"ჩვენ ტყვიაზე მივდივართ... ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინაც ჩემი სამშობლოა!" - ქართველი მომიტინგეები კიევიდან (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ჩვენ ტყვიაზე მივდივართ... ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინაც ჩემი სამშობლოა!" - ქართველი მომიტინგეები კიევიდან (ექსკლუზივი)

"არანაირი დარბევა, ეს ომია. მხარში ვარ დაჭრილი, მანამდე ხელკეტებით გაგვისწორდნენ და თავი მაქვს გატეხილი..."

"პირველად ვნახე ადამიანის სიკვდილი... ხელში მეჭირა მისი ხელი, შემდეგ კი უცებ გაცივდა და თვალები ღია დარჩა..."

"უმოწყალოდ გვცემდნენ… მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი და ორმა მეგობარმა იქიდან გამომათრია..."

"ტყვიებს გვესვრიან... მხარში ვარ დაჭრილი, მაგრამ მანამდე ხელკეტებით გაგვისწორდნენ და სხვა წვრილმანი დაზიანებების გარდა, თავი მაქვს გატეხილი... ეს ომია. არანაირი დარბევა, ომია. ახლა გვითხრეს, რომ დესანტი მოჰყავთ ხალხის ჩასახოცად... პირველად ვნახე ადამიანის სიკვდილი. მე და ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა გამოვიყვანეთ ერთი დაჭრილი კაცი. ტყვიით იყო დაჭრილი. 60-წლამდე იქნებოდა. ხელში მეჭირა მისი ხელი, შემდეგ კი უცებ გაცივდა და თვალები ღია დარჩა..." - იხსენებს კიეველი ქართველი ძალოვანებთან შეტაკებას. მისი თქმით, ჩვენი საუბრის დროსაც ქუჩაში სროლები ისმოდა და მომიტინგეებს სნაიპერები ესროდნენ.

თორნიკე ლოგუა, კიევში მცხოვრები ქართველი:

- პროფკავშირების სახლში ვიყავით, როდესაც ძალოვნებმა შტურმი მიიტანეს ჩვენზე და შენობას ცეცხლი გაუჩინეს. კვამლმა ძალიან ბევრი გაგუდა, მაგრამ ეს მხოლოდ კვამლის "დამსახურება" არ იყო, როგორც ამბობენ, ქიმიკატებიც გამოიყენეს, რომელმაც ხალხი გათიშა. ამასობაში თავს დაგვესხნენ. უმოწყალოდ გვცემდნენ, ხალხს სანამ შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა, მეც მათ შორის. შემდეგ მივხვდი, რომ გონებას ვკარგავდი და ორმა მეგობარმა იქიდან გამომათრია...შენობიდან გამოსვლის დროსაც გვცემეს... ისეთებიც არ დაინდეს, ვინც ძალიან მაგრად იყო ნაცემი და ვერ გადაადგილდებოდა. როდესაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა, შიგნით უამრავი აქტივისტი იყო. ზოგი ვერ გამოვიდა და დაიწვა... ზოგი დაიღუპა, ზოგიც რეანიმაციაში გადაიყვანეს...

- ახლა რა ხდება მაიდანზე?.. ხმაური ისმის...

- დაძაბულობაა... მითხრეს, შემდგომი შეტევა იგეგმება და სახლში წადიო, მაგრამ არ წავალ. სნაიპერები შენობებზეც არიან. ჩვენს თვალწინ დადიან "კალაშნიკოვით" შეიარაღებული ძალოვნები. ისევ შტურმი იქნება.

- საქართველოს საელჩო სახლში ყოფნისკენ მოგიწოდებთ... საქართველოში დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ...

- არა... სად უნდა წავიდე, მე აქ ვცხოვრობ. საქართველოში სახლი არ მაქვს. ჩემი სახლი სოხუმში დარჩა. თბილისში ნათესავებთან ვცხოვრობდი. ახლა დავბრუნდე თბილისში და სიტუაცია რომ ჩაწყნარდება, ისევ ჩამოვიდე, თუ რა ვქნა?.. 20 წელია აქ ვცხოვრობ, დევნილობის შემდეგ აქ ვარ, სკოლა აქ დავამთავრე და უნივერსიტეტიც... ქართველი ვარ, მაგრამ უკრაინაც ჩემი სამშობლოა.

ლევან შამუგია:

- აქ არიან ქართველები, რომლებიც მშვიდად დადიან სამსახურებში და თავიანთ საქმეს აგრძელებენ და ახალ ამბებს ტელევიზორითა და ინტერნეტით იგებენ, მრცხვენია მათ გამო!.. ხვალ ისინი გამოძვრებიან და მშვიდად გააგრძელებენ აქ ცხოვრებას. აქ ახლა ომია. ახლა წყდება, იანუკოვიჩი დარჩება თუ წავა, უნდა წავიდეს, 50-ზე მეტი ადამიანი დაღუპული. ჩვენ ტყვიაზე მივდივართ. ფარად აქ დარიგებულ ფარებს, რკინის კარებს, სპეცრაზმელებისთვის წართმეულ ფარებს ვიყენებთ... ჩემს თვალწინ ქალი მოკლეს. უამრავი ჟურნალისტი სასტიკად სცემეს...

მათი დახმარებით უკრაინელებსაც გავესაუბრეთ...

სერგეი ჩუბკო:

- ომია. ახლა დესანტი მოჰყავთ "მაიდნისკენ". იანუკოვიჩს არ რცხვენია საკუთარი ხალხის ხოცვის, პუტინსა და მედვედევს რატომ უნდა შერცხვეთ?.. მთავარი ხომ ბიზნესია? იმედია ევროპა გონს მოვა... აქ კიევის ცენტრში, სისხლისა და სიკვდილის სუნი ტრიალებს და ჩვენ ნამდვილ ტყვიებს გვესვრიან. მე დაჭრილი ვარ და სასტიკად ნაცემი. ტყვია არ მომხვედრია, მაგრამ შეიძლება, ამაღამ მესროლონ ან მომკლან კიდეც. მილიციამ გვითხრა, ჯობია დროულად დაიშალოთ, თორემ ამ საღამოს სხვა გეგმები გვაქვსო, თუ ბევრი ხართ, ბევრი დაიხოცებითო... ეს რუსეთის ბრძანებაა, რომელსაც ჩვენი მთავრობა მონურად ასრულებს, - ესროლონ მომიტინგეებს!.. ჩვენ არ შევჩერდებით, თავისუფლება უკრაინას!.. მადლობა ქართველ ხალხს მხარდაჭერისთვის!

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)