"თუ ღარიბაშვილიც იგივეს აკეთებს, რით განსხვავდება ხერხემალ ვანოსგან?"
"ნაციონალებმა" მინიშნებები გამიკეთეს, შენს წინააღმდეგ რაღაც კადრები გვაქვსო" - ფარული ჩანაწერები კახა კუკავაზეც არსებობს?
"კბილაშვილი ამ ბოლო დროს საერთოდ არაადეკვატური გახდა... მან ღირსებაც კი ვერ შეინარჩუნა"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ "პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაარღვია, საიდუმლო ფირების საიდუმლოება და ამ ჩანაწერებს თავადვე უყურა!". მისივე თქმით, თუ პროკურატურა მოისურვებს, მზად არის დაკითხონ, ამ საქმესთან დაკავშირებით კი, ირაკლი ღარიბაშვილს, პასუხისგება მოუწევს...
- პრემიერ-მინისტრზე განაცხადეთ, რომ მან ფარული ჩანაწერები განადგურებამდე ნახა, არ ჰქონდა ამის უფლება?
- რა თქმა უნდა, არ ჰქონდა. მთელი სპექტაკლი დადგეს იმაზე, რომ განადგურდა და თუ მანამდე ნახეს ეს ჩანაწერები, მეტი რაღა უნდა დაეშავებინათ, "ნაციონალები" მეტს კი არაფერს აშავებდნენ. გადაიღებდნენ საშინელებებს და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდნენ.
თუ ღარიბაშვილიც იგივეს აკეთებს, რაიმე განსხვავება დამანახვოს ვინმემ მასა და ხერხემალს შორის, რით განსხვავდება ირაკლი ვანოსგან?!..
- ამის შესახებ თავიდანვე გქონდათ ინფორმაცია?
- კი, მქონდა, მაგრამ პრესკონფერენცია არ მომიწვევია. მე ერთ-ერთი ის გამონაკლისი ვარ, რომელსაც მიაჩნდა, რომ, ოცნების ლიდერი ბატონები "უბიწოები" არ იყვნენ და ამას მაშინაც ვამბობდი, როდესაც საზოგადოება ეიფორიაში იყო. ვიღაცები მეუბნებოდნენ, დაბოღმილი ხარ და გეჩვენებაო. არადა, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მართვის სტილი "ნაციონალებისგან" დიდად განსხვავებულიარ იქნებოდა...
- ბატონო კახა, თუ მაშინვე იცოდით, რომ ამ ჩანაწერების მოსმენით, პრემიერ-მინისტრმა კანონი დაარღვია, რატომ არ აცნობეთ საზოგადოებას?..
- რას ამბობთ, კახიშვილის პოზიციასაც დავუჭირე მხარი და განა მე არ ვიყავი, რომ გავკიოდი, რომ შსს ახალ ხელმძღვანელობას მოსასმენი აპარატურა არ გაუტანია და ახლაც განაგრძობს მიყურადებას-მეთქი... თუმცა, ეს ის თემებია, რომელსაც ჩვენი საზოგადოება მხოლოდ მას შემდეგ ამჩნევს, როდესაც ურემი გადაბრუნდება.
როდესაც მთავრობისა ხელმძღვანელი ასეთი ტიპის ჩანაწერებს ეცნობა, ეს უკვე საფრთხის შემცველია და ამას სათავისოდ გამოიყენებს თუ არა ღარიბაშვილი და რა დროს გამოიყენებს, მომავალი გვიჩვენებს... თავის დროზე, "ნაციონალებმა" მინიშნებები გამიკეთეს, შენს წინააღმდეგ რაღაც კადრები გვაქვსო, მაგრამ ვიდეოჩანაწერი ჩემს წინააღმდეგ არასდროს გამოუქვეყნებიათ. სწორედ ეს არის შანტაჟი, როდესაც ჩანაწერი აქვს და როდესაც უნდა, მაშინ გამოაქვეყნებს.
- თქვენს წინააღმდეგ რა სახის ჩანაწერები ჰქონდათ?..
- ვერ გეტყვით, მხოლოდ მინიშნება მომცეს, პრესის საშუალებით, გვაქვსო... ამიტომაც ვთქვი ის რაც ვთქვი, ღარიბაშვილი უკვე ირჩევს "ნაციონალების" გზას და ერთ დროს მასაც მოუწევს, ამის გამო პასუხი აგოს...
-პრესკონფერენციაზე თქვენ ყოფილი პროკურორი კბილაშვილიც გააკრიტიკეთ...
- საზოგადოება დარწმუნდა, რომ ივანიშვილი, კბილაშვილი და ღარიბაშვილი ღვთისგან მოვლენილები არ არიან, დანარჩენებზე რომ არაფერი ვთქვათ. უბრალოდ, ამათ ნაკლებად იცნობდნენ და მათი უსაზღვრო კეთილშობილების ადვილად დაიჯერეს... თუმცა, კბილაშვილი ამ ბოლო დროს საერთოდ არაადეკვატური გახდა. შეიძლება ადამიანი ცუდი იურისტი იყოს, მაგრამ ღირსება შეინარჩუნოს, მან ღირსებაც კი ვერ შეინარჩუნა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ბრიფინგებს ერთმანეთის მიყოლებით მართავდა და ხან ერთი გახმაურებელი საქმის გახსნას აანონსებდა უსირცხვილოდ და ხან მეორისას. ეს მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორი იყო, ახლა კი, ყოფილი გენპროკურორის პოსტიდან გვესაუბრება, ჟვანიას საქმე გაუხსნელია და დაუდგენელია, გირგვლიანი მოკლეს თუ გაქცევის დროს გარდაიცვალა... უკაცრავად, მაგრამ აბა 9 წელი რას გავკიოდით მთელი ერი, ბატონო არჩილ, თუ თქვენ გეძინათ მაშინ?!.. როგორც იურისტზე, მის მიმართ კარგი წარმოდგენა არასდროს მქონდა, მაგრამ მოვლენათა ასეთ ტრაგიკულ განვითარებას ნამდვილად არ ველოდი.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)