ვენედიქტოვი: "სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რა რეფერენდუმის ჩატარებაზე მელაპარაკებით?.." (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ვენედიქტოვი: "სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რა რეფერენდუმის ჩატარებაზე მელაპარაკებით?.." (ექსკლუზივი)

"რა გინდათ პუტინთან, კაცი რუსეთის ისტორიულ მიწებს აგროვებს... სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი, ახლა ყირიმიც..."

ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს მიმართ გაკეთებულ განცხადებაზე, ”ეხო მოსკვის” მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიქტოვი გვესაუბრება:

- როგორ აფასებთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს? ყირიმი უკვე რუსეთისაა, მაგრამ მოვლენების განვითარებას თუ დავაკვირდებით, პუტინი დანარჩენი უკრაინისკენაც იწევს...

- მოკლედ გეტყვით: რუს საზოგადოებას მიაჩნია, რომ ყირიმი ისტორიულად რუსეთს ეკუთვნის და 50-იან წლებში სრულიად შემთხვევით ერგო უკრაინას. ისტორიული უსამართლობა იყო, რომ ხრუშჩოვმა უკრაინას ყირიმი, როგორც პუტინმა თქვა, ”კარტოფილით სავსე ტომარასავით” გადასცა... ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ამ ფესვს ეჭიდება ახლა პუტინი და დანარჩენი რუსეთის მოსახლეობის 84 %, რომელიც მიიჩნევს, რომ ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში უნდა იყოს. მეც ვეთანხმები, რომ ყირიმი რუსეთს უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ არა ამ ფორმით...

- თქვენ როგორ ფიქრობთ, სად არის ისტორიული სიმართლე?

- საქმე ის არის, რომ ვლადიმირ პუტინს მიაჩნია, რომ ყირიმის დაბრუნებას მისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. პრინციპში, რა გინდათ პუტინთან, კაცი რუსეთის ისტორიულ მიწებს აგროვებს: სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და დნესტრისპირეთი...

- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ითხოვდით აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთში დაუყოვნებლივ რეფერენდუმის ჩატარებას...

- ჩემი ფრაზა კონტექსტიდან ამოგლიჯეს. როდესაც ყირიმი რუსეთში ბრუნდება, ეს ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, მაგრამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რომელ რეფერენდუმის ჩატარებაზე მელაპარაკებით?.. მე არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთი მათ ისედაც არასდროს დათმობს. ეს ის ტერიტორიებია, სადაც რუსეთის სამხედრო ბაზებია განლაგებული. ეს სიმართლეა, რომლის თქმასაც არასდროს ვერიდებოდი და რის გამოც ვლადიმერ პუტინის გაკრიტიკება ხშირად მიწევდა. სხვათა შორის, 2008 წლის ომის გაშუქების გამო მასთან ”ტკბილი საუბარი” ნამდვილად არ მქონია...

- თქვენც მიგაჩნიათ, რომ ომი საქართველომ დაიწყო?

- მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილმა საერთაშორისო კომისიას საშუალება მისცა, დაეწერათ, რომ ომზე სააკაშვილი იყო პასუხისმგებელი... ხედავთ, ახლა რა ხდება რა ყირიმში და რა ბრძანებებია გაცემული, - შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისხედით ყაზარმებში და არ ისროლოთ!.. ამით ისინი ძალიან ბევრ ასპექტში მოგებული დარჩნენ, საერთაშორისო საზოგადოებას დაანახვეს, რას წარმოადგენს რუსეთი და ვის პირისპირ ტოვებს მათ მსოფლიო... უკრაინის მოთმინება გრძელვადიან პერსპექტივაში დააზარალებს რუსეთს.

- სანქციებს გულისხმობთ?

- დიახ, ასევე ”დიდი რვიანის” ”დიდ შვიდიანადგადაკეთებას, რაც იმაზე მწვავედ აისახება საგარეო პოლიტიკაში, ვიდრე რომელიმე რუს მაღალჩინოსანს წარმოუდგენია...

- როგორი განცდაა იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა, რომლის ქმედებებს ლამის მთელი მსოფლიო ეწინააღმდეგება?

- არ ვიცი, დამიჯერებთ, თუ არა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლების არაგონივრული ქმედებები ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მე საკმაოდ კარგად ვიცნობ იმ კონფლიქტებს, რომლებშიც, პუტინის მტკიცებით, რუსეთი არ მონაწილეობდა, მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ასე არ არის.. იცით, რუსეთიდან ზოგჯერ სხვანაირად ჩანს მოვლენები, მაგალითად, როგორც ახლა, ყირიმის შემთხვევაში, როდესაც ისტორიული სამართლიანობა აღდგა...

- საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინ იქნება შემდეგი?

- შეჩერდება თუ არა რუსეთი ყირიმზე - ეს ალბათ უფრო საერთაშორისო ქვეყნების რეაქციაზეა დამოკიდებული.

- საერთაშორისო საზოგადოებისგან გამუდმებით ისმის გამაფრთხილებელი მესიჯები რუსეთის იზოლაციაში მოქცევის შესახებ, რაზეც თქვენს პრეზიდენტს მუდმივად ერთი და იგივე პასუხი აქვს, - რუსეთი ვალდებულია თავისი მოქალაქეები დაიცვასო...

- ნახევრად ხუმრობით ვიკითხავ, - ნიუ-იორკში უამრავი რუსი ცხოვრობს, რომლებიც გამალებით ეუფლებიან ინგლისურს და საინტერესოა, პუტინი იქ როგორ აპირებს მათ დაცვას?.. რომ არაფერი ვთქვათ ბელორუსიაზე, სადაც უამრავი რუსი ცხოვრობს. სხვათა შორის, ზუსტად იგივე სიტუაციაა აფხაზეთსა და .. სამხრეთ ოსეთში, სადაც უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ვითომ ამ პრინციპით აღიარა რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენი მოკავშირე ქვეყნებიც კი განზე გადგნენ მათი აღიარების დროს. ვნახოთ, რისი გადახდა მოუწევს რუსეთს ყირიმის საფასურად.

- რამდენიმე დღის წინ, ობამამ განაცხადა, რომ არ არსებობს აუცილებლობა, ახლო მომავალში უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ... ბევრი გააოცა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებამ. თქვენ რას იტყოდით?

- ჩემთვის ეს განცხადება მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს საქართველო და უკრაინა კიდევ ერთ, ირიბად მიცემულ დავალებას, მოახერხებენ თუ არა, რომ ნატოში მათი გაწევრიანების საკითხი სერიოზულად განიხილონ.

- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. თქვენი აზრით, როგორი რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ამას საერთაშორისო საზოგადოებაში?

- ამას უკვე მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა საერთაშორისო საზოგადოებაში, - ბევრისთვის სააკაშვილი ჯერ კიდევ ნატოში საქართველოს გაწევრების მსურველ პოლიტიკოსად ასოცირდება, რომელსაც ამ ქვეყნის სათავეში, რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერით მოსული მთავრობა ებრძვის. ამიტომ სიფრთხილე და კონსტრუქციული მიდგომა აუცილებელია. ისე კი, კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)