ირაკლი ალასანიას დააკავებენ?!
ირაკლი ალასანია: "მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა თავი სამართლებრივად დაცულად იგრძნონ"
"შესასწავლია ყველა ის შესყიდვა, რომლებიც განხორციელდა 2013-14 წლებში, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მძიმე ვითარებასთან გვქონდეს საქმე"
გასულ კვირას სამართალდამცავებმა დააკავეს თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი. საუბარია 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვაზე. გამოძიების ინფორმაციით, 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია "სილქნეტი" კერძო სამეწარმეო მიზნებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე, გარკვეული მიმართულებით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას გეგმავდა. სამართალდამცველთა ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირებმა: გიზო ღლონტმა (სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი), გიორგი ლობჟანიძემ (სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი), არჩილ ალავიძემ (შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი), ნუგზარ კაიშაურმა (გაერთიანებული შტაბის ჯეი-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი) და დავით წიფურიამ (კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი) განიზრახეს "სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვა.
გამოძიების ცნობით, 2013 წლის 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტთან" გააფორმა ხელშეკრულება ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შესყიდვის, ქსელური აპარატურის შეძენა-მონტაჟისა და მომსახურების პირობით. ამ ხელშეკრულებით თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტს" უნდა გადაუხადოს, ჯამში, 6.720.877.42 ლარი, საიდანაც წინასწარ (ავანსად) უკვე გადარიცხულია 6.480.877.42 ლარი, სანაცვლოდ კი თავდაცვის სამინისტრომ "სილქნეტისგან" 2015 წლის 16 იანვარს უნდა მიიღოს ქონება და მომსახურება, რომლის რეალური საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, მხოლოდ 2.618 004.82 ლარს შეადგენს.
"ამ ქმედებით გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, ნუგზარ კაიშაურმა, დავით წიფურიამ და თავდაცვის სამინისტროს სხვა ხელმძღვანელმა პირებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით "სილქნეტის" სასარგებლოდ გაფლანგეს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4.102.872.6 ლარი. გრძელდება მუშაობა ამ დანაშაულში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. დაკავებულებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ექსპერტთა განმარტებით, კანონმდებლობით, როდესაც საუბარია ამ მოცულობის (6 მილიონი ლარი) სახელმწიფო შესყიდვაზე, პასუხისმგებელი პირი შეიძლება იყოს მინისტრი, უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში კი - მისი მოადგილე. თავდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც სახელმწიფო შესყიდვებს კურირებს, ალექსანდრე ბატიაშვილია. მას პროკურატურა მოწმის სახით დაჰკითხავს. ექსპერტების აზრით, მისი ჩვენებით, გამოძიება გაარკვევს, თუ რა ინფორმაციას ფლობდა თავად ირაკლი ალასანია ამ საქმის ირგვლივ და რა კავშირი აქვს თავად ბატიაშვილს კომპანია "სილქნეტთან".
ამასთან, ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" ინფორმაციით, "სილქნეტის" კომერციული დირექტორის, ბაჩო ჩინალაძის დედა, თამარ ბატიაშვილი, ირაკლი ალასანიას მოადგილის, ალექსანდრე ბატიაშვილის ბიძაშვილია.
ასევე, თავდაცვის მინისტრის #636 ბრძანებაში, მკაფიოდ არის განსაზღვრული სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები. მე-4 მუხლში ვკითხულობთ, რომ შესყიდვების დეპარტამენტი "საქართველოს თავდაცვის მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის განკარგულებების საფუძველზე, ახორციელებს სამინისტროს, გაერთიანებული შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების საჭიროებებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვას".
ნიკა ჩიტიძე, ექსპერტი:- ფაქტია, რომ ირაკლი ალასანია იყო საქმის კურსში, მაგრამ მეორე საკითხია, დადასტურდება თუ არა კორუფციული ფაქტი. ეს საბოლოოდ სასამართლოს გადასაწყვეტია. თუ დადასტურდა, რომ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, გაჩნდება ეჭვები ირაკლი ალასანიაზე.
თუ კეზერაშვილის შემთხვევაში დადგა მინისტრის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რატომ არ უნდა მოხდეს იგივე ალასანიას შემთხვევაში?
ცხადია, ეს გააჩენს ეჭვს შერჩევითი სამართლის თაობაზე. ფაქტია, რომ კეზერაშვილს ედავებიან თითქმის ანალოგიურ საქმეზე (საქმე აღძრულია 182-ე მუხლით. ეს ის მუხლია, რომლის საფუძველზეც ბრალი აქვს წარდგენილი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ალექსანდრე ნინუას. ამავე მუხლით 5 მილიონი ევროს გაფლანგვის საქმეზე ბრალი წარედგინა კეზერაშვილს. - ვ. ბ.).
გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაც დასასჯელი იქნება.
თუ ეს დანაშაული დადასტურდა, მინიმუმ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერავინ ასცდება თავდაცვის სამინისტროში.
საუბარია ისეთ თანხაზე, რომ, წესით, მაღალი რანგის ჩინოვნიკები საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ.
ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის განცხადება, შემდეგ მინისტრის მოადგილეების თავდებობის საკითხიც. ამ უწყების სპეციფიკიდან გამომდინარე, სამართალდამცავებთან კონფრონტაციაში შესვლა სახიფათო თამაშია.
თავდაცვის სამინისტრო ძალოვანი სექტორის ნაწილია და თავიდანვე იმის თქმა, რომ აქ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, არასწორია. ეს ნამდვილად ტოვებს უცნაურ შთაბეჭდილებას.
გია სალუქვაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის":
- გამოძიებამ საზოგადოებას უნდა აუხსნას, სხვა რომელი მაღალჩინოსნები იყვნენ ჩართულნი ამ სქემაში. რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, გამორიცხულია, რომ ის ინფორმირებული არ ყოფილიყო ამ საქმის შესახებ. ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ საქმე გვაქვს სამსახურებრივ გულგრილობასთან.
მინისტრმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება მილიონობით ლარი მისი უწყების ბიუჯეტიდან.
ნებისმიერ შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი საქმის კურსში იქნებოდა ამ მოცულობის შესყიდვის დეტალებზე, მით უმეტეს, საუბარია გრიფით "საიდუმლო" შესყიდვაზე, რაზეც ხელი მხოლოდ ერთეულ პირებს მიუწვდებათ. დიდი ვარაუდით, თავდაცვის მინისტრი პასუხისმგებელია ამ გარიგებაზე. მან პირდაპირ მისცა თუ არა მითითება კორუფციულ გარიგებაზე, ჯერჯერობით, ამას ვერავინ იტყვის, თუმცა, მინიმუმ, სამსახურებრივ გულგრილობაზე უნდა დაიწყოს მსჯელობა. შესასწავლია ყველა ის შესყიდვა, რომლებიც განხორციელდა 2013-14 წლებში, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ უფრო მძიმე ვითარებასთან გვქონდეს საქმე.
არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ალასანიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და ის დააკავონ კიდეც.
სპეციალისტთა აზრით, შესაძლოა პროკურატურა მართლაც დაინტერესდეს თავდაცვის უწყების სხვა შესყიდვებითაც. არსებული ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში სულ 1,010 კონტრაქტი გაფორმდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 167.826.000 ლარი შეადგინა.
ირაკლი ალასანია, თავდაცვის მინისტრი: "მე დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში, იმიტომ, რომ მე ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა, რადგან კითხვები გაუჩნდა ვიღაცას, მათ უნდა გაეცეს პასუხი.
სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია, გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ და გახსნილად. ვინაიდან ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ამით ზიანი მიადგა, აუცილებელია, აღნიშნულთან დაკავშირებით უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დისკუსიები გაიმართოს. ბუნებრივია, როცა ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა უკვე იმ პირების დადგება, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემმა ბიჭებმა თავი სამართლებრივად დაცულად იგრძნონ. გამოძიებას წინ არავინ და არაფერი არ უნდა აღუდგეს, სრული ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს.
აქვს თუ არა ამას პოლიტიკური სარჩული, მოგვიანებით ვილაპარაკებთ."
ვახო ბერიძე