"დათოს წლინახევრის ბიჭი დარჩა, ლაშა-გიორგი" - რაზე დარდობდა ევრომაიდანზე დაღუპული 33 წლის ქართველი
კიევში კიდევ ერთი ქართველი ახალგაზრდა დაიღუპა. 33 წლის დავით ყიფიანი ერთი წლის განმავლობაში კიევში ცხოვრობდა და მუშაობდა. ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო, ბოლო დღეების განმავლობაში კი კიევში, არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ ზონას" შეუერთდა და საპროტესტო გამოსვლებში აქტიურად მონაწილეობდა...
გიორგი კუტალაძე, დავით ყიფიანის ნათესავი:
- დათო ბოლო ერთი წელი კიევში ცხოვრობდა. აქ, საქართველოში წლინახევრის ბიჭი დატოვა, ლაშა-გიორგი... ამ ხნის განმავლობაში ოჯახს უკრანაიდან, ტელეფონითა და ინტერნეტის საშუალებით ეკონტაქტებოდა.
- უკრაინიში წასვლამდე სად მუშაობდა?
- დათო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო და კონცერტების ორგანიზებაში მონაწილეობდა. სცენაზე ტექნიკურ საკითხებს აგვარებდა... ხელისუფლების შეცვლის მერე, უმუშევარი დარჩა და უკრაინაში წავიდა, მეუღლეს უთხრა, რამე საქმეს ვიპოვი და საჭმლის ფულს მაინც გამოგიგზავნითო...
- ვიცი, რომ მშობლები არ ჰყავდა...
- დიახ, დედ-მამა არ ჰყავდა, ობოლი იყო... უკრაინაში წასვლამდე, მეუღლესთან ერთად, თბილისში, მუხიანში ცხოვრობდა. მატერიალურად ძალიან უჭირთ, ძალიან... ახლა ჩამოსვენების ფულს აგროვებენ ჩვენი უკრაინაში მყოფი მეგობრები, ჩვენც ვცდილობთ, აქედან დავეხმაროთ, როგორც შეგვიძლია...
- ბოლოს როდის ესაუბრეთ დათოს?
- გუშინ საღამოს. ყველანი ერთად იყვნენ, ქართველებს ვგულისხმობ. სროლების ხმა ისმოდა და თავს გაუფრთხილდით-მეთქი. დათო დარდობდა, აქ უკრაინელებთან ერთად უიარაღოდ, შიშველი ხელებით ვდგავართ, ჩვენს გარშემო კი სნაიპერები დაძრწიან და გვესვრიანო... ამ საუბრიდან ერთ საათში მოუკლავთ.
გულსატკენია, რომ ქართულ ინტერნეტსივრცეში მისი მისამართით ასეთი აგრესია წამოვიდა, უბრალოდ გაოგნებული ვარ იმ ხალხის პოზიციით, ვინც ამბობს, რა უნდათ ქართველებს უკრაინაშიო, აფხაზეთის ომის დროს რომ უკრაინელები ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ და უამრავი დაიღუპა, ეგ კარგი ყოფილა, მაგრამ ჩვენები იქ რომ არიან, ყველა დასახვრეტია თურმე, რადგან "ნაციონალები" არიან. მე არ ვარ "ნაციონალი", მაგრამ საშუალება რომ მქონდეს სიამოვნებით წავიდოდი...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)