ბუბა კიკაბიძე - "უკრაინის შემდეგ ისევ საქართველოს ჯერი დადგება..."
"ყველა ნორმალურმა კაცმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ახლა ჯამრთელობის მხრივ მიჭირს, თორემ აუცილებლად წავიდოდი... უნდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, ახალგაზრდები უნდა ჩავიდნენ... საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ოფიციალურად მხარდაჭერა. ბოლო-ბოლო, მიხვდნენ რომ ასე უნდა იყოს. უკრაინის შემდეგ ისევ საქართველოს ჯერი დადგება"... ამბობს მომღერალი ბუბა კიკაბიძე...
ბუბა კიკაბიძე:
- საშინელება ეს ყველაფერი.. მგონია, რომ ძალიან დიდ შეცდომას უშვებს პუტინი და ეს ყველაფერი კატასტროფით დამთავრდება. მსოფლიო აღარ აპატიებს ამდენს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ საქართველოზე გადატყდება ჯოხი ყველაზე მეტად..
- თქვენ ახლახან უკრაინის სახალხო არტისტის წოდება მიიღეთ...
- უკრაინის საპატიო არტისტი ვარ და აქედან გამომდინარე კარგად ვიცნობ უკრაინელ ხალხს, მათ ბუნებას. უკრაინელები სხვანაირი ხალხია, მათ არ ჩვევიათ უკან დახევა. შეაკვდებიან ზედ რუსეთს, მაგრამ პუტინი რაღაც ჭუჭყიან ოპერაციას იწყებს და მეშინია, ჭკუაში არ მოატყუოს ესენი და არ გააცუროს. ღმერთმა დაიფაროს მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც ველი. ამ შემთხვევაში მთელ ევროპას მოედება და საქართველოსთვის ხომ იქნება და იქნება ენით აუწერელი რამ. ჩვენ ამ წუთას მიბმულები ვართ უკრაინაზე...
- რუსეთზე რას იტყოდით?
- რუსეთს და პუტინს ვინც ახლა კიდევ მხარს უჭერს და ამას ბედავს, ქუჩაში გამოსვლის უნდა რცხვენოდეს. პუტინმა თხუთმეტი წლის წინ დაიწყო სისაძაგლეების კეთება და კიდევ ბევრს მოასწრებს. ეგ კაცი 21-ე საუკუნის ჭირია მსოფლიოსთვის. თუ მსოფლიო ვერ შეაჩერებს, მთელ მსოფლიოს ძალიან გაუჭირდება მაგის ხელში.
- უკრაინაში რომ საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, თქვენ ევრომაიდანზე შეკრებილ ხალხთან მიხვედით და თანადგომა გამოხატეთ, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეს ვიქტორ იანუკოვიჩის ხელმოწერით უკრაინის საპატიო არტისტის წოდებით დაჯილდოვდით...
- ყველა ნორმალურმა კაცმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. ახლა ჯამრთელობის მხრივ მიჭირს, თორემ აუცილებლად წავიდოდი... უნდა გამოვხატოთ ჩვენი თანადგომა, ახალგაზრდები უნდა ჩავიდნენ... საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა ოფიციალურად მხარდაჭერა. ბოლო-ბოლო მიხვდნენ, რომ ასე უნდა იყოს. უკრაინის შემდეგ საქართველოს ჯერი დადგება. აი, დამთავრდა თუ არა ოლიმპიადა, ისევ გადმოწიეს მავთულხლართები. ეს ხომ სულელსაც ესმოდა, არა, კაცო?! ეგრე არ არი რა, ჩვენ რომ გვინდა - რბილად ვესაუბროთ. მეც მშვიდობის მომხრე ვარ, რადგან სხვანაირად რუსეთი უფრო მეტ სისაძაგლეს ჩაიდენს, მაგრამ ისეთი მაიმუნები არიან, მაგათთან არაფერი გადის... თუმცა რუსი ადამიანი ისეთია, ერთი თუ თავზე ხელი აიღო და თავი გაიგიჟა, ვეღარაფერი შეაჩერებს. უკრაინაში რაც ხდება, შეიძლება ამან თავად რუსეთში გამოიწვიოს საშინელი არეულობა. მე მითქვია და აგერ ნახავთ! უკვე რუს ხალხს ამოუვიდა ყელში პუტინი. ეგრე კი არ არის საქმე, ჩვენ რომ მთელ რუს ხალხს ვლანძღავთ. რუსი ხალხი რა შუაშია?! პუტინს თავად რუსი ხალხი გაანადგურებს და ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ასე იქნება მალე!. რამდენ ხანს შეიძლება ეს გაგრძელდეს, რამდენ სამარცხვინო რამესაც ეგ ჩადის?!
- თქვენ ყირიმშიც გქონიათ კონცერტები, იქაურობასაც იცნობთ...
- ყირიმში უმეტესად რუსები ცხოვრობენ, საერთოდ ვინც ისტორია იცის, გეტყვით, რომ ყირიმი თათრების მიწაა, მერე თურქებთან გადავიდნენ, მერე რუსებმა წაართვეს, ეს რუსული მიწა კი არ არის კაცო!.. ეს თავიდანვე რუსების მიერ წართმეული მიწაა. არარუსული მიწაა, მაგრამ უკრაინულიც არ არის. ამიტომ მანდ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხალხის უმეტესობა რუსულად საუბრობს, თათრები უკრაინას დაუჭერენ მხარს, რადგან ძალიან იჩაგრებოდნენ რუსებისგან და ერთი სიტყვით, წარმოუდგენელი არეულობაა მოსალოდნელი.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)