"უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში" - სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს - კვირის პალიტრა

"უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში" - სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს

ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ Le Monde გამოაქვეყნა სტატია, "უკრაინის კრიზისი: ნიკოლა სარკოზი კრემლის პოზიციას იკავებს", რომელშიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომიც არის ნახსენები.

სტატიის ავტორი: ბენუა ვიტკინი

შაბათს, 7 თებერვალს პარტია "კავშირი სახალხო მოძრაობისთვის" ყრილობაზე, ოპოზიციის ლიდერი ნიკოლა სარკოზი შეეხო უკრაინაში განვითარებული კონფლიქტის და მისი შედეგების საკითხს. "ევროპასა და რუსეთს შორის დაშორება დრამაა. ის, რომ ამერიკელებს ეს სურთ, ეს მათი უფლება და მათი პრობლემაა (…), მაგრამ ჩვენ არ გვსურს ევროპასა და რუსეთს შორის ცივი ომის აღორძინება", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ.

"ყირიმმა რუსეთი აირჩია"

"ყირიმმა რუსეთი აირჩია, არ შეიძლება მისი გაკიცხვა ამის გამო", - აღნიშნა ნიკოლა სარკოზიმ. მაგრამ სინამდვილეში, არასოდეს ყოფილა საუბარი იმის თაობაზე, რომ საჭიროა ყირიმელების ან რუსების "გაკიცხვა". საუბარი მიდის ამ მიერთების კანონიერებაზე, რისი, როგორც ჩანს, აღიარება სურს ბატონ სარკოზის. თუ ცალკე საუბრებში ევროპული ქვეყნების ლიდერების უმრავლესობა ამბობს, რომ რთული იქნება სიტუაციის უკან მობრუნება, ნიკოლა სარკოზი უფრო შორს წავიდა: მან მხარი დაუჭირა რუსეთის ოფიციალური პირების რიტორიკას, თითქოს საუბარი მიდიოდეს დადგენილი ფორმით განხორციელებულ დემოკრატიულ არჩევანზე.

ყირიმის "არჩევანი", რომელზეც ნიკოლა სარკოზი საუბრობს 16 მარტს ჩატარებული რეფერენდუმია, რომელიც არ იყო აღიარებული და ორგანიზებული იყო ყოველგვარი საერთაშორისო კონტროლის გარეშე. ეს რეფერენდუმი ჩატარდა მას მერე, რაც დაუდგენელი შეიარაღებული პირები ნახევარკუნძულზე შეიჭრნენ. ორიოდე თვის შემდეგ თვით ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ეს პირები რუსი სამხედროები იყვნენ.

ნიკოლა სარკოზის არგუმენტი გაოცებას იწვევს. ის საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახლდათ 2008 წლის აგვისტოს ომისას რუსეთსა და საქართველოს შორის, როდესაც აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. თუ თვითგამორკვევის უფლება ამდენად უნივერსალურია, რატომ არ აღიარა მაშინ საფრანგეთის სახელით საქართველოს ორი რეგიონი ბატონ სარკოზიმ?

თავისი არგუმენტაციის მტკიცებულებად ნიკოლა სარკოზის მაგალითად კოსოვო მოჰყავს: "თუ კოსოვოს ჰქონდა უფლება ყოფილიყო სერბეთისგან დამოუკიდებელი, არ მესმის, იგივე მიზეზით, როგორ უნდა ვთქვათ, რომ ყირიმს არ აქვს უფლება გამოეყოს უკრაინას და შეუერთდეს რუსეთს".

მაგრამ ამ ორ შემთხვევას არაფერი აქვთ საერთო. კოსოვო სერბეთს გამოეყო ომის შემდეგ, რომლის დროსაც 10,000 ადამიანი დაიღუპა, რასაც მოჰყვა ნატოს ოპერაცია და 1999 წელს ამ რეგიონის გაერო-ს პროტექტორატის ქვეშ განთავსება. მხოლოდ 2008 წლის თებერვალს, 9-წლიანი მომზადების შემდეგ კოსოვომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. ყირიმში კი ადგილი არ ჰქონია არც დევნას და არც ძალადობას რუსების მიმართ. ყველაფერი ერთი თვის განმავლობაში განხორციელდა.

"სამშვიდობო ძალები უკრაინის რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობის დასაცავად"

ნიკოლა სარკოზის სრული ციტატა: "უკრაინის მოსახლეობა 42 მილიონია, აქედან 1/3 რუსულად მოლაპარაკეა… მინიმუმ ათამდე მილიონი რუსულად მოლაპარაკე. მანამ, სანამ სიტუაცია არ დაწყნარდება, რა თქმა უნდა, საჭიროა სამშვიდობო ძალების მიერ უკრაინის რუსულად მოლაპარაკე მოსახლეობის დაცვა".

აღნიშნული განცხადება პრობლემატურია. უპირველეს ყოვლისა, უკრაინის "რუსულად მოლაპარაკე" მოსახლეობის დათვლა დელიკატური საკითხია. სავარაუდოდ, ყოფილი პრეზიდენტი 2001 წლის მოსახლეობის აღწერას ეყრდნობა, საიდანაც ირკვევა, რომ უკრაინის მოსახლეობის 30% რუსულ ენას მშობლიურ ენად მიიჩნევს. მაგრამ ის, რომ ისინი ამ ენას ყოველდღიურად იყენებენ არაფერზე არ მიგვანიშნებს, ვინაიდან ზუსტად იგივენაირად, ის ხალხი, ვისთვისაც უკრაინული მშობლიური ენაა, ძალიან კარგად ლაპარაკობს რუსულად.

უკრაინა მთლიანად ორენოვანი ქვეყანაა: კიევი, დედაქალაქი, ძალიან რუსულენოვანია, ისევე როგორც რიგი ქალაქები უკრაინის ცენტრალურ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. ტელეგადაცემებში ხშირად მოისმენთ თუ როგორ საუბრობს წამყვანი ორივე ენაზე; ერთი ოჯახის წევრებს შეუძლიათ სხვადასხვა ენაზე საუბარი. გარდა ამისა, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ძირითადად რუსულენოვან რეგიონებმა, როგორიცაა ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი ან ოდესა, მხარი დაუჭირეს უკრაინას ამ კონფლიქტში.

"რუსულენოვანი" მოსახლეობის "დაცვის" ხსენებით სარკოზიმ სიტყვა სიტყვით გაიმეორა კრემლის რიტორიკა. შაბათს, 7 თებერვალს სერგეი ლავროვმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიდევ ერთხელ გაიმეორა "რუსებისა და ებრაელების განადგურება, რასაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში".

"უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის გარეთ"

ნიკოლა სარკოზის აზრით, "უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ევროპასა და რუსეთს შორის ხიდის ფუნქცია, უკრაინა არ უნდა შევიდეს ევროკავშირში და ნატოში". "კავშირი სახალხო მოძრაობის" ხელმძღვანელი ნაწილობრივ ეთანხმება ამაში პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს, რომელმაც დააფიქსირა რამოდენიმეჯერ თავისი წინააღმდეგობა კიევის ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს დაპირებები, როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინისთვის არასოდეს იყო დამაკმაყოფილებელი.

ასევე აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ 2008 წლის გაზაფხულს, ნატოს სამიტისას ბუქარესტში, ნიკოლა სარკოზიმ, ისევე როგორც ნატოს წევრი ქვეყნების სხვა ლიდერებმა, პირობა დადო, რომ "ერთ მშვენიერ დღეს" უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებოდნენ.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: შტეფან შენახი: "ნატო არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას" (ექსკლუზივი)