სევდია უგრეხელიძე: "საბოტაჟნიკებს ხვრეტდნენ, ჩვენც უნდა დაგვხვრიტონ?" - კვირის პალიტრა

სევდია უგრეხელიძე: "საბოტაჟნიკებს ხვრეტდნენ, ჩვენც უნდა დაგვხვრიტონ?"

ჯერ სად ხართ? - მერია მთავრობას კრიზისის შექმნით ემუქრება

"ანძის გათიშვით ტესტი ჩავუტარეთ საკრებულოს და მთავრობას"

"მე მეგონა, შიხიაშვილი უსმენდა მთავრობას და თურმე პირიქით ყოფილა"

მთაწმინდის თავზე ამაყად მდგომი სატელევიზო ანძა, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, რამდენიმე საათით დაბნელდა. რა გახდა თბილისში ყველაზე მაღალი რკინის კონსტრუქციის დაბნელების მიზეზი, ამის შესახებ "კვირის პალიტრასთან" ანძის გათიშვის იდეის ავტორი, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე საუბრობს.

- ანძის გათიშვით ტესტი ჩავუტარეთ საკრებულოს და მთავრობას. გვინდოდა ამ გზით გვეჩვენებინა, რომ ჩვენს მიერ გაწერილი ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება აუცილებელია. გვესმოდა, რომ ტესტს ვერ ჩავატარებდით ვაუჩერების შეჩერებით, რადგან ამით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას ზიანს მივაყენებდით. ამიტომ ავირჩიეთ ანძის განათების გათიშვის გეგმა, რომელიც იყო უფრო უმტკივნეულო და აბსოლუტურად უვნებელი.

- ამ თქვენი უვნებელი ტესტის გამო მთავრობამ საბოტაჟის მოწყობაში დაგდოთ ბრალი.

- რა, უნდა დაგვხვრიტონ? საბოტაჟი სტალინური მუხლი გახლავთ და საბოტაჟნიკებს ხვრეტდნენ. საინტერესოა, ჩვენს ქმედებაში რა დანაშაულის ნიშანს ხედავენ, თუმცა, მათთვის ალბათ არც არის დანაშაული საჭირო და ისეც შეუძლიათ პოლიტიკური ოპონენტების გასამართლება. ანძის გათიშვით ჩვენ არ ჩაგვიდენია რაიმე სახის დანაშაული და ის ხმაური, რაც ატეხა ხელისუფლებამ, ეს იყო ქარიშხალი ჭიქა წყალში. ვიმეორებ, ანძის გათიშვა სიმბოლური ქმედება იყო არაპროფესიონალი საკრებულოს მუშაობის წინააღმდეგ და ამას ზიანი არავისთვის მოუტანია.

- მათი თქმით, ანძის გათიშვამ საფრთხე შეუქმნა საჰაერო ხომალდებს, რომლებიც თბილისის თავზე გადაადგილდებიან.

- საჰაერო ნავიგაცია ცრუობს, ან ზეწოლის მიზეზია ის, რასაც ჩვენ გვაბრალებს, თითქოს ანძის გათიშვით საფრთხე შეექმნა საჰაერო ხომალდების ფრენას დედაქალაქის თავზე. მათ აქვთ სპეციალური შუქურა, რომელთანაც მერიას არანაირი შეხება არ ჰქონია და ეს განათება საკმარისია იმისთვის, რომ ავარია არ მომხდარიყო. საჰაერო ნავიგაციას და მერიას არც არასდროს უმუშავია ერთობლივად, ვერ ვხვდები, ჩვენ რა შუაში ვართ აქ? ეს არის პროვოკაცია მათი მხრიდან. საქართველოს მთავრობა, სამწუხაროდ, დაუფიქრებლად და შეუთანხმებელ განცხადებებს აკეთებს. მე მეგონა, შიხიაშვილი უსმენდა მთავრობას და თურმე პირიქით ყოფილა. ეს არის პოლიტიკური ოპონენტებისთვის ხელების გადაგრეხვის მცდელობა და მეტი არაფერი.

- როგორც გაირკვა პროკურატურა იწყებს ამ საკითხზე მუშაობას, შეიძლება თქვენითაც დაინტერესდეს გამოძიება...

- პროკურატურა რაღაც უცნობი მაგიური ძალების ხელშია და რასაც უბრძანებენ, იმას გააკეთებს. ეს ხომ ის პროკურატურაა, რომელსაც ფარცხალაძე დაუყენეს უფროსად, პროკურატურა, რომელსაც ბევრი აბსურდული საქმეები აქვს წამოწყებული და სულ არ გამიკვირდება, მორიგ აბსურდულ საქმესაც თუ წამოიწყებენ. მერწმუნეთ შედეგი და პერსპექტივა ასეთ იდიოტურ ბრალდებას არ აქვს.

- შედეგი გამოიღო ჩვენმა ტესტმაო, ამბობთ, საინტერესოა ელოდებით თუ არა ამ ეტაპზე ბიუჯეტის დამტკიცებას საკრებულოს მხრიდან?

- საკრებულო მოქმედებს პოლიტიკური მოტივაციით. თუ მათ სურთ საკრებულოს დაშლა და მერიის შტურმით აღება, მაშინ მართლა არ დაამტკიცებენ ბიუჯეტს. ჩვენ მათ ვაჩვენეთ მაგალითი, თუ რას მოიტანს ბიუჯეტის მორიგი ჩაგდება და თუ არ დამტკიცდება, ქალაქი კრიზისში აღმოჩნდება, რასაც არ ვურჩევ მთავრობას და საკრებულოს.

- იმუქრებით და ალბათ არგუმენტიც გაქვთ, შეგიძლიათ გვითხრათ, რას უნდა ელოდოს თბილისის მოსახლეობა მერიის მორიგი მარცხის შემთხვევაში?

- იანვარი აქტიური თვე არ არის და ნაკლები თანხებია საჭირო იმ ტენდერებისთვის, რომელიც დაწყებულია. როდესაც ტენდერების ამუშავების პერიოდი დადგება, არ იქნება თანხები და ბევრი პროგრამა ჩავარდება. საკრებულოს უპასუხისმგებლო საქციელის გამო საფრთხე შეექმნება ქალაქის დასუფთავებასაც და საბავშო ბაღების დაფინანსებასაც კი. ამიტომ ვურჩევდი საკრებულოს, ადეკვატურად შეხედონ საკითხს და თავი დაანებონ პროვოკაციებს, რასაც ეწევიან მერიის წინააღმდეგ.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)