"სეპარატისტებს სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ"
მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, მალაიზიური "ბოინგი", "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტით არის ჩამოგდებული. ამის შესახებ "უოლ სთრით ჯორნალი" იუწყება. სპეცსამსახურებს ჯერ არ შეუძლიათ იმის განსაზღვრა, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის რომელ მხარეს ეკუთვნოდა ჭურვი. ამ დროისთვის, ამერიკელი ექსპერტები ფრენის ტრაექტორიას აანალიზებენ იმის დასადგენად, თუ ვინ ჩამოაგდო სამოქალაქო თვითმფრინავი.
ავიალაინერი ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის რეისს ასრულებდა და 10 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა. მასში 280 მგზავრი (მათ შორის 80 ბავშვი) და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. რუსეთის საზღვარი თვითმფრინავს მოსკოვის დროით 17:25 სთ-სთვის უნდა გადაეკვეთა...
სამგზავრო ავიალაინერის ჩამოვარდნის შესაძლო ვერსიებზე, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალის" მთავარ რედაქტორს, ირაკლი ალადაშვილს ვესაუბრეთ:
- თითქმის დადასტურებულია, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი "ბოინგ 777" ბუკის ტიპის იმ საზენიტო-სარაკეტო დანაგდრიდან ჩამოაგდეს, რომელიც ტერორისტებს ქალაქ სნეჟნოეს მდიდამოებში ჰქონდათ განთავსებული. ამის თქმის უფლებას ინტერნეტში უკვე გავრცელებული ფოტო და ვიდეო კადრები იძლევა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადააქვთ ბუკის დანადგარი ტერორისტებს იმ მიდამოებში, რომელსაც თავად აკონტროლებენ, ვგულისხმობ დონეცკის ოლქს. სხვათა შორის, ბუკის გადატანის ფოტო ავიალანიერის ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა. ამის გარდა, არსებობს იმის ამსახველი ფოტომასალაც, თუ როგორ გადამალეს ეს დანადგარი ქალაქში, ანუ ერთ-ერთი კორპუსის ქვეშ დგას და საზენიტო რაკეტის თეთრი კვალიც, რომელიც ავიალაინერის ჩამოსაგდებად გაუშვეს. ასევე არსებობს, ვიდეოკადრი თუ როგორ გადაადგილდება ტერორისტების ბუკი გასროლის შემდეგ. ამდენი დამამტკიცებელი კადრი არსებობს. უბრალოდ, სეპარატისტები ჯერჯერობით იქ არავის უშვებენ, რადგან სავარაუდოდ, სურთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილი "მოასუფთაონ".
- ითქვა, რომ შავი ყუთი მათ ხელშია...…
- დიახ, ასეა. მალაიზიის მხარემ კატეგორიულად მოითხოვა, რომ ხელი არაფერს ახლონ, თუმცა, რუსული მხარე აცხადებს, რომ მოსკოვში უნდა გააგზავნონ, რა შუაშია მოსკოვი, ეს უკვე საკითხია... საქმე ის არის, რომ ავიალაინერის ფრთებს გარედან საზენიტო რაკეტის დამაზიანებელი ელემენტების კვალი ექნება და რუსები ამ კვალის წაშლას ეცდებიან.
- გავრცელდა სეპარატისტების საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც ისინი ამ ავიალაინერზე საუბრობენ. რამდენად შეიძლება, რომ ეს კიდევ ერთ ნივთმტკიცებულებად იქნეს გამოყენებული?
- მოსმენილი მაქვს, რაზეც საუბრობთ და თუ დამტკიცდა, რომ ეს რეალობასთან ახლოს არის, და მიმაჩნია, რომ ასეც არის, რადგან უკრაინის სპეცსამსახურები მათ რეგულარულად უსმენენ. ეს კი მართლაც ამტკიცებს იმას, რომ ეს ბუკი ტერორისტებმა გამოიყენეს.
- თუმცა, მათ განაცხადეს, რომ მათ არ გააჩნიათ ისეთი სამხედრო შეიარაღება, რომლითაც დიდ მანძილზე თვითმფრინავების ჩამოგდება შეიძლება...
- ეს სიცრუეა, რადგან რამდენიმე დღის წინ, დაახლოებით სამი კვირის წინ, დონეცკში, მათ აიღეს სამხედრო ნაწილი, სადაც ერთი ასეთი "ბუკა" იდგა, თუმცა, როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ის მწყობრში არ იყო. საქმე ის არის, რომ ამ დანადგარს ნებისმიერ ადამიანი, სამხედროს ვგულისხმობ, ვერ გამოიყენებს, მის მართვას სპეციალისტი სჭირდება. ასე რომ, არსებობს ეჭვი, რომ სპეციალისტები რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრები იყვნენ.
- ერთ-ერთი, ვერსიით, ავიალაინერი მათ სამხედრო თვითმფრინავში აერიათ. რამდენად რეალურია ეს ვერსია?
- ფაქტია, რომ სამგზავრო თვითმიფრინავის ჩამოგდება, სწორედ მათ არ აწყობდათ. რამდენიმე დღის წინ, მათ "ან 26-ის" ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რომელიც ალყაში მოქცეული უკრაინელი სამხედროებისთვის პარაშუტებით ყრიდა ტვირთს. ამ შემთხვევაშიც იყო ვარაუდი, რომ მალაზიური ბოინგის ახლოს "ილ-76ის ტიპის" უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მიფრინავდა, რომელსაც ასევე დიდი სიმაღლიდან უნდა ჩამოეყარა ტვირთი უკრაინელი სამხედროებისთვის.
- დაღუპულთა უმეტესობა ამერიკელი და ევროპელი მოქალაქეები არიან. თუკი დამტკიცდა, რომ ეს რუსეთის გაკეთებულია, რას უნდა ელოდოს ეს სახელმწიფო საერთაშორისო საზოგადოებისგან?
- პირველ რიგში, უნდა გაირკვეს, ვის მიერ არის ჩამოგდებულიო ავიალაინერი, თუ გამოიკვეთა, რომ ამის ავტორი სეპარატისტები არიან, ასევე, საზენიტო დანადგარი და რაკეტაც რუსეთის მიერ არის შეტანილი, ეს რუსეთის დანაშაულს კიდევ უფრო დაამძიმებს და სანქციები გაიზრდება. ამერიკამ სწორედ იმ დღეს, კიდევ უფრო გაზარდა სანქციები, მაგრამ ახლა ევროპის ჯერია, რომლებიც თავიანთი მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, თავს იკავებდნენ. ადრეUთუ გვიან, მათაც მოუწევთ ამის გაკეთება, რადგან სხვა არ არსებობს, - რუსეთი უკან არ იხევს, პირიქით. სლავიანსკისა და კრამატორსკის დაკარგვის შემდეგ, როდესაც სეპარატისტებმა უკან დაიხიეს, რუსეთმა დიდძალი შეიარაღება და ცოცხალი ძალა გადაისროლა მათ დასახმარებლად.
1983 წლის 31 აგვისტოს, საბჭოთა კავშირმა სამხრეთ კორეის კუთვნილი "ბოინგ 747" ჩამოაგდო, რასაც ასევე რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და მაშინაც ჯიუტად ბოლომდე უარყოფდა, სანამ ყველამ, ლამის მთელმა მსოფლიომ არ დაუმტკიცა, რომ ეს მისი ჩადენილი იყო. ასე რომ, ახლაც მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და ყველამ ერთად უნდა დაუმტკიცოს, რომ ეს იმ ძალების მიერ განხორციელდა, რომელსაც მხარს ღიად უჭერს რუსეთი.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)