რატომ იტირა ჟვანიამ და ვის დაავალეს "ვარდების რევოლუციისას" ხალხისთვის ზურგიდან სროლა?!
"როცა პარლამენტი აიღეს, მას შემდეგაც ბურჯანაძე-ჟვანიასთან მოლაპარაკებები გვქონდა მე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლადო ჭანტურიას."
"მერწმუნეთ, რუსეთს სრულიად დემოკრატი მმართველიც რომ ჰყოლოდა, მაგალითად, ნავალნი, ნემცოვი, ნავადვორსკაია... დარწმუნებული ვარ, უკრაინასთან მიმართებაში იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ."
"ნაციონალური მოძრაობა" ახალი რევოლუციის მოწყობით ცდილობს ხელისუფლების შეცვლას. - ასე მიიჩნევს ექსპერტთა ნაწილი, რომლებიც პარალელს "ვარდების რევოლუციის" მომზადების რიგ დეტალებთან ავლებენ, თუმცა იქვე მიანიშნებენ, რომ ქვეყანაში ვითარება 2003 წლისგან ბევრად განსხვავებულია და მათი მცდელობა მცდელობად დარჩება. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ემზადებოდა, გადავწყვიტეთ, "ვარდების რევოლუციის" გახსენება უშიშროების იმჟამინდელი მინისტრისთვის ვალერი ხაბურძანიასთვის გვეთხოვა. ის ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას გეგმავს, ხოლო დაფინანსების მოპოვებას რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისგან ცდილობს.
- ბატონო ვალერი, დღევანდელი გადასახედიდან ბევრი მიიჩნევს, რომ "ვარდების რევოლუცია" არ უნდა მომხდარიყო. ამბობენ იმასაც, რომ უშიშროების სამინისტრომ, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით, დაკისრებული ფუნქცია ჯეროვნად ვერ შეასრულა?
- უშიშროების ფუნქციაა ხელისუფლება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილოს, რაც ჩვენი მხრიდან შესრულდა. მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი, რომ შინაგან ჯარს პარლამენტი ალყაში მოექცია. ჯარშემორტყმული პარლამენტი ყოველთვის საფრთხის შემცვლელია, ამ დროს შეიძლება ადამიანები დაიღუპონ. ეს გადაწყვეტილება შევარდნაძემ და შინაგან საქმეთა იმჟამინდელმა მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა უჩემოდ მიიღეს. მოგეხსენებათ, სააკაშვილმა პარლამენტში 36 ადგილი მიიღო. თუმცა, შემდეგ ვაჭრობა წავიდა და ცდილობდნენ, მხოლოდ 30 ადგილი მიეცათ. მე ვთქვი, რომ ის 6 ადგილიც მივცეთ-მეთქი, ამით სააკაშვილი გამარჯვებული მაინც ვერ იქნებოდა... არ დამიჯერეს, კაპიტულიანტი და პანიკიორი მიწოდეს. ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთო. რა ძალა უნდა გვეჩვენებინა, როცა ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. შინაგანი ჯარის ბიჭები ჩაუცმელები, კედებით წვიმაში იდგნენ და რაციაში გვაგინებდნენ. იმ დღეს შინაგანი ჯარის ორი კორდონი იყო, ერთი პარლამენტთან, მეორე - კანცელარიასთან. მათ უკან სახელმწიფო სპეცსამსახურების გაძლირებული დაცვა იდგა. როგორც კი პირველ კორდონზე ხალხის შეტევა დაიწყო, კობა ნარჩემაშვილს დავურეკე. გავაფრთხილე, ხალხს ქვიშით დატვირთული მანქანები მოჰყავს და შენს ავტობუსებს გაათრევენ და შეტევა დაიწყება-მეთქი. ჯარის პირველი კორდონი ხალხმა ყოველგვარი წინააღდეგობის გარეშე გაარღვია და კანცელარიას მიადგნენ. კობასკენ ფიზიკურად იწევდნენ. სახიფათო სიტუაცია შეიქმნა. მქონდა ინფორმაცია, თუ პირველ ნაკადს ხალხი ვერ გაარღვევდა, მაშინ რამდენიმე ნაძირალას - ახალაიების, სანოძის გვარები სახელდებოდა, იარაღები ჰქონადათ და ხალხისთვის ზურგიდან უნდა ესროლათ, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა. ცხადია, ეს ჯარს დაბრალდებოდა. მადლობა ღმერთს, შინაგანმა ჯარმა ხალხს წინააღმდეგობა არ გაუწია. ამასობაში მეორე კორდონთან მივიდნენ. სამინისტროდან გამოვიქეცი და პარლამენტთან მივედი. ზურაბ ჟვანია დავინახე, ვუთხარი აქ რაღაც უბედურება მოხდება, ხალხსა და სახელმწიფო სპეცსამსახურის პირებს შორის კორიდორი გავაკეთოთ-მეთქი. შემდეგ პარლამენტში შევედი, შევარდნაძე საპრეზიდენტო სიტყვას ასწორებდა. ვუთხარი, ბატონო ედუარდ, ძალიან ცუდადაა საქმე, ჩათვალეთ, კანცელარია აღებულია-მეთქი. ვალერი, შენ სულ პანიკიორობო... ახლა სხდომას გავხსნი და მაგათ სეირს ვაჩვენებთო. გაიცინა და გავიდა. ამას სოფო შევარდნაძე ვიდეოთი იღებდა. ამასობაში, სააკაშვილმა და დანარჩენმა დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს. ნარჩემაშვილი დეპუტატებს არჩევდა, თუმცა, ისინი შევიდნენ თუ არა, მათ ზღვა ხალხი მიაწვა და დეპუტატების განცალკევება ვერ მოხერხდა. კობასა და სააკაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა, ხალხმა მხარი სააკაშვილს დაუჭირა. კობა მიხვდა, რომ მისი ფუნქცია ამოიწურა და შსს-ში წავიდა. ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს კობა ბოლომდე შევარდნაძეს ედგა და მე მოღალატე ვიყავი. სად იყო ჩემი მოღალატეობა? ჩემზე დაკისრებული ფუნქცია ბოლომდე შევასრულე, ჩემი თანამშრომლები მომიტინგეებს შორის იმყოფებოდნენ და აკვირდებოდნენ, ვინმეს იარაღი ხომ არ ჰქონდა. ფიზიკური ძალის გამოყენება ჩვენს ფუნქციაში არ შედიოდა და ამის რესურსი არც გვქონდა. როცა ეს ხალხი ვარდებით ხელში პარლამენტში შევარდა, მე შემეძლო პრეზიდენტთან ერთად შენობიდა გავსულიყავი, მაგრამ გაპარვის შემრცხვა. ყველაფერი იმის გამო მოხდა, რომ არაორგანიზებულები და უფულოები ვიყავით.
- მაშინ უშიშროების და შინაგან საქმეთა სამინისტროები გაერთიანებული არ იყო, როგორ მოხდა, რომ ორი ძალოვანი მინისტრი განსხვავებულ პოზიციებზე აღმოჩნდით?
- კობას გინდ ეწყინოს, გინდა არა, მაგრამ მე ვფიქრობ, მას თავის შესაძლებლობებზე დიდი წაროდგენა ჰქონდა. ვუთხარი, შენი ჯარი გვაგინებს, წინააღმდეგობა ვინ უნდა გაუწიოს-მეთქი? როცა პარლამენტი აიღეს, მას შემდეგაც ბურჯანაძე-ჟვანიასთან მოლაპარაკებები გვქონდა მე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ლადო ჭანტურიას. შეთანხმება თითქმის მიღწეული იყო, რომ არჩევნების შედეგი გაუქმდებოდა და ახალი არჩევნები დანიშნებოდა. ხოლო პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომასთან დაკავშირებით პლებისციტი უნდა დანიშნულიყო. თუმცა, ბოლო მომენტში უარი გვითხრეს, რადგან მომიტინგეებს გულუას ბატალიონის შემადგენლობა შეუერთდა. ამან სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. ჟვანიამ დათმობებზე აღარ წამოვალთ, შევარდნაძის გადადგომას მოვითხოვთო. ლადო ჭანტურიამ, მე ამ პასუხით შევარდნაძესთან ვერ მივალო და სასამართლოში წავიდა. ერთადერთი კაცი, ვისაც ეს ფუნქცია უნდა შეესრულებინა, მე ავღმოჩნდი.
- ყველას კარგად ახსოვს, კრწანისის რეზიდენციიდან გამოსული გაფითრებული სააკაშვილი-ჟვანიას წყვილი. არადა, თითქოს პირიქით უნდა ყოფილიყო, მათი მოთხოვნა შევარდნაძემ შეასრულა...
- შევარდნაძე ისე გადადგა, რომ ძველი ხელისუფლების ხელშეუხლებლობის გარანტია არ მოითხოვა. პრაქტიკულად, ყველანი გაგვწირა. ამის მერე ჩემი გადარჩენისათვის რა გავაკეთე, ეს ჩემი საქმეა. ბოლო წუთამდე შევარდნაძის გვერდით ვიდექი. სხვებმა უფრო ადრე მიატოვეს და გაიქცნენ. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, ზურაბ ჟვანიას ვეძებდი. ბუხრიან ოთახში შევედი, როგორც ეძახდნენ და ვხედავ, ბუხართან ჟვანია დგას და მხრები უცახცახებს. შემოვაბრუნე და რას ვხედავ? ტირის. რა მოხდა-მეთქი. ბატონმა ედუარდმა ნანულიზე ისეთი რაღაცეები ილაპარაკა, გული ამიჩუყდაო. მივხვდი, რომ საგიჟეთში მოვხვდი. რაც შეეხება მათ გაფითრებულ სახეებს, ალბათ, მიხვდნენ, რომ მთელი პასუხისმგებლობა მათზე გადავიდა და ფიქრობდნენ, რა მოხდებოდა. დაძაბულობისგან იყვნენ გაფითრებულები.
- თქვენი საქმიანობა ახალი ხელისუფლების პირობებშიც გააგრძელეთ, რატომ?
- იმის შიში ჰქონდათ, რომ მათ წინააღმდეგ კონტრმასალები მქონდა, მეორეც, საზოგადოებაში დადებითი იმიჯი მქონდა და კიდევ, მათ იცოდნენ რუსეთთან ჩემი კარგი ურთიერთობების შესახებ. ამის გამოყენება გადაწყვიტეს. კავშირები როგორც კი მიიღეს და მათი აზრით, ჩემი შესაძლებლობები ამოწურეს, ჩემი თავიდან მოცილება გადაწყვიტეს. ირაკლი ოქრუაშვილმა მიმატოვა, შსს-ში გადავიდა, მე კი პროკურატურაში დამტოვა, ხოლო უზრდელმა ადეიშვილმა მესამე პირის მეშვეობით შემომითვალა, რომ გათავისუფლებაზე განცხადება დამეწერა. ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა შემომთავაზეს, რომელიც ერთ თვეში უნდა გაუქმებულიყო. შევარდნაძის თქმის არ იყოს, სახლში წავედი.
- ამბობენ, რომ იმ პერიოდში როცა მინისტრი იყავით, კონკრეტული პირების სატელეფონო საუბრების მოსმენა დაგავალეს...
- პირველად ნანა კაკაბაძის მოსმენა მთხოვეს, მაშინ მათ ნერვებს ძალიან უშლიდა. თუმცა, ეს ჩემთვის იმდენად სასცილო და აბსურდული იყო, რომ არ გავაკეთე. როცა თვითონ მოვიდნენ სამინისტროში, ალბათ, მერე ყველას უსმენდნენ.
- საუბრის დასაწყისში ბრძანეთ, რომ კრემლთან თქვენი კავშირები გაქვთ, მათ რიცხვში პუტინიც შედის? პირადად შეხვედრიხართ?
- არა. პუტინთან შეხვედრა ადვილი არ არის. კრემლის პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრები და აზრთა გაცვლა-გამოცვლა მქონია. ვფიქრობ, რუსეთის საკითხებში ერთ-ერთი საუკეთესო ექსპერტი ვარ, რადგან ვიცი კულუარებში რა ხდება. არც მასეა საქმე, რომ პუტინი დიქტატორია, თუმცა, კორუფცია იქაც არის.
- განა ნორმალურად მიგაჩნიათ უკრაინის მიმართ განხორციელებული საომარი ქმედებები, ყირიმის ანექსია?
- მერწმუნეთ, რუსეთს სრულიად დემოკრატი მმართველიც რომ ჰყოლოდა, მაგალითად, ნავალნი, ნემცოვი, ნავადვორსკაია... დარწმუნებული ვარ, უკრაინასთან მიმართებაში იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ის პროცესები რაც უკრაინაში განვითარდა, რუსეთის დაშლისკენ იყო მიმართული.
- კარგა ხანია, საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ ვალერი ხაბურძანია რუსეთის აგენტია... რეალურად რა გაკავშირებთ რუსეთის სპეცსამსახურებთან?
- რომ ვთქვა, აგენტი ვარ-მეთქი, დაიჯერებთ? გაკვეთილს ნუ ჩამატარებინებთ იმაზე, რას ნიშნავს ფარული თანამშრომლობა. აგენტის გამოსავლენად მთელი რიგი ღონისძიებებია ჩასატარებელი. მე ღიად ვაცხადებ, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩვენთვის უკეთსია. ჩვენ არ შეიძლება იმ ეკონომური სივრცის წევრი ვიყოთ, სადაც ჩვენი ადგილი არ არის, ვგულისხმობ, ევროკავშირს. ევრაზიულ სივრცეში თანაბარი პარტნიორები ვიქნებით. ევროპაში პირველები ვერ გავხდებით, მაჩანჩალა სახელმწიფო ვიქნებით.
- რას ფიქრობთ საქართველოში ნატო-ს სასწავლო-საწვრთნელი ბაზის გახსნაზე?
- საწვრთენლი ბაზის გახსნა ნატო-ს და ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკის გარიგებაა. ჩემთვის უცნობია მხოლოდ სასწავლო ცენტრი იქნება თუ საწვრთნელი ბაზა. თუ საწვრთნელი ბაზაა, მაშინ ეს არის წინასწარი საფუძველი საქართველოში ნატოს ბაზის შექმნის. საფრანგეთი და გერმანია კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნატო-ში საქართველოს გაწევრებას. ნატო-ს კარი ჩვენთვის დახურულია. მხოლოდ გვატყუებენ.
- პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავთ, თანხების მოძიებას კი რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენებისგან ცდილობთ. რუსული ფულით აპირებთ პოლიტიკურ ასპარეზზე გააქტიურებას?
- რას ჰქვია რუსული ფულით? არსებობს კანონი, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ პარტიას შემოწირულობის სახით თანხა გადაურიცხონ. საქართველოში ბევრი პარტია ვიცი, რომელმაც მოღვაწეობა რუსული ფულით დაიწყო, მათ შორისაა ირაკლი ალასანიას პარტიაც. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, ის ქართველი ოლიგარქია, თუმცა, ბიძინას ფულს ძალიან ბევრმა პარტიამ მოჰკიდა ხელი. ისეთებმაც კი, როგორიცაა "რესპუბლიკური პარტია", რომელიც დასავლეთის კურსისკენ იხრება.
- დაბოლოს, რას ფიქრობთ 21 მარტის აქციაზე, რომლის ორგანზიატორიც "ნაციონალური მოძრაობაა"?
- ვფიქრობ, 10-12 ათასი კაცი შიკრიბება. ასეთი რაოდენობის დროს პროვოკაცია და ექსცესები გამორიცხული არ არის.
სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)