"არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი" - კვირის პალიტრა

"არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი"

"ძნელად დასაჯერებელია, რომ რაიმე პოლიტიკური დამოუკიდებლობა გააჩნდეს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს"

"საქართველოს მთავრობა არცთუ ისე დამაჯერებელია სპორტის იმ სახეობაში რასაც ვაჟკაცობა ჰქვია"

"არ გამოვრიცხავ, რომ კრემლში დღეს არის დღეს დიდი ხალისი და კმაყოფილება"

გუშინ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თანამდებობა დატოვა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. გუშინვე საკუთარი ნებით თანამდებობა დატოვა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ალექსი პეტრიაშვილმაც, ხოლო დღეს თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება გააკეთეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა. არის თუ არა ეს პოლიტიკუი კრიზისი, ამაზე კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს ვთხოვეთ:

- დღეს საქართველოში რაც ხდება, უფრო ცნობიერების კრიზისია ვიდრე პოლიტიკური. პოლიტიკოსთა სერიოზული ძალისხმევა იქნება საჭირო იმისათვის, რომ ეს ორმო, რაც ახლა წარმოიშვა, აღმოიფხვრას და ყველა შეფასებას შესაბამისი ტერმინოლოგია ახლდეს და ყველაფერს საკუთარი სახელი დაერქვას.

- საუბრობენ იმაზეც, რომ შესაძლოა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც...

- ყოველივე ეს დამოკიდებული იქნება კოალიციის წევრთა პოლიტიკურ ხედვაზე. ძნელად დასაჯერებელია, რომ რაიმე პოლიტიკური დამოუკიდებლობა გააჩნდეს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს. თუ გახსოვთ, იგი ქართველ საზოგადოებას წარუდგინეს როგორც ადამიანი, რომელსაც მეორედ გამეორება არ სჭირდება და მისთვის ყოფილი პრემიერის პირველივე ნათქვამი კანონია და ხშირად "ბიბლიაზე" მაღალი ღირებულებისაცაა. ასეთ ვითარებაში იქნება გათვლები, როგორც კულუარებს მიღმა, ასევე საჯარო სივრცეშიც. ეს თემა - რიგგარეშე არჩევნები მთავარი "მეოცნებეებისთვის" მიუღებელი იყო, თვითონ ტერმინიც კი მათი გაღიზიანებას იწვევდა და ეს იყო თემა, სადაც სრულად ემთხვეოდა "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესები. ახლა უნდა დაფიქრდეს კოალიცია, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის 2016 წლის შემოდგომისთვის, უფრო მიმზიდველად თუ სულ მთლად მივიწყებულად.

-თანამდებობა დატოვეს ევროინტეგრაციის მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმაც მოადგილეებითურთ. ეს არ გამოიწვევს პრობლემას ევროინტეგრაციის კუთხით?

- ჩვენი ევროპელი პარტნიორები ძალიან გაკვირვებული დარჩებიან იმ ფაქტით, რომ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მაღალ პროფესიონალ დიპლომატებად ჩამოყალიბდნენ, რომლებიც მართლაც საკუთარი ზურგით ეწეოდნენ ყველაფერს, უცებ უმუშევრებად გამოცხადდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ისეთი ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროევროპელი დიპლომატები არიან, რომ არა მგონია, მათზე უკეთესად ევროკავშირისათვის დამახიათებელი პროცესები ვინმეს ახსოვდეს, ისინი პრაქტიკულად შეუცვლელები იყვნენ ამ სამინისტროში. ახლა უკვე არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე ინგლისურის მასწავლებელი, "შესაბამისი სოფლიდან", დაწინაურდეს და გახდეს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვინაიდან საკადრო პრობლემა ასე მარტივად ვერ იჭრება, მითუმეტეს იმ პრემიერის ცნობიერებაში, რომელსაც ძალიან ვიწრო ხედვა აქვს საკადრო საკითხებში, სამწუხაროა, მაგრამ ეს შეუმჩნეველი არ დარჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის.

- თუ ალასანია ოპოზიციაში გადავა, იქნება მესამე ძალა?

- ამჟამად პირველი და მეორე ძალა თავიანთი რესურსებით, არა მგონია, ძალას წარმოადგენდნენ. ამიტომ ვინ იქნება პირველი, მეორე და მესამე, ამას გადაწყვეტს საქართველოს მოსახელობა, მაგრამ როდის გადაწყვეტს, ამას დასჭირდება დღევანდელი მთავრობის ვაჟკაცობა, რომელიც არცთუ ისე დამაჯერებელია სპორტის იმ სახეობაში, რასაც ვაჟკაცობა ჰქვია. რაც შეეხება დღეს არსებულ ოპოზიციურ ძალას, მისი ოცნება ისაა, რომ კიდევ 5 წლით გაიხანგრძლივონ პარლამენტში ყოფნა. სწორედ ამიტომ ისინი რიგგარეშე არჩევნებზე ვერ იოცნებენ. ისინი ჯერ კიდევ ეიფორიაში არიან იმ ცრუ მოლოდინით, რომ ალასანიას გასვლა სამთავრობო გუნდიდან რაიმე სიკეთეს ნიშნავს "ნაციონალებისთვის".

- ის რაც დღეს ხდება ვის წისქვილზე ასხამს წყალს?

- იმ პოლიტიკური ძალის, ვისი შეგონებითაც შეიქმნა კრიზისების მართვის საბჭო, როგორც უშიშროების საბჭოს ალტერნატივა, იმის ინტერესშია, ვინც ცდილობს კონსტიტუციურად კიდევ უფრო დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და სრულად ჩამოართვას მას რაიმე წვდომა თავდაცვის და უშიშროების თემებთან დაკავშირებით. იმ პოლიტიკური ძალის, რომელიც არ ცნობს თავდაცვის სამინიტროს თავკაცად სამოქალაქო პირს და საკუთარი ქმედებებით ამბობს, რომ მინისტრი უნდა იყოს პოლკოვნიკი, რომელიც მთელი ცხოვრება გასაიდუმლოებული ქმედებებით იყო გართული ანუ კონტრდამზვერი პოლკოვნიკი რომ ყავდეს ჩვენს ჯარს თავკაცად. ასეთი მოდელი კი მისაღებია მხოლოდ კრემლისთვის. ამიტომ არ გამოვრიცხავ რომ სწორედ იქ არის დღეს დიდი ხალისი და კმაყოფილება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)