"დღევანდელ საქართველოს სჭირდება სტალინი და დიქტატურა" – 18 წლის სტალინისტა
”დღევანდელ საქართველოში დიქტატურა რომ იყოს, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა”
"ძალიან მომწონს მისი მმართველობის კურსი - ტოტალიტარიზმი და დიქტატურა. მის მიერ მართული ქვეყანა იყო ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას"
არც თუ ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" გამოჩნდა გვერდი - იოსებ სტალინი, რომელიც სულ მალე ერთობ პოპულარული გახდა. ამ გვერდის შემქმნელი 18 წლის გოგონაა. ინტერვიუს მოცემამდე ბევრს ყოყმანობდა, საბოლოოდ, მხოლოდ ანონიმურობის პირობით დაგვთანხმდა. რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, მისი აზრია თუ სხვამ ჩააგონა, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდია, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ საქართველოში დღესაც საკმაოდაა ხალხი, ვინც მსგავს მოსაზრებებს იზიარებს. ახალგაზრდა სტალინელს პირველ რიგში ის ვკითხეთ, თუ რატომ გადაწყვიტა ამ გვერდის შექმნა:
- შიდა ქართლიდან ვარ. გამორიცხულია, ქართლში ცხოვრობდე და სტალინი არ გაინტერესებდეს. მეც დამაინტერესა და დავიწყე ლიტერატურის კითხვა სტალინის შესახებ, ვიყენებდი ინტერნეტს, ვკითხულობდი წიგნებს, აზრს ვეკითხებოდი უფროსებს და სხვ. მთელი ეს ინფორმაცია რომ შევაჯამე, ძალიან მომეწონა სტალინი, გადავწყვიტე ეს გვერდი გამეკეთებინა და ხალხისთვის ცოტა სხვა კუთხით დამენახვებინა სტალინი და საზოგადოებისთვის მისი დადებითი მხარეები მეჩვენებინა.
- ისეთი არაფერი შეგხვდათ, სადაც სტალინი ნეგატიურად იქნებოდა წარმოჩენილი?
- კი ვკითხულობდი ასეთ ინფორმაციებსაც, მაგ. სადაც რეპრესიებში, ინტელიგენციის დახვრეტაში ადანაშაულებენ მას და სხვ. მიუხედავად ამისა მე მაინც ვამართლებ მას. საინტერესოა, სტალინის მხოლოდ ნეგატიურ მხარეზე რომ ლაპარაკობენ, რატომ არავინ უსვამს ხაზს იმას, რომ სტალინმა 1943 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღადგინა?
- კონკრეტულად რითი გიზიდავს მისი პიროვნება?
-სტალინი იყო უბრალო პიროვნება, რომელმაც საკუთარი მიზანდასახულობით მიაღწია ამდენს. მან წლების განმავლობაში მსოფლიო ისე მართა, როგორც თვითონ სურდა. მე ძალიან მომწონს მისი მმართველობის კურსი - ტოტალიტარიზმი და დიქტატურა. მის მიერ მართული ქვეყანა იყო ძლიერი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ეს ბევრად მირჩევნია დემოკრატიას.
- ამ ლოგიკით, გულაგის შექმნაც ეპატიება სტალინს?
- დიახ, ეპატიებოდა. სიკეთეზე და სიყვარულზე დაყრდნობით ასეთი მმართველობა ვერ შეიქმნებოდა.
- და საერთოდ რატომ უნდა შექმნილიყო?
- დიქტატურა სხვა მმართველობებისგან განსხვავებით უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე დემოკრატია. თანაც, ის სტალინი იყო და მას ჰქონდა ყველაფრის უფლება, რადგან მას სურდა ძლიერი სახელმწიფო შეექმნა.
- როგორ ფიქრობ, შენთვის, როგორც ქართველისთვის რა გააკეთა სტალინმა?
- სტალინის დროს დააშრეს კოლხეთის დაბლობის ჭაობი, აშენდა ზესტაფონის ფერო მანგანუმის ქარხანა, რიონჰესი, ზაჰესი და სხვ.
- როგორ ფიქრობთ, რატომ არ დაუბრუნა დედასამშობლოს მაგალითად სერგო ორჯონიკიძის მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემული საინგილო? ან სოჭი?
- გამიჩნდა ეს კითხვა კი და გარკევული პასუხიც გავიგე, მაგრამ ამას ჩემს თვალში სტალინი არ დაუკნინებია, რადგან ეს პიროვნება მიყვარს. სტალინი ყველასგან განსხვავებული პიროვნება იყო და სწორედ ეს მომწონს ამ ადამიანში. იმას, რაზეც თქვენ მკითხეთ, ბუნებრივია, არ ვამართლებ, მაგრამ მე, როგორც ქართველს, ძალიან მომწონს, რომ ქართველმა, გორელმა უბრალო ბიჭმა ამდენს მიაღწია და სწორედ ამიტომ მიყვარს.
- დღევანდელ საქართველოს სჭირდება სტალინი?
- კი, დღევანდელ საქართველოს სჭირდება სტალინი და დიქტატურა. დღევანდელ საქართველოში დიქტატურა რომ იყოს, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა. სტალინი რომ იყოს, დაალაგებდა ქვეყანას, როგორც ეკონომიური ისე ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. რაც ხდება დღეს საქართველოში მოგწონთ?
- მომწონს თუ არა, ეს არის ხალხის ნება, რომელიც გამოხატეს არჩევნების დროს...
- დღევანდელი საქართველისთვის სტალინი კარგი იქნებოდა, რადგან ის მოაწესრიგებდა ყველაფერს, ფეხზე დააყენებდა ქვეყანას.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)