"IRI სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს ემსახურება"
"კონსერვატორ რესპუბლიკელებს "ნაციონალური მოძრაობის" მოდერნიზაცია სურთ, ოღონდ
სააკაშვილის გარეშე"
გასულ კვირას მედიასაშუალებებმა გაავრცელეს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს შეეხებოდა. რეიტინგებს ვნებათაღელვა მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ დაგვიკავშირდა ქართველი ექსპერტი, წარსულში ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო წლებში იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებიც მსგავს კვლევებს ატარებენ, წამყვან თანამდებობებს იკავებდა. გვთხოვა, პოლიტკორექტულობიდან გამომდინარე, მისი ვინაობა არ დაგვესახელებინა.
- IRI თავად არ ატარებს კვლევას, ადგილობრივ ორგანიზაციებს უკვეთს. ეს უფრო ხელსაყრელია, რადგან თემის გამწვავების შემთხვევაში, შესაძლებლობა გეძლევა, ადგილობრივ კონტრაქტორს გადააბრალო უზუსტობები. არის მოსაზრება, თითქოს ადგილობრივი კონტრაქტორი კონკრეტული პარტიის სასარგებლოდ მუშაობს, მაგრამ ინსტიტუტში არ არიან ისეთი ადამიანები, რომ წლების მანძილზე არასწორი კვლევები "ჭამონ". მათ ადგილობრივი კონტრაქტორი ობიექტურ მონაცემებს აწვდის, ხოლო მისი დამუშავება ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელის საქმეა. ჩემი ინფორმაციით, საბოლოო დასტური ციფრებსა თუ რეიტინგებზე ვაშინგტონში ევრაზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უნდა გასცეს. არ არის რეალობას მოკლებული მოსაზრება, რომ რეიტინგებს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოსახდენად იყენებენ. ამის ნათელი მაგალითია ქრისტიან-დემოკრატების პროექტი, რომელიც შაშკინის იდეა იყო და ის ჯერ სააკაშვილს შესთავაზეს, შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციის ინსტიტუტის შტაბბინამაც მოიწონა ვაშინგტონში. იმ დროს საჭირო იყო მართვადი ოპოზიციის შექმნა, რომელიც საპროტესტო ელექტორატს თავისკენ წაიყვანდა, ამიტომ ხელოვნურად იბერებოდა ქრისტიან-დემოკრატების რეიტინგები. შაშკინმა ამ პროექტის გამო სააკაშვილისგან მინისტრის პორტფელიც დაიმსახურა. 2012 წელს ეს პროექტი ჩაფლავდა და ინსტიტუტის შტაბბინაში (დახარჯული რესურსების გამო) სერიოზული გარჩევაც იყო.
ჩემი ინფორმაციით, IRI სასურველ პოლიტიკურ ჯგუფებს "ეხმარება". ადრე ასეთი იყო "ნაციონალური მოძრაობა" და "ქრისტიან-დემოკრატები", ახლა - ალასანიას პარტია და ნაკლები დოზით "ნაციონალები". კონსერვატორ რესპუბლიკელებს "ნაციონალური მოძრაობის" მოდერნიზაცია სურთ, ოღონდ სააკაშვილის გარეშე. თუმცა, ამას ვერ ახერხებენ, რადგან სააკაშვილი ფლობს მედიას და დიდძალ ფულს, რომელზეც უარის თქმა "ნაციონალებს" უჭირთ...
ზაზა ფირალიშვილი, ექსპერტი: - მკვლევრები ხშირად ამა თუ იმ პოლიტიკურ ინტერესთან თუ ჯგუფთან არიან დაკავშირებული, რაც მათდამი უნდობლობას განაპირობებს. მეორე მხრივ, ნებისმიერი კვლევა დამაჯერებლობის რაღაც საზღვრებში უნდა მოთავსდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრს დაკარგავს. ამდენად, ნებისმიერი კვლევა, თუ ძალიან ოდიოზური არ არის, რაღაც ვითარებაზე მიანიშნებს და რეალობასაც მეტ-ნაკლებად ასახავს. IRI -ს კვლევებსაც ამ თვალით შევხედავ, რომელიც, ასე თუ ისე, სინამდვილესთან მიახლოებულია. ჩემთვის მოსალოდნელი იყო "ქართული ოცნების" რეიტინგის დაწევა. ასევე "თავისუფალი დემოკრატების" ისეთი რეიტინგი, როგორიც IRI-მ წარმოადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ძალის მიმართ მოლოდინი ჯერაც შენარჩუნებულია, თუმცა, "თავისუფალი დემოკრატების" მოქმედებები ერთგვარ პათოსს, ენერგიას მოკლებულია. ჯერჯერობით ისინი ვერ პასუხობენ ხალხის მოლოდინს. "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი საკმაოდ დაცემულია და ამას "ნაციონალების" გარდა, ყველა გრძნობს. მათი მარგინალიზაცია ძალიან სწრაფად მოხდა. უახლოეს პერიოდში ათპროცენტიან ზღვარს ძნელად თუ გადალახავენ. ამიტომაც ცდილობენ, საპროტესტო განწყობილების ავანგარდში იყვნენ. ამ გზით თანამებრძოლებს გაუძლიერებენ რწმენას, რომ კვლავაც ცოცხლობენ. სინამდვილეში, "ნაცმოძრაობა" "ქართული ოცნებისთვის" მეხამრიდის როლს თამაშობს.
IRI-ს კვლევით...
მედიამ მოიპოვა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ჩატარებული IRI-ს მორიგი კვლევის შედეგები და გამოაქვეყნა. კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 36% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 14% - "ნაციონალურ მოძრაობას", 10% - "თავისუფალ დემოკრატებს", 6% - ლეიბორისტულ პარტიას. "პატრიოტთა ალიანსისა" და ბურჯანაძის პარტიის სასარგებლოდ კი არჩევანს გამოკითხულთა 5-5% აკეთებს. გამოკითხულთა 79% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრებას, ევროკავშირში შესვლა კი 85%-ს სურს. გამოკითხულთა მხოლოდ 5% მიიჩნევს რუსეთთან ურთიერთობას დადებითად, 85% ამას უარყოფითად აფასებს. ყველაზე დიდი ნდობით პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სარგებლობენ - ორივეს ნდობის 62%-იანი მაჩვენებელი აქვს. მესამე ადგილს თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს 57%-იანი მაჩვენებლით. მეოთხე ადგილს, 56%-ით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყოფენ.