებით თავის სახლში გავამგზავრე, მაგრამ ის საბოლოოდ, მაინც ვერ განიკურნა, ფსიქიკური პრობლემები აქვს.რამდენიმე დღის წინ ჩვენი კუთხის კიდევ ერთ წარმომადგენელი დააყაჩაღეს, თავი გაუტეხეს, მაგრად სცემეს, საფულე და ოქროს ძეწკვი წაართვეს. პოლიცია კი მეუბნება, რომ გამოჯანმრთელდება და დაზარალებული ლაპარაკს დაიწყებს, დამნაშავის ძებნას მერე დავიწყებთო. ეს როგორ? რომ მომკვდარიყო, დამნაშვე არ უნდა დაეჭირათ და დაესაჯათ? რა პასუხია?! მე ვენდობი თქვენს ქვეყანას, მის პოლიციას, მჯერა, როცა ამბობენ, კრიმინალურმა ფაქტებმა იკლოო, მაგრამ როცა ასეთი შემთხვევებს ვეჯახები, მიკვირს და გოცებული ვრჩები. გასულ კვირას ნიგერიელი ქალბატონი ბავშვით იყო ქუჩაში გასული, მასაც სცემეს და იქვე დააგდეს. პოლიციამ მაშინაც არაფერი იღონა... ქართველი კაცის ცოლი რომ ყოფილიყო, ასე დამთავრდებოდა ყველაფერი? - ე.ი. თავს ჩვენს ქვეყანაში შევიწროებულად გრძობთ...- კი, საქართველოში "შავებს", როგორც ჩამორჩენილებს ისე გვიყურებენ. არადა, გაუნათლებლები და ჩამორჩენილები ნამდვილად არ ვართ. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა...- გასულ კვირას ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა: საქართველოდან ნიგერიაში გადარიცხული ფული ჩინეთის ტრანსფერებს ხუთჯერ აჭარბებს. ნიგერიაში ფულადი გზავნილების მოცულობამ 4 მილიონ 850 ათასი დოლარი შეადგინა. ნიგერია აღმოჩნდა ქვეყანა, სადაც საქართველოდან დიდძალი თანხა მიდის. როგორც ჩანს, მაინც ბევრნი ხართ საქართველოში... - ფული ნიგერიიდან საქართველოშიც შემოდის და აქედანაც გადის. აქ ბევრი ჩვენი თანამემამულე ამა თუ იმ ბიზნესს აწარმოებს...მინდა, ყველას ვთხოვო, რომ ნუ სცემთ უმოწყალოდ "შავებს". და თუ ინციდენტი მოხდება, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. კანონმა "შავი" და "თეთრი" არ უნდა განასხვავოს. ყველასთვის უერთი უნდა იყოს! მინდა, რომ ხელისუფლებამ მიხედოს ყველა იმ საკითხს, რაზეც ვისაუბრეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯზე სერიოზულად მოქმედებს. ისეთი ამბები ხდება, რომ ქვეყნის ზოგად სურათს აფუჭებს. რაც ძალიან არ მინდა. მე მიყვარს ეს ქვეყანა. მეფე ხართო, მეუბნებით, დიახ, ჩემმა ხალხმა მეფედ მაკურთხა, მაგრამ მეფე ვერ იქნება კმაყოფილი და ბედნიერი, როცა მის ხალხს უცხო ქვეყანაში ასე ჩაგრავენ... მინდა, რომ საქართველოში კანონი კანონობდეს.- პირადად თქვენთვის უკადრებიათ რაიმე?- ბევრჯერ წამოუძახებიათ, რომ "შავი" ვარ. მაგ დროს თავს მაქსიმალურად ვიკავებ, რომ საკადრისი არ მივუზღო იმიტომ, რომ არ შეიძლება. ჩვენ ხალხსაც სულ იმას ვეუბნებით, რომ ჩხუბი არ გვინდა. მაგრამ თუ ეს ამბები არ დასრულდა, თავდაცვაზე გადავალთ. თუმცა იმედი მაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე. თუ თქვენი ხელისუფლება დაინტერესდება ჩვენი საკითხებით, მოგვისმენენ და სიტუაცია გამოსწორდება, ხომ კარგი, თუ არადა, მერე საერთაშორისო თანამეგობრობა და ევროკავშირი მოგვისმენს... ლალი ფაცია (სპეციალურად საიტისთვის)