ვინ შეიფარა ადეიშვილი? - ინტერპოლი კეზერაშვილის ძებნასაც შეწყვეტს?!
"ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზურაბ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის გაუქმების ძირითად საფუძვლად ქართული მხარისათვის უცნობი ერთ-ერთი სახელმწიფოს მიერ მისთვის მინიჭებული ლტოლვილის სტატუსი მიუთითა", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების განმარტებითვე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ადეიშვილის საერთაშორისო ძებნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ ქართული მხარისგან დამატებითი არგუმენტაცია ან დოკუმენტაციის წარდგენა არ მოუთხოვია. მთავარი პროკურატურა არ აკონკრეტებს, რომელმა ქვეყანამ მიანიჭა ადეიშვილს ლტოლვილის სტატუსი.
დეტალების გასარკვევად ადეიშვილის ადვოკატ ოთარ კახიძეს დავუკავშირდით: - კონკრეტულ ქვეყანას, სად მიიღო ზურაბ ადეიშვილმა პოლიტიკური თავშესაფარი, ვერ დაგისახელებთ, თუმცა, წითელი ცირკულარით ძებნის შეწყვეტის მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა. საქმეში მისი დევნის გასაგრძელებლად საკმარისი მასალა არ იყო.
- გაუგებარია, თუ საკმარისი მასალები თავიდანვე არ არსებობდა, ინტერპოლმა ზურაბ ადეიშვილი ძებნილთა სიაში რატომ ჩასვა?
- მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგ მასალები წარუდგინა, ჩვენი კორესპონდენციაც წარვადგინეთ. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. როგორც ჩანს, ეს საკმარისი აღმოჩნდა...
- ადეიშვილის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ "თბილისის განვითარების ფონდიდან" თანხები "ნაციონალური მოძრაობის" დასაფინანსებლად პირადად "გადაქაჩა".
- ამ დოკუმენტს სამართლებრივი ძალა არა აქვს, ის სასამართლომ მტკიცებულებად არ მიიჩნია...
- სად არის დღეს ზურაბ ადეიშვილი?
- ზურაბ ადეიშვილი რეფორმების გატარებაში ეხმარება უკრაინის მთავრობას. მას მრჩევლის სტატუსი აქვს, ვერც იმას დაგიდასტურებთ, რომ პოლიტიკური თავშესაფარი უნგრეთმა მიანიჭა.
ადეიშვილს საქართველოში ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების ბრალდებით დაუსწრებლად წაუყენეს. მას ასევე ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოცირების ორგანიზება.
ინტერპოლმა წითელი ცირკულარით ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის ძებნა ერთდროულად დაიწყო. ორგანიზაციის ვებგვერდზე კეზერაშვილი კვლავ ძებნილადაა მოხსენიებული, თუმცა, როგორც ოთარ კახიძე ამტკიცებს, წითელი ცირკულარით ძებნილთა სიაში მალე დავით კეზერაშვილსაც აღარ ვიხილავთ. პოლიტიკური თავშესაფრის მიღება არის თუ არა საკმარისი იმისთვის, რომ ინტერპოლმა კონკრეტული პირის ძებნა შეწყვიტოს, ამის გასარკვევად იურისტ ლევან ალაფიშვილს დავუკავშირდით: "იმისათვის, რომ პირის ძებნის პროცედურა შეწყდეს, ერთ-ერთი საფუძველი პოლიტიკური თავშესაფრის მიღებაა, რის შესახებაც ინიცირებას თავად დევნილის სტატუსის მიმცემი სახელმწიფო ახორციელებს. სავარაუდოდ, ზურაბ ადეიშვილს დევნილის სტატუსი უნგრეთმა მიანიჭა და ამ პროცესის შეჩერების რესურსი საქართველოში არავის ჰქონდა. სამწუხაროა, რომ კიდევ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულებას პოლიტიკური მოტივაცია აქვს.
როგორც ჩანს, პროკურატურას არ ჰქონდა საკმარისი მასალები იმისთვის, რომ ინტერპოლისთვის დამატებითი დოკუმენტაციაც წარედგინა".
ექსპერტი გია ხუხაშვილი: - პროკურატურამ ჩათვალა, რომ პოლიტიკური თავშესაფრის მიზეზით ზურაბ ადეიშვილისთვის წითელი ცირკულარიდან ამოღება მისთვის შემამსუბუქებელი გარემოებაა, არადა, ამით ადეიშვილს დაუდასტურეს, რომ ის საქართველოდან თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებოდა.
პროკურატურამ ვერ მოახერხა იმ ქვეყნებისთვის ახსნა-განმარტებების მიწოდება, რომლებმაც ზურაბ ადეიშვილის საქმეში ეჭვი შეიტანეს, თუმცა, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროკურატურაში კი არ არის პრობლემა, პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებსაც ეკისრებათ. არსებობს ადეიშვილის გამოკითხვის ოქმი. რატომ არ იყენებს ამ კოზირს ხელისუფლება?
თუ ხელისუფლებამ ასე გააგრძელა, შესაძლოა, ინტერპოლმა ძებნა კეზერაშვილზეც შეწყვიტოს. ჩემი აზრით,
ინტერპოლის ამ გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი როლი ევროპარლამენტში მიღებულმა რეზოლუციებმა ითამაშა, რაც სწორედ მმართველი გუნდის დანაშაულია. ყველაფრის მიუხედავად, არც პროკურატურის განცხადებაა ლოგიკური, რომ ზურაბ ადეიშვილი წითელი ცირკულარით პოლიტიკური თავშესაფრის გამო არ იძებნება. შეგვიძლია დავასახელოთ მაგალითები, როცა კონკრეტულმა პირებმა სხვა სახელმწიფოსგან თავშესაფარი მიიღეს, მაგრამ ინტერპოლის სიაში მათ გვარებს მაინც იპოვით, მაგალითად, ბასილია და კოდუა. შეთქმულების თეორიებზე საუბარი არ მინდა, მაგრამ ფაქტია, პრობლემა ქვეყნის შიგნითაც არსებობს, რადგან ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ გამამართლებელი განაჩენები ქართულ სასამართლო დარბაზებშიც მრავლად ვიხილეთ.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვიღაც საქმეებს შეგნებულად ანგრევს და შედეგად, აბსურდის თეატრს ვიღებთ.
შესაძლოა, ნაცვლიშვილი და კბილაშვილი სცოდავდნენ, მაგრამ ისინი პროკურატურაში უკვე წელიწად-ნახევარია აღარ არიან.
კითხვას ვსვამ: დღეს ვინ აჩერებს საქმეებს? ცუდი კომბინაციები თამაშდება, ყველაფერი აბსურდამდე მივიდა და თავდაყირა დადგა.
ვინ შეიფარა ადეიშვილი
პროკურატურამ ინტერპოლს ზურაბ ადეიშვილის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების თაობაზე შუამდგომლობით 2013 წლის 10 იანვარს მიმართა, ადეიშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა კი 2013 წლის 14 ნოემბერს გამოცხადდა. 2013 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადეიშვილი უნგრეთში ცხოვრობს და ამ ქვეყანაში თავშესაფრის მიღების პროცედურებიც საქართველოდან გამგზავრებისთანავე დაიწყო. სხვა ვერსიით, ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი უკრაინამ მიანიჭა.
"რუხი კარდინალის" აღიარება
გთავაზობთ გამოკითხვის ოქმს, რომელიც უნგრეთში ადვოკატმა გიზო უგლავამ შეადგინა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ხელმოწერით სასამართლოში წარადგინა: "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხის აქტუალურობა. დაფინანსების საკითხზე ზრუნვა 2011 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყე. რამდენადაც თბილისი წარმოადგენდა საარჩევნო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვან რეგიონს, თბილისის პარტიული ორგანიზაციის დაფინანსება მიმაჩნდა პირველი რიგის ამოცანად. გადავწყვიტე, “"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის უბნის უფროსებისა და კოორდინატორების დაფინანსებისთვის გამოყენებული ყოფილიყო თბილისის განვითარების ფონდის სახსრები. 2011 წლის შემოდგომაზე შევხვდი თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე გიორგი საბანაძეს, რომელთანაც დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. ვუთხარი, რომ “თბილისის განვითარების ფონდის” სახსრებიდან მოეხდინა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის დაფინანსება. ამასთან, გავაფრთხილე, რომ ამის შესახებ არავისთვის, მათ შორის, არც თბილისის მერისთვის და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიგი უგულავასთვისაც არ ეთქვა. მე გიორგი საბანაძისგან მივიღე თანხმობა და მან გამოთქვა მზადყოფნა ჩემი შეთავაზებისამებრ განეხორციელებინა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის დაფინანსება. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ თემაზე მე გიგი უგულავასთან არასოდეს მქონია საუბარი", - ნათქვამია ადეიშვილის გამოკითხვის ოქმში.
რუსუდან შელია