შირაკ ტოროსიანი: თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჯავახეთში აჯანყება გარდაუვალია! - კვირის პალიტრა

შირაკ ტოროსიანი: თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ჯავახეთში აჯანყება გარდაუვალია!

”ნატოს ეგიდით ჯავახეთში თურქული ჯარების ჩაყენება ჯავახის სომხურ სათვისტომოში თავდაცვის ინსტინქტს გააღვიძებს”

”სომხური ეთნოსი ვერ აიტანს თურქეთის ჯარების ყოფნას იქ, სადაც თვითონ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნას ეკუთვნის ის კონკრეტული ტერიტორია”

სომხეთის პარლამენტის დეპუტატის შირაქ ტოროსიანის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა და სომხური ეთნოსი ვერ აიტანს თურქეთის ჯარს იქ, სადაც თვითონ ცხოვრობს.

ამის შესახებ ტოროსიანმა სომხურ სააგენტო Panorama.am-თან ინტერვიუში, იმ მოსაზრებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ყირიმის კრიზისის ფონზე, სექტემბრის სამიტზე საქართველომ შეიძლება, ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა მიიღოს. გამოცემა წერს, რომ საექსპერტო წრეებში აქტიურად განიხილავენ საქართველოში სომხური დიასპორის მდგომარეობას, რომელმაც "გამორიცხული არ არის, დამოუკიდებლობა მოითხოვოს, ვინაიდან ნატო-ში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე, შესაძლოა თურქეთის ჯარები განთავსდეს".

სომხეთის პარლამენტის დეპუტატი აცხადებს, რომ სომხური დიასპორის მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა არსებობს ერთი "მაგრამ".

"საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთსა და ალიანსს შორის ახალი კონფრონტაციის საფუძველს ქმნის. ამასთან ეს, თბილისსა და მოსკოვს შორის სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს. რაც შეეხება თურქეთის ჯარების განლაგებას, ეს სულ სხვა ჭრილში განსახილველი საკითხია", - განაცხადა ტოროსიანმა.

მისი თქმით, ნატო-ს ეგიდით საქართველოში თურქეთის ჯარების განლაგება თუ სხვა რაიმე მიზეზით, ეთნიკურად სომეხ მოსახლეობაში თავდაცვის ინსტიქტის ამოქმედდებას გამოიწვევს.

"საქართველოს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი და შეუძლია, ნატო-ს წევრი გახდეს. თუმცა არც ერთ შემთხვევაში სომხური ეთნოსი ვერ აიტანს თურქეთის ჯარების ყოფნას იქ, სადაც თვითონ ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყნას ეკუთვნის ის კონკრეტული ტერიტორია", - განაცხადა ტოროსიანმა და დასძინა, რომ სომხური სეპარატიზმი მოსალოდნელი არ არის, თუმცა თურქეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე განლაგების შემთხვევაში, სერიოზიული ამბოხი გარდაუვალია.