"ვინც უნდა იყოს ნაცემი, ყველა ცოდოა" – ვალერი გელაშვილი დავით კოდუას ცემაზე
"თავს ისე არ დავიმცირებ, რომ ვინმეზე შური ვიძიო."
"ეს ყველაფერი შესაძლოა ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ იყოს მიმართული"
”ვინც უნდა იყოს ნაცემი, ყველა ცოდოა. ადამიანების ცემა და ფიზიკური ანგარიშსწორება უნდა დასრულდეს,” - ასე აფასებს დეპუტატი ვალერი გელაშვილი ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტს.
- როდემდე შეიძლება ასე გაგრძელება?.. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა! ჩემი აზრით, შესაძლოა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ სიტუაციის არევას ისახავდეს მიზნად და ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ იყოს მიმართული. ვინც უნდა იყოს დამნაშავე თუ მსხვერპლი, ხელისუფლება ვალდებულია, ყველაფერი გამოიძიოს. ამაზრზენია, რაც ხდება...
- ითქვა, რომ დავით კოდუა თქვენი შეკვეთით სცემეს...
- თუ ეს ჭორი ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების გავრცელებულია, ვეტყვი მათ, რომ ადამიანის ცემის შეკვეთა და შემკვეთებიც თავიანთ რიგებში მოიკითხონ... 9 წელიწადი ველოდებოდი ჩემი ცემის ფაქტის გამოძიებას. მე თავს ისე არ დავიმცირებ, რომ ვინმეზე შური ვიძიო. ეს არის ჩემი ძალა... შიგნით რა ხდება და რა ვერ გაიყვეს, ერთმანეთთან გაარკვიონ. მე თავი დამანებონ...
- ანუ ვარაუდობთ, რომ შესაძლოა კოდუა თავისიანებმა სცემეს?..
- არ ვიცი, ვერ გეტყვით... მე კი თავი დამანებონ.... შესაძლოა, ეს ყველაფერი წინასაარჩევნოდ ხდება. ”ნაციონალები” რომ ყველაფერს კადრულობდნენ და არც ახლა გაუჭირდებათ, ცხადია... წლების განმავლობაში ვილნიუსში ვცხოვრობდი, ირაკლიც და მისიანებიც იქ ქართულ რესტორანში დადიოდნენ. რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ შურისძიებაზე არასდროს მიფიქრია. შურისძიება სუსტი ადამიანის თვისებაა...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)