"ერთადერთი გამოსავალი სამეგრელოს დამოუკიდებლობაა" - რატომ აღვივებს სეპარატიზმს იური ღვინჯილია
ცოტა ხნის წინ იეჰოვას მოწმეთა სექტის წიგნის, "საგუშაგო კოშკის" მეგრული თარგმანი გამოჩნდა, რომელსაც სექტის წევრები სამეგრელოში ავრცელებენ. რა მიზნებს ემსახურება მსგავსი ლიტერატურის ქართულიდან მეგრულად თარგმნა, ამ თემაზე კომენტარი მსგავსი წამოწყებების ხშირ ინიციატორს, განათლების ცენტრ "კოლხიდას" წარმომადგენელს იური ღვინჯილიას ვთხოვეთ, ბატონი იურიც "არ დაგვზარდა"...
- ვის რაში დაჭირდა მსგავსი ლიტერატურის მეგრულად თარგმნა, მაშინ როცა მეგრელთა ასმა პროცენტმა იცის ქართული? სექტის პოპულარიზებით მეგრული ენის პოპულარიზებასაც ახდენთ?
- ქართველთა თითქმის 100%-მა იცის რუსული და მაშინ რაღა საჭიროა ქართული ენა? განა კანონითაა აკრძალული მეგრულად ლაპარაკი ან წერა?! თუ არაა, მაშინ რაა გასაკვირი იმაში, რომ მეგრულად რამე ითარგმნოს?
- ერთი, რომ ქართულია საქართველოს სახელმწიფო ენა და არა რუსული და მეორეც, ქართული ენის და მეგრულის ამ კუთხით შედარება უადგილო ხომ არაა?
- რაც შეეხება შედარებას, გეთანხმებით, რომ ჯერ-ჯერობით მეგრულ ენას არ გააჩნია სტატუსი, მაგრამ მას აუცილებლად უნდა გააჩნდეს მინიმუმ რეგიონალური ენის სტატუსი და სახელმწიფომ ვალდებულება უნდა აიღოს, რომ ამ ენას შეინარჩუნებს და განავითარებს. მეგრულის განსავითარებლად ამ ენაზე უნდა იყოს თარგმანები, პრესა, ტელევიზია და განათლებაც კი. სვანურ ენაზეც აუცილებლად უნდა იყოს ეს ყველაფერი. ის ფაქტი, რომ ქართულ სახელმწიფოში არ არსებობს მეგრულენოვანი მაუწყებლობა და არ არსებობს საგანმანათლებლო სისტემა, ეს არის კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა.
- საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ თქვენ ამით სეპარატიზმს აღვივებთ. ისტორიულ მაგალითსაც მოგიყვანთ: როდესაც საქართველოს გარუსება მოხდა, რუსეთს სურდა, რომ სამეგრელოში წირვა-ლოცვა მეგრულად ყოფილიყო. ეს სწორად მიგაჩნიათ?
- და რა არის აქ მიუღებელი? მაშინ რატომაა ქართულ ენაზე? რა, ღმერთი ვერ გაიგებს მეგრულს?
- იმიტომ, რომ რუსეთს ამ ნაბიჯით საქართველოს დაქსაქსვა და ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის დაკნინება სურდა. თქვენც იგივეს უმიზნებთ?
- ჩვენ გვინდა, რომ მეგრული სახელმწიფო ენა იყოს. ქართული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს მეგრული ენა არის მკვდარი ენა.
- მკვდარი როგორაა, როდესაც მთელი სამეგრელო საუბრობს მეგრულად?
- არსებობს ენის კვდომის კრიტერიუმები: ერთ-ერთია როდესაც თაობათა შორის არ ხდება ენის გადაცემა, აგრეთვე, როდესაც ენა არაა წახალისებული, არაა ამ ენაზე განათლება და მასმედია და სხვ. ამ ყველა კრიტერიუმს მეგრული ენა აკმაყოფილებს.
- არ ფიქრობთ, რომ ამით თქვენ შიდა კონფლიქტს აღვივებთ?
- როდესაც არსებობენ მჩაგვრელი ქართველები და ჩაგრული მეგრელები, იქმნება ეთნოკონფლიქტის საშიშროება. ეს კონფლიქტი აუცილებლად მოხდება, თუ ქართველებმა ისევ გააგრძელეს ჩვენი ჩაგვრა. გადახედეთ ინტერნეტსივრცეს, როგორი აგრესიაა მეგრელების მიმართ, გნებავთ, თქვენი კითხვებიდან წამოსული აგრესია, ეს ყველაფერი კონფლიქტი არაა?! ჩვენ გვინდა ერის განვითარება და თქვენ არა. თუ ქართული სახელმწიფო არ აღიარებს მეგრულ და სვანურ ენებს, ეს ნიშნავს, რომ სვანები და მეგრელები ვართ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. თუ ასეთი მიდგომა გაგრძელდება, მაშინ იძულებულები ვიქნებით, ჩავატაროთ რეფერენდუმი და მოვითხოვოთ სამეგრელოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
- ანუ ის, რაც სურს რუსეთს – დაიშალოს საქართველო?
-ეს არის ქართული ზღაპარი, რუსეთს არ სურს სამეგრელოს დამოუკიდებლობა. სამეგრელოს დამოუკიდებლობა არ იქნება საქართველოს დაშლისკენ გადადგმული ნაბიჯი. ამით ჩვენ აღვიდგენთ იმ სტატუსს, რომელიც გქონდა მეცხრამეტე საუკუნეში, სანამ რუსეთი ძალით შეგვიყვანდა საქართველოს შემადგენლობაში. საქართველოში ხდება სამეგრელოს თვითმყოფადობის განადგურება და ეს რომ არ მოხდეს ერთადერთი გამოსავალია სამეგრელოს დამოუკიდებლობა. ჩვენ ვემზადებით რეფერენდუმისათვის,სადაც ეს მოთხოვნა იქნება დაყენებული.
- თუ ამას მოითხოვთ, პირდაპირ გეტყვით, იქნებით ერთი რიგითი, უფრო სწორად რიგითზე მეტი მოღალატე.
-საქართველოს ღალატი არის მეგრელთა თვითმყოფადობის განადურება. საქართველოს ისტორია იწყება კოლხეთიდან, საქართველო ჩემი სამშობლო არაა, ჩემი სამშობლო არის სამეგრელო.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)