როგორ დაიგეგმა შარაძის მკვლელობა
"მთავარ მოწმეს ავარია მოუწყვეს"
"მოწმე მზად არის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს ნებისმიერ კითხვაზე უპასუხოს"
"სპეცრაზმელთაგან, ვისაც ეს მკვლელობა უნდა შეესრულებინა, ერთი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა, მეორე დააწინაურეს"
რა კავშირი აქვს გურამ შარაძის მკვლელობას სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან და რა საიდუმლოს ინახავს ეს საქმე? გამოჩნდა მოწმე, რომელიც ჰყვება, თუ როგორ, ვის მიერ და რა ვითარებაში დაიგეგმა პროფესორ შარაძის მკვლელობა, ვის დაევალა ამ ყველაფრის შესრულება. "კვირის პალიტრას" გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ესაუბრა:
- მამაჩემის მკვლელობის საქმეში მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა - პოლიციელი გურიკა ქადარია, რომელიც ამბობს, რომ მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მეგის ქარდავამ (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსის მოადგილემ) დაიბარა და გურამ შარაძის მკვლელობის ორგანიზება დაავალა - ქადარია ზუგდიდიდან თბილისში ორ სპეცრაზმელთან ერთად უნდა ჩამოსულიყო, მითითებები მიეღო კუდ-ის მაღალჩინოსან გია დგებუაძისგან ("მასტერა") და შესაბამისად ემოქმედა. სპეცრაზმელები, ვისაც გურამ შარაძე უნდა მოეკლათ, გია ფაჩულია და თემურ ჯგერენაია იყვნენ. ამ საქმისთვის მეგის ქარდავამ გურიკას წინასწარ 5 ათასი დოლარი გადაუხადა. ქადარიას ეს თანხა კოხტა კოდუას (სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მე-2 რეგიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი) ბიძამ გადასცა. მკვლელობის იარაღიც თავად კოხტა კოდუამ მისცა ქადარიას, თუმცა ამ უკანასკნელმა მკვლელობაში მონაწილეობის თავიდან ასარიდებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და ამის "დასადასტურებლად" ზუგდიდის სამედიცინო კლინიკას მიმართა. მაშინ მეგის ქარდავამ და პოლიციის სხვა მაღალჩინოსნებმა მისი "ჭკუაზე მოყვანა" გადაწყვიტეს - სამხარეო პოლიციაში გამოკეტეს და დაუწყეს დამუშავება...
ქადარიას ემუქრებოდნენ და მასზე ზეწოლისთვის სხვადასხვა ბინძურ ხერხს მიმართავდნენ ლაშა ექონია, ზაზა ხასაია და გურიკა ჭითანავა. ეს სწორედ ის გურიკა ჭითანავაა, რომელიც გასულ წელს სამეგრელოს სამალავებში წამებისა და გაუპატიურების ცნობილი კადრების აღმოჩენის შემდეგ დააკავეს.
შარაძის მკვლელობის საქმეში სწორედ ის დანაშაულებრივი ჯგუფი იყო გარეული, რომელსაც სახელისუფლებო ვერტიკალი შესანიშნავად აკონტროლებდა...
წნეხში მოქცეულმა ქადარიამ სცადა, ზემდგომები დაერწმუნებინა, რომ დავალების შეუსრულებლობა მართლაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით იყო განპირობებული. "თუ ასეა, მაშინ დაგვიმტკიცე ერთგულება, შენს ნათესავს ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდე და დაიჭირე! ამით მივხვდებით, რომ ჩვენი ბრძანების მორჩილად შესრულება შეგიძლია!" - მოსთხოვეს ქადარიას სამხარეო პოლიციის იმჟამინდელმა უფროსმა თენგიზ გუნავამ და მისმა მოადგილემ, მეგის ქარდავამ. ქადარიამ იქვე (თენგიზ გუნავას კაბინეტში) უარი თქვა ამ ბრძანების შესრულებაზე. ამის საპასუხოდ გუნავა ფიზიკურად გაუსწორდა. შემდეგ გურიკა ქადარიას საცხოვრებელ სახლში სამხარეო პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა, ქადარიას ისევ სასტიკად სცემეს, სახლი გაუჩხრიკეს და სწორედ ის ცეცხლსასროლი იარაღი "აღმოუჩინეს", რომელიც თავის დროზე მამაჩემის მოსაკლავად თვითონვე მისცეს. ამის საფუძველზე დააკავეს ქადარია. მას შემდეგ კი, რაც მკვლელობის შემკვეთები დარწმუნდნენ, რომ ქადარია გურამ შარაძის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ გასცემდა, გაათავისუფლეს. რასაკვირველია, გურიკა ქადარიამ მეგის ქარდავას წინასწარ აღებული 5 ათას დოლარი დაუბრუნა.
- რა გარანტია არსებობდა, რომ ქადარია ყველაფერს არ იტყოდა?
- ალბათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება სამუდამოდ ხელშეუხებელი იქნებოდა და ხმის ამომღებიც არავინ იქნებოდა...
- თქვენ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია?
- 2013 წლის 21 მაისს ზუგდიდში ჟურნალისტმა ნანა ფაჟავამ გურიკა ქადარიას მეგობრისგან შემთხვევით გაიგო... შემდეგ ფაჟავა ქადარიას თავად შეხვდა, მისგან მოისმინა მამაჩემის მკვლელობის დაგეგმვის დეტალები და სთხოვა, ეს ინფორმაცია პროკურატურისთვის ეცნობებინა, რაზეც ქადარია დიდი ყოყმანის შემდეგ დათანხმდა და მაშინდელ საოლქო პროკურორს, ვალერი იოსავას ყველაფერი უამბო. ამ უკანასკნელს კი საქმისადმი დიდი ინტერესი არ გამოუჩენია... ამის შემდეგ მე თავად მივაწოდე ინფორმაცია იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მაშინდელ მთავარ პროკურორ არჩილ კბილაშვილსა და მის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილს. მეტიც, ნაცვლიშვილს პირადად ვუამბე ყველაფერი, რის შემდეგაც მისი დავალებით ადგილობრივმა პროკურორმა ირაკლი წულაიამ გურიკა ქადარია დაჰკითხა... შემდეგ ქადარია თბილისში უნდა ჩამოსულიყო და მთავარ პროკურატურაში ჩვენება მიეცა, თუმცა მოულოდნელად ავარიაში მოყვა. მის რეაბილიტაციას დიდი ხანი დასჭირდა, ამასობაში მთავარ პროკურატურაში საკადრო ცვლილებებიც დაიწყო და ამ საქმისთვის ყურადღება აღარავის მიუქცევია.
ჩემი აზრით, ქადარიას ავარია მოუწყვეს. მთავარი ის არის, რომ გასულ წელს გურიკა ქადარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას ოფიციალურად განუცხადა ის ყველაფერი, რაც ახლა მოგახსენეთ, თუმცა პროკურატურას (როგორც ვიცი) არავინ დაუკითხავს მათგან, ვისაც ამ ჩვენების მიხედვით რაიმე კავშირი ჰქონდათ მამაჩემის მკვლელობასთან.
- რა ბედი ეწია იმ ორ სპეცრაზმელს - ჯგერენაიასა და ფაჩულიას, რომლებსაც, ქადარიას ჩვენებით, შარაძე უნდა მოეკლათ?
- როგორც შევიტყვეთ, თემურ ჯგერენაია (მეტსახელად "ჯგერე") ცოტა ხნის წინ უკრაინაში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მეორე სპეცრაზმელი კი, გია ფაჩულია, შსს-ს დაქვემდებარებაში არსებული აფხაზეთის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელის მოადგილეა! მეტიც, ამ თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნეს, რაც გურიკა ქადარიამ საოლქო პროკურატურაში ირაკლი წულაიას ჩვენება მისცა. ამასთან, შსს-ს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი იცოდნენ, დღეს ჩემდა გასაკვირად მაღალი თანამდებობები უკავიათ (მაგალითად, კახა ლატარია სამხარეო პოლიციაში საგამოძიებო ნაწილის უფროსია, კობა ნარსია შსს-ში საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობს).
ვაცხადებ, ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ მოწმე გურიკა ქადარიასა და ჟურნალისტ ნანა ფაჟავას თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეთ, პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას დაეკისრება!.. ახალ მთავარ პროკურორს კი მივმართავ თხოვნით, რომ ახალაღმოჩენილი გარემოების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გურამ შარაძის მკვლელობის ხელახალი გამოძიება.
- ქადარიას არ უთქვამს, რატომ ავალებდნენ შარაძის მოკვლას?
- არა, მას მხოლოდ ბრძანება უნდა შეესრულებინა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, რომელიც დემონსტრაციულად, ყველას დასანახად უნდა მომხდარიყო. ყოფილ ხელისუფლებას აწყობდა ისეთი ავტორიტეტული ფიგურის სახალხოდ დასჯა, რომელიც თურქი-მესხების ჩამოსახლებასა და ეროვნული საგანძურის გატანას ეწინააღმდეგებოდა. სხვათა შორის, 2007 წლის მერე ეს საგანძური ქვეყნიდან ნელ-ნელა გაიტანეს, რაც დოკუმენტებით მტკიცდება. ამასთან, იმხანად ხელისუფლება საფრანგეთში ლევილის მამულის გასხვისებას გეგმავდა. ცხადია, ასეთ საკითხებში გურამ შარაძე ხელისუფლებისთვის ხელის შემშლელი იყო.
P.S. ჩვენ დავუკავშირდით ჟურნალისტ ნანა ფაჟავას, რომელმაც რუსუდან შარაძის ნაამბობი დაგვიდასტურა: "ქადარია მზად არის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლებს ნებისმიერ კითხვაზე უპასუხოს", - განაცხადა ნანა ფაჟავამ.
გურიკა ქადარიას ჩვენებას "ოქროს ფასი" აქვს ამ საქმის ხელახალი გამოძიებისთვის, რომელსაც, იმედია, უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი.