რა მოხდა პრეზიდენტსა და ივანიშვილს შორის და ვინ გადაწყვიტა ლაშა აბაშიძის გამგებლად დანიშვნა?!
"ქართულ ოცნებაში" ლაშა აბაშიძეს მუდმივად თხოვდნენ, პრეზიდენტი პოზიციების დათმობაზე დაეთანხმებინა. სწორედ ამ საკითხზე ვკამათობდით ხშირად..."
"პრეზიდენტს არ არ მოსწონს ის პოზიცია, რომელიც მმართველმა გუნდმა მიუჩინა"
"როცა ყველაფერს პრეზიდენტისთვის აკეთებ, სანაცვლოდ კი, აუცილებელ მხარდაჭერას ვერ იღებ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ წყენას იწვევს და პირად ურთიერთობაზეც აისახება."
31 მარტს პრეზიდენტი პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად ემზადება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მთავრობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მარგველაშვილის მოსმენას არ აპირებს. სამაგიეროდ, მმართველი გუნდის წევრად პრეზიდენტის ყოფილი ცოლის ძმა ლაშა აბაშიძე ბრუნდება და ვაკის რაიონის გამგებლად ინიშნება. რა პოლიტიკური თამაში დაიწყო სახელისუფლო კულუარებში და შექმნის თუ არა მთავრობისგან გარიყული მარგველაშვილი ახალ პოლიტიკურ ძალას, "კვირის პალიტრის" კითხვებს გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი და მეგობარი, ვანო მაჭავარიანი პასუხობს:
- ლაშა აბაშიძის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ის საკმაოდ კვალიფიციური კადრია. სიმართლე გითხრათ, ამას ველოდი კიდეც, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი, "ქართულ ოცნებასა" და გიორგი მარგველაშვილს შორის არსებული დისკომფორტი იყო. ლაშა ყოველთვის ფიქრობდა, რომ ის მმართველი გუნდის წევრი იყო, ამიტომ მუდმივად პრეზიდენტსა და მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების დარეგულირებას ცდილობდა. როცა მიხვდა, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოზიციაში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდა, ადმინისტრაციიდან წამოვიდა. როგორც ჩანს, ის "ქართული ოცნების" მმართველ წრეში პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააბრუნა.
- არადა, ლაშა აბაშიძე გიორგი მარგველაშივლის ყოფილი ცოლის ძმაა და ის პრეზიდენტის კადრად მიიჩნეოდა. მერიაში მისი დანიშვნის შემდეგ გაჩნდა კიდეც აზრი, რომ დამოუკიდებელი თამაში დავით ნარმანიამაც წამოიწყო და ლაშა აბაშიძე თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილთან შუამავლის როლის შესასრულებლად დანიშნა...
- გიორგი მარგველაშვილი ლაშას დიდი ხანია იცნობს და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო, სწორედ მან მიიყვანა ლაშა განათლების სამინისტროშიც, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, როცა ლაშა აბაშიძე კამპანიის მთავარი მენეჯერი გახდა, ის პიროვნულად "ქართულ ოცნებას" დაუახლოვდა - საკუთარ თავს სწორედ ამ გუნდთან აიგივებდა.
- პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, ლაშა აბაშიძესთან, ერთად თქვენც წამოხვედით. მასთან რა კონკრეტულ საკითხზე ვერ თანხმდებოდით?
- "ქართულ ოცნებაში" ლაშა აბაშიძეს მუდმივად თხოვდნენ, პრეზიდენტი პოზიციების დათმობაზე დაეთანხმებინა. სწორედ ამ საკითხზე ვკამათობდით ხშირად და ვეძებდით გამოსავალს, პრეზიდენტსა და "ქართულ ოცნებას" შორის არსებული დაძაბული რეჟიმის პირობებში, რა მიმართულება უნდა აგვერჩია. მოგეხსენებათ, ეს გაუგებრობა მთავრობაში ბიძინა ივანიშვილმა შექმნა.
- ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის კონფლიქტის გაღვივების მთავარი მიზეზად თქვნ დასახელდით.
- რაც პრეზიდენტსა და ბიძინა ივანიშვილს შორის მოხდა, ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს, თუმცა როგორც ვიცი, მათ სამსახურეობრივი ურთიერთობა პირადულ ჭრილში გადაიტანეს, რაც არასწორ ნაბიჯად მიმაჩნია. როცა პოლიტიკაში ხარ, ურთიერთდათმობა აუცილებელია. სამწუხაროდ, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, ეს მათი პირადი ურთიერთობაა, მაგრამ ამ გაურკვევლობაში მხოლოდ დამატებითი მიზეზი აღმოვჩნდი... პირადად მე, გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც 40 წელია ვიცნობ, გვერდში 200%-ით დავუდექი, მაგრამ როცა ყველაფერს პრეზიდენტისთვის აკეთებ, სანაცვლოდ კი, აუცილებელ მხარდაჭერას ვერ იღებ, ბუნებრივია, ეს გარკვეულ წყენას იწვევს და პირად ურთიერთობაზეც აისახება. ჩვენ შევეცადეთ ეს ურთიერთობა არ დაგვეკარგა, ამიტომ პრეზიდენტის თხოვნით ადმინისტრაციიდან მეც წამოვედი.
- დავაზუსტოთ, ლაშა აბაშიძე პრეზიდენტს მთავრობასთან ურთიერთობის დალაგებას თხოვდა, თქვენ კი მმართველ გუნდთან კონფროტაციული ურთიერთობის მომხრე იყავით?
- არა, პირიქით, მთავარი მიზანი შუალედის მოძებნა და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერება იყო. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ვერ ჩამოყალიბდა მუშაობა რა მიმართულებით უნდა გაგვეგრძელებინა. როგორც გითხარით, გიორგის პირადსა თუ სხვა საკითხებში ყოველთვის გვერდით ვედექი, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პროცესები არასწორი მიმართულებით წარიმართა. ვფიქრობდი და დღესაც მიმაჩნია, რომ ადმინისტრაციაში მას მხოლოდ თანამშრომლები კი არა, პოლიტიკური გუნდი სჭირდება, რაც გიორგის პოლიტიკურ წონას შემატებს. მერწმუნეთ, გიორგის გაგულიანება არ სჭირდება, უბრალოდ, ის გარკვეულ საკითხებზე ჩამოყალიბებას დიდ დროს ანდომებს, ასეთი პერსონაა. პოლიტიკაში კი, დროს დიდი მნიშვნელობა აქვს.
- თქვენი საუბრიდან გამომდინარე, შესაძლოა საზოგადოების ნაწილს გაუჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ, მიხეილ მაჭავარიანის ძმა, პრეზიდენტის ირგვლივ ცალკე პოლიტიკური ჯგუფის ჩამოყალიბებით, მთავრობასთან განხეთქილების გაღვივებას მიზანმიმართულად ცდილობდით.
- არა, პრეზიდენტს საჯაროდ აქვს ნათქვამი, რომ მას პოლიტიკური გუნდი არ სჭირდება, არც მე ვამბობ, რომ მის ირგვლივ მაინც და მაინც პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს. ვიმეორებ, მას ადმინისტრაციაში გუნდი სჭირდება, რადგან უნდა თუ არა, პრეზიდენტი პოლიტიკურ თემებზე მუშაობს. შესაბამისად, საზოგადოების მხარდაჭერის გარდა, თუნდაც პარლამენტში მას პოლიტიკური მხარდაჭერაც სჭირდება. ამის საჭიროება ბოლო დროინდელმა მოვლენებმაც კარგად დაგვანახა. ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს მაინც მოუწევს საკუთარი პოზიციის აქტიურად დაფიქსირება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი როლი და ფუნქცია საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება. ეს გიორგიმაც კარგად იცის. პრეზიდენტს არ არ მოსწონს ის პოზიცია, რომელიც მმართველმა გუნდმა მიუჩინა, მაგრამ თუ ადამინისტრაციამ ხელი არ შეიწყო, მისი როლი საბოლოოდ მაინც ცერემონიალური იქნება.
- პრეზიდენტი "რესპუბლიკელებისა" და "თავისუფალი დემოკრატების" ალიანსში განიხილება. მსგავსი კოალიციის შექმნის მოლოდინი თქვენც გაქვთ?
- არამხოლოდ "რესპუბლიკელები", პრეზიდენტის მოსაზრებებს "ქართულ ოცნებაშიც" იზიარებენ, რაც ბოლო ვეტოს პროცესში კარგად გამოჩნდა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)