"ნანული შევარდნაძეზე იმდენი რამ ამოტივტივდება, მაია წყნეთელის და თამარ ვაშლოვნელის დონეზე ავა"
"ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა, როგორიც ედუარდ შევარდნაძემ ჩაატარა"
"არაერთ ფაქტს შევსწრებივარ, როდესაც ქალბატონი ნანული ძალიან დიპლომატიურად, მაგრამ კაცურად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ სწორი არ იყო"
”ედუარდ შევარდნაძე თავის ოჯახიანად საქართველოს ისტორიაში ისევე დარჩება, როგორიც იყო თამარ მეფის ოჯახი, ერეკლე მეორის ოჯახი”
”ნანული შევარდნაძე ყოველმხრივ გვერდით ედგა მეუღლეს, როგორც ნამდვილი მამულიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის მიმართ ნანულის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, შეცდომას არავის აპატიებდა, თვით დიდ ედუარდსაც” - ასე იხსენებს პარტია - ”ერთიანი საქართველოს ლიდერი” ავთანდილ მარგიანი, რომელსაც ედუარდ შევარდნაძესთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა...
- ედუარდი და ნანული იშვიათი წყვილი იყო, სრულიად უნიკალური. ბავშვობიდან უსაზღვროდ იყვნენ ერთმანეთზე შეყვარებული. მსოფლიო პოლიტიკაში ედუარდ შევარდნაძის ყველა წარმატებული ნაბიჯი ნანული შევარდნაძესთან ერთად არის აღქმული. უნიჭიერესი ქალბატონი იყო, რომელმაც თავისი ცხოვრების ბოლო წლები ქველმოქმედებას შეალია. ნანული შევარდნაძე და მედიკო მეზვრიშვილი ფაქტიურად დებივით იყვნენ. მედიკოს მსგავსი პატრიოტი ქალბატონი მეორე არ მეგულება ბოლო საუკუნეების საქართველოს ისტორიაში. ეს ორი ქალბატონი დიდ საქმეებს აკეთებდა საქართველოსთვის. ედუარდ შევარდნაძე თავის ოჯახიანად საქართველოს ისტორიაში ისევე დარჩება, როგორიც იყო თამარ მეფის ოჯახი, ერეკლე მეორის ოჯახი და ჩვენი სხვა დიდებული წინაპრები.
- ანუ ედუარდ შევარდნაძის წარმატებები მნიშვნელოვნად განაპირობა მისი მეუღლის საქმიანობამ?
- ზუსტადაც... სასწაული ქალბატონი იყო და ნამდვილი ქართველი დედა! ასეთები იშვიათად იბადებიან. ედუარდ შევარდნაძეს ერთი პერიოდი მეც ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ იგი რომ საქართველოში დაბრუნებულიყო, ამ საქმეს მე ჩავუდექი სათავეში. 1800 ხელმოწერა შევაგროვე. პირველი ხელმოწერა ეკუთვნოდა ევგენი ხარაძეს. ისეთი დემოკრატიული არჩევნები ჯერ საქართველოში არ ჩატარებულა, როგორიც ედუარდ შევარდნაძემ ჩაატარა. ნანული ყოველმხრივ გვერდით ედგა მეუღლეს, როგორც ნამდვილი მამულიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის მიმართ ნანულის უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, იგი შეცდომას არავის აპატიებდა, თვით დიდ ედუარდსაც კი. მე არაერთ ფაქტს შევსწრებივარ, როდესაც ქალბატონი ნანული ძალიან დიპლომატიურად, მაგრამ კაცურად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რომ სწორი არ იყო...
ძალიან წმინდად და სადად გაიარეს მთელი ცხოვრება. ედუარდმა როცა შეატყო, რომ ქვეყანაში შეიძლებოდა სისხლისღვრა დაწყებულიყო, თანამდებობიდან გადადგა. მისთვის მშვიდობა იყო მთავარი ქვეყანაში... ნანულის ამ ქვეყნიდან წასვლა ედუარდისთვის უდიდესი დარტყმა იყო. საშინლად განიცდიდა და თავის ეზოში დაკრძალა. ნანული შევარდნაძეზე აწი კიდევ იმდენი რამ ამოტივტივდება, მაია წყნეთელის და თამარ ვაშლოვნელის დონეზე ავა ეს ადამიანი.
- ამბობთ, რომ მათ სადად გაიარეს მთელი ცხოვრება...
- დიახაც! არასოდეს არ გამორჩეოდნენ განსაკუთრებული ჩაცმულობით თუ ცხოვრების პირობებით. უბრალო ცხოვრებას მისდევდნენ. ნანული შევარდნაძე კახელი დინჯი ქალბატონი იყო, გურულებს ენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ედუარდს კახური სიდინჯე მეუღლემ შესძინა... მე ხშირად ვყოფილვარ მათთან სტუმრად. ქალბატონი ნანული თავად ამზადებდა არაჩვეულებრივ კერძებს. სულ 5-6 კაცი ვიკრიბებოდით. მათთან სტუმრად თუ მოხვდებოდი, აღარასოდეს დაგავიწყდებოდა, სასწაული ხალხი იყო.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)